„უძველესი ისტორია, არა მარტო საამაყოა,
იგი, მისი მემკვიდრეთათვის,
მძიმე ტვირთი და სათუთად სატარებელია!“
David Koblenz
31 მარტი-პირველი აპრილი
თბილისი-დიდი თონეთი-წალკა-დაშბაში
კარგა ხნის წინ დაგეგმილი, აღდგენა-რესტავრაციისთვის მოსამზადებელი ტაძრების დათვალიერება ქვემო ქართლში, 31 მარტს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის და მისი პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს მივუძღვენით!
მზიანმა ამინდმაც ხელი შეგვიწყო და დილიდანვე გავუდექით გზას შპს „საინჟინრო გეოლოგიის“ სპეციალისტთა ჯგუფთან ერთად ბატონი ნუგზარ გოგუას და მაკა მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით.
მეგზურობას, „ჯიპიეს-ნავიგატორით“ ხელში, ჯგუფის ყველაზე უმცროსი წევრი, გუგა გოგუა, ყოველ მორიგ ძეგლთან მისულებს, ინტერნეტიდან ამოკრებილი თარიღების და საინტერესო ისტორიების მოყოლით, სახალისო გიდობას გვიწევდა.
ასე მივადექით დიდ თონეთში, „წმინდა გიორგის“ ნაეკლესიარს, რომელსაც ნათლად ეტყობოდა, რომ ჟამთასვლას და მომხვდურ მტერს იმდენი ვერაფერი დაეკლო, რამდენიც ბოლო ათწლეულების მანძილზე ადგილობრივ ურწმუნოთა ხელუკუღმართობას!
მიუხედავად ნანახისა, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, ტაძრის შიგნით ჩახერგილი და მის გარშემო მიმოფანტული საუკუნეებგამოვლილი ქვები, თავიანთ ადგილებს დაუბრუნდება (ისევე, როგორც მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე რამდენიმე თვით ადრე, ინგლის-ამერიკის ბომბდამშენების მიერ დანგრეულ დრეზდენში „ჩვენი ძვირფასი ქალების ტაძრის“ რესტავრაციისას მოხდა) და აღდგება იგი, ქრისტიანობისკენ მიბრუნებული ადგილობრივების გასახარად.
საოცარია, ეკლესია მონასტრების, ან მათი ნანგრევების და საძირკვლების გარდა, ძველი ნამოსახლარების კვალიც კი არსად ჩანს... იქნებ მათი გამოჩენა სხვა ეტაპია და იგი არქეოლოგების საქმეა?
იმედი ვიქონიოთ მათი ჯერიც დადგება, ქვეყნის და მისი ისტორიის ერთგული ისეთი მოამაგეების ხელში, როგორიც შპს „საინჟინრო გეოლოგია“ და „ბიჯი პლიუსის“ გამოცდილი, არქეოლოგ-რესტავრატორები (ქეთევან ჩიხაძე, ამირანი უგრეხელიძე, ჯიმშერ ჯიმშერაშვილი) არიან!
ჩვენი პირველი გაჩერება „დიდი თონეთი“ თბილისთან ახლოსაა და ბატონ ნუგზარს შევთავაზე:
- ჩემი თხოვნა არ დაგავიწყდეთ, როცა რესტავრაცია დაიწყება, იმედი მაქვს შავი მუშები დაგჭირდებათ, ჩვენი გუნდი ითავებს ამ საქმეს სხვებს ნუ შეაწუხებთ -მეთქი!
პირობა მივიღე და პირობის დათქმის ადგილი და თარიღიც ჩავინიშნეთ:
„დიდი თონეთი „კვირაცხოვლობის მე-10 საუკუნის დარბაზული ეკლესია“ 01.04.2023“
...ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე, უმრავი ეკლესია-მონასტერი აშენდა თბილისში, ზოგადად საქართველოში.
- ასევე, უამრავი, საქართველოს მტერ და ქარცეცხლგამოვლილი, ჟამთასვლის ამარა მიტოვებული ციხე-გალავანი და ნაეკლესიარი ელოდება ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეკლესიებს მიძალებულ (მათ შორის გამდიდრებულ) მრევლს, მაგრამ იშვიათი გამონაკლისის გარდა, სამწუხაროდ, მათკენ პირი არავის უქნია!
ჩვენ კი, არასოდეს დაგვზარებია იმ „იშვიათებს“ დავდგომოდით გვერდში, რომ, სადაც უფლის გარდა ვერავინ ნახავს, ვინ ქნა სიკეთე, აღდგენილი ციხე-გალავნის თუ ეკლესია-მონასტრის სახით, ტურისტად თუ სალოცავად მოსულს რომ დახვდება.
- ჩემო ძვირფასებო, ნუ დამძრახავთ, რომ შემთხვევას არ ვუშვებ ხელიდან და მოგიწოდებთ:
- ვისაც კეთილი საქმის უხმაუროდ კეთება განიჭებთ სიამოვნებას და სხვისი გახარებული თვალები გაბედნიერებთ, დავირაზმოთ და აღვადგინოთ ისტორიის და კულტურის ის ძეგლები, რომლებსაც ჟამთასვლა გაქრობას უპირებს, აღდგენილს კი ვერავინ დაეპატრონება და კერძო საკუთრებად ვერ აქცევს!
სწორედ ასეთი ადგილების გასაცნობად იქნა არჩეული, - დიდი თონეთის კვირაცხოვლობის მე- XI საუკუნის დარბაზული ეკლესია, წალკის მე- X საუკუნის „ღვთისმშობლის“ და დაშბაშის „წმინდა გიორგის“ X-XI საუკუნეების მტერ-მომხვდურისგან, ჟამთასვლისგან და ზოგიერთი მტრადშემოსახლებულისგან ხელყოფილი ტაძრები და ნატაძრალები.
გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული, თითქმის არ დამრჩენია ისტორიული ღირებულების ძეგლი საქართველოში, შეხება არ მქონოდა, განსაკუთრებით კი ჯავახეთში.
ჩემში ყოველთვის გაკვირვებას იწვევდა „გუმბათმორღვეული“ ეკლესიების სიმრავლე არაქართული ეთნოსით დასახლებულ რეგიონებში და საეჭვოდ მეჩვენებოდა, რომ მათი ამ მდგომარეობაში ყოფნა ბუნების სტიქიაზე, ან თუნდაც საქართველოში საძარცვავად მოლაშქრე მტრისთვის დამებრალებინა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის (ყოფილი ბოგდანოვკა) სოფელ კუმურდოში მდებარე ამავე სახელწოდების - კუმურდოს მე-X საუკუნის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი აღმიძრავდა გაუნელებელ ეჭვებს „გუმბათმორღვეულობის“ მიზეზებზე. იგი არასოდეს ყოფილა ჩემთვის მხოლოდ სტიქიის ან მტერმომხვდურის ნამუსრალის შედეგი; არაფერს ვამბობ საუკუნეების წინანდელი წარწერების გაქრობაზე, ან კიდევ, არაიშვიათად, მათ ადგილზე სხვათა ენაზე გაჩენილ წარწერიან ქვებზე... მე მაინც „გუმბათმორღვეული“ ტაძრები არ მასვენებდა, გუმბათის მორღვევის გარდა, კედლებს შიგნით მრავალსაუკუნოვანი კედლის მხატვრობის კვალი რომ ვერ გაექრო საუკუნეებს და ავდარს.
მრავალმა წელმა განვლო მას შემდეგ...
ჩვენი მოგზაურობის შემდეგი გაჩერება წალკის (ისტორიული „ეძანი“) ცენტრში მდებარე, მე-X საუკუნის „ღვთისმშობლის“ სახელობის ეკლესიაა.
(ვიკიპედიაში ვკითხულობათ: „წალკა მდებარეობს ისტორიული თრიალეთის ტერიტორიაზე. მისი ძველი სახელია ეძანი. ადრე აქ იდგა 6 ეკლესია, რომელთაგან აღსანიშნავია ეძანის მე-VI საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა, რომლის შუა ეკლესიის აღმოსავლეთ სარკმლის ქვეშ მოთავსებული იყო სტელის სახის რელიეფი და ექვსსტრიქონიანი წარწერა. მეორე ეკლესია X საუკუნისაა. აქ უნდა ყოფილიყო წალკის საეპისკოპოსოს საკათედრო გუმბათოვანი ტაძარი. მე-X-XV საუკუნეებში წალკა თრიალეთის რელიგიურ-ადმინისტრაციული ცენტრი იყო. აქ იჯდა ეპისკოპოსი წალკელი.
მე-XIX საუკუნის პირველ ნახევარში წალკაში დასახლდნენ ბერძნები. მათ დაშალეს და სამშენებლოდ გამოიყენეს ძველი ეკლესიები. ამავე დროს დაიკარგა წალკის ეკლესიის წარწერა. 1932 წლამდე დასახლებას ეწოდებოდა ბარმაქსიზი. 1932 წელს ეწოდა წალკა.“ )
1911-19 წლებში, წალკაში (1828-30წ.წ.) ჩამოსახლებულ ბერძნებს, სომხებისგან განსხვავებით, მე-X საუკუნის „ღვთისმშობლის“ ეკლესიის გვერდით, საკმაოდ დიდი ზომის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აუშენებიათ.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს დადებითი მოვლენა იყო იმ დროისთვის, რადგან ბერძნებს, არ უცდიათ არსებული ათასწლოვანი ქართული ეკლესია თავისად გამოეცხადებინათ, მაგრამ ქართული სალოცავი მაინც ვერ გადაურჩა უცხოთა ხელყოფას და ახალაშენებული ეკლესიის შემოგარენის კეთილმოწყობის გამო იგი სანახევროდ მიწაში აღმოჩნდა.
იმდენად თვალშისაცემია ეს გარემოება, უნებურად იბადება კითხვა:
- რამ განაპირობა ეს ამბავი, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია?
ეკლესია-მონასტრების ხელყოფით ჩვენ ვინ გაგვაკვირვებს, დღეს მითუმეტეს, როცა ქრისტიანულ რელიგიას ე.წ. „გლობალური ცივილიზაცია“ ებრძვის, მაგრამ ტაძრისთვის საჟენობით მიწა მიეყაროთ, მე პირადად წალკაში ვნახე პირველად!
ბუნებრივია, მეც და სხვასაც საუკუნის წინ მომხდარის მიზეზი აინტერესებს, რაც არც მეტი, არც ნაკლები, ორ ნაგებობას შორის არსებული სიმაღლეთა სხვაობები ყოფილა, რომელიც იმდროინდელი „ტრანსპორტის სადგომის“ მოწყობას უშლიდა ხელს და ამიტომაც, სხვაგან გადატანას ათასწლოვანი ქართული ტაძრისთვის მიწის მიყრა ამჯობინეს, სომხების დარად მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ეძანში (წალკა) ჩამოსახლებულმა ბერძნებმა და ეკლესიის მშენებლებმა!
ჩვენი ბოლო გაჩერება, წალკის კანიონის ბოლოში მდებარე სომხებით დასახლებულ სოფელი „დაშბაშია“, სადაც, - კლდის ქიმზე აშენებულ წმინდა გიორგის X-XI საუკუნის, ნატიფი სამშენებლო ხელოვნებით ნაშენ მცირე ზომის ტაძარს, გუმბათი აკლია თავდაპირველი სიმშვენიერის შესავსებად!
ამ, ბუნებისა და ადამიანის ხელოვნების საოცარმა ჰარმონიამ, თითქოს მაჩვენა და ხმოვანი პასუხიც გამცა კითხვაზე ქართული ეკლესიების საეჭვო „გუმბათმორღვეულობის“ შესახებ.
დროებით აქ დავსვათ წერტილი და კიდევ ერთ, საინტერესო ისტორიას გადავავლოთ თვალი, რაც დაშბაშში სტუმრობამ მიკარნახა.
მე-19 საუკუნეში, თითქმის ერთდროულად მოხდა ბადენ-ვიურტემბერგიდან გერმანელების, თურქეთიდან კი სომხების ჩამოსახლება. ამ თემაზე ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დავიწყე მუშაობა და ბევრ საინტერესო ისტორიასთან ერთად, ჩამოსახლებულთა სამწუხარო და გულდასაწყვეტი თავგადასავლები მომიგროვდა.
„დაშბაში“ - ადგილის თურქული დასახელებაა, რომელიც პასკევიჩის მიერ თურქეთიდან სომხების ჩამოსახლების შემდეგ დაერქვა ქართულ ნასოფლარს და თურქულად „კლდის თავს“ (კ.მეტრეველი, პუბლიცისტი, მკვლევარი, სამცხე-ჯავახეთის და თრიალეთის ჟამთაღმწერელი „წალკის კანიონის თაობაზე“) ნიშნავს.
სოფელი მთლიანად სომხებითაა დასახლებული, ქართული მხოლოდ X-XI საუკუნეების წმინდა გიორგის სახელობის ტაძარია, რომელსაც ადგილობრივები, როგორც წესი, შემთხვევით გამვლელ სტუმარს სომხურ ძეგლად აცნობენ.
უფრო მეტიც, „წალკის კანიონსაც“ არა მხოლოდ ადგილობრივები, სტუმრად ჩამოსულთათვის ქართულ-ინგლისურად გაფორმებული საექსკურსიო ბანერები „დაშბაშის კანიონად“ სთავაზობენ.
ანაზდად შაჰ-აბასის მიერ საქართველოდან აყრილი და ფერეიდანში გადასახლებული ქართველები და მათ მიერ დაარსებული ქართული ახალშენები გამახსენდა:
„ზემო მარტყოფი, ქვემო მარტყოფი, ჩუღურეთი, რუისპირი, ვაშლოვანი და სხვა...“
საკუთარ სამშობლოს მოწყვეტილ ქართველს აზრად არ მოსვლია, უცხო ქვეყანაში ჩასახლებულს, ახალშენისთვის არამცთუ სხვათა ენაზე, არაქართული სახელი ეწოდებინა!
სამშობლოდან აყრილებმა, უცხოობაში, ქართული ტოპონიმები გაიყოლეს თან!
ბუნებრივია, მკითხველი იკითხავს:
- რატომ თურქული „ტაშ ბაში“?!
- ვინ იყვნენ ისინი, ვინაც მე-19 საუკუნის ოცდაათიან წლებში გენერალმა პასკევიჩმა გადმოასახლა სამცხე-ჯავახეთსა და თრილეთში?
...ზემოთ ვახსენე, თითქმის ერთდროულად ჩამოასახლეს სომხები სამცხე-ჯავახეთში, გერმანელები ბოლნისში, ასურეთში... მაშინდელი რუსეთის უზარმაზარი იმპერიის ტერიტორიაზე, მათთვის უცნობი კავკასიის პროვინციაში მოხვედრილებს ახალშენებისთვის გერმანული სახელები რომ დაერქმიათ გასაკვირი არ არის და ასე გაჩნდა ექვსი გერმანული კოლონია:
- ელიზაბეტტალი, კატარინენფელდი, ალექსანდერდორფი, მარიენფელდი, პეტერსდორფი, ნოიტიფლისი.
გერმანელები სხვის ნასახლარებზე არ დასახლებულან, არც სხვისი სალოცავები დაუჩემებიათ თავისად. მეტი წილი, „ცივ ქვაზე დასახლება“ ჰქვია იმ ადგილებს, სადაც მათ ახალშენები გამართეს და მარტივი თავშესაფრის მოწყობის შემდეგ, ყველა დასახლებაში სამეურნეო საქმიანობის დაწყებასთან ერთად, სალოცავების მშენებლობას შეუდგნენ.
ბადენ-ვიურტემბერგიდან გამოქცეულებს, აქ, არც „მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარება და არც რელიგიურ პრობლემები“ არ ემუქრებოდათ, რასაც ისინი თავიანთი სამშობლოდან გამოექცნენ. შრომისმოყვარე და კანონმორჩილ გერმანელებს, კარგი ცხოვრების მოწყობისთვის ყველა პირობა ჰქონდათ, რაც მათ მაქსიმალურად გამოიყენეს.
რომ არა ფაშიზმის მიერ კაცობრიობას თავსდატეხილი ტრაგედია და მეორე მსოფლიო ომი, რომელიც გერმანელების ყოფასაც შეეხო საქართველოში, ადვილი წარმოსადგენია, თუ რა დონეს მიაღწევდა გერმანულ-ქართული საქმიანი და მშვიდობიანი ურთიერთობა და თანაცხოვრება, რომლის ნაშთები დღესაც განუმეორებელ შთამბეჭდილებას ახდენენ მნახველებზე.
არსებითად განსხვავებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როცა „დაშბაშზე“ ვსაუბრობთ!
როგორც ისტორიიდანაა ცნობილი, 1828 წელს, რუსეთის იმპერიის გენერალმა პასკევიჩმა 30.000 სომხური წარმოშობის ადამიანი სიკვდილს გამოარიდა თურქეთიდან და სამცხე-ჯავახეთსა და თრიალეთში გადმოასახლა. იმ დროისათვის გამუდმებული ომებისგან გამეჩხერებულ, ადგილობრივ ქართულ მოსახლეობას, თანადგომის იმედად უნდა მოვლენოდა თავშესაფრის მაძიებელი, სიკვდილს გამოქცეული თურქმანი სომეხი, მაგრამ შემდგომმა მოვლენებმა ბევრი არასასურველი და მოულოდნელი ფაქტები გამოავლინა... სხვა დანარჩენ სათაკილო ჩვევებთან ერთად, მათ თურქულისადმი მიდრეკილება ჩამოჰყვათ, რაც ახალშენების და ქართული ნასოფლარების თურქული ტოპონიმებით შეცვლაში გამოიხატა.
ასე გაჩნდა, „თრიალეთის ახალქალაქის“ ნაცვლად _ თურქული „ტაშ ბაში“ (კ.მეტრეველი, მკვლევარი-პუბლიცისტი „წალკის კანიონის თაობაზე“) ჩვენამდე „დაშბაშის“ სახელით მოღწეული.
უძველესი ქართული დასახლებების და გეოგრაფიული ადგილების სახელების ნაცვლად, თურქულენოვანი ტოპონიმების დამკვიდრება (ბოლო პერიოდში მათი გასომხურებაც), არაერთგზის მეორდება ახალქალაქის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების სოფლებსა და გეოგრაფიული ადგილებში. თემა უაღრესად მნიშვნელოვანია, მას ვრცლად და დაწვრილებით სხვა დროს მივუბრუნდებით.
ამჯერად „წალკის კანიონზე“ და „დაშბაშზე“ შევჩერდეთ.
მოვუსმინოთ ბატონ კუკური მეტრეველს:
„გეოგრაფიული და ისტორიული ადგილების სახელდება მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საქმეა, რადგან თითოეული ტოპონიმი ხშირად მთელი ისტორიის მატარებელია და წარმოადგენს ამა თუ იმ ისტორიული ობიექტის თავისებურ პასპორტს, საუკუნეების განმავლობაში სახეცვლილი ან უცვლელი სახით მოღწეულს ჩვენამდე, რომელიც აზუსტებს ობიექტის ეთნიკურ-ეროვნულ და სახელმწიფოებრივ კუთვნილებას, საწყისი სახელდებიდან დღემდე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამა-თუ იმ ტოპონიმის სწორი ფორმის შენარჩუნება, დამახინჯების ან დაკარგვის შემთხვევაში მის აღდგენა- დამკვიდრება. მიუხედავად იმისა, რომ ამა თუ იმ ისტორიული ტოპონიმის აღდგენა ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში გარკვეულ უხერხულობას უქმნის ოფიციოზს და დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ძალიან საშური საქმეა და აუცილებელია სიფრთხილით, მაგრამ სისტემატურად მათი თანმიმდევრულად განხორციელება.“
შენიშვნა უთუოდ ყურადსაღებია, მაგრამ არა იმ შემთხვევაში, როცა სომხები მსოფლიოს გასაგონად აცხადებენ „სომხების გენოციდზე თურქეთში“, რომ ამის გამო მოხდა მათი დეპორტაცია თურქეთიდან და თანადგომას ითხოვენ გენოციდის აღიარებაში. ამ დროს, დეპორტირებულ სომხებს ჩამოყოლილი თურქული სახელების, ორიგინალი ქართული ტოპონიმებით შეცვლა ვინმეს გაღიზიანებას არ უნდა იწვევდეს და „სარისკო“ არ უნდა იყოს!
დავუშვათ და თუ ეს მაინც „სარიკოა“, მაშინ, დღევანდელი ადგილობრივი მაცხოვებლები ეჭვის ქვეშ აყენებენ თავიანთ წარმომავლობას!
ეს მომენტი, არა მარტო ქართველისთვისაა მნიშვნელოვანი და იგი ქართულ-სომხურ სადისკუსიო მაგიდაზეა დასადები!
ისევ ბატონ კუკური მეტრეველს მოვუსმინოთ:
„ტოპონიმი „დაშბაში“ წალკაში გაჩნდა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში. პასკევიჩის მიერ არზრუმიდან და ბაიაზეთიდან აქ ჩამოსახლებულმა სომხებმა, რომლებიც მაშინ ძირითადად თურქულად მეტყველებდნენ, ქართველებისგან იმხანად სრულად დაცლილ სოფელს, რომელიც კლდის თავზე მდებარეობდა, დაარქვეს თურქული სახელი „ტაშ ბაშ“, რაც ქართულად „კლდის თავს“ ნიშნავს. მაშინ როცა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ქართული სოფელი - ახალქალაქი, რომლის გაქალაქებაც ემთხვევა IX-XI საუკუნეებში თრიალეთი-ჯავახეთის მიმართულებით უმნიშვნელოვანესი საქარავნე გზების გადანაცვლებას, ვაჭრობის გაცხოველებას და ქვეყნის ინტენსიური განვითარების ფონზე ახალი ქალაქების გაჩენას. ქვეყნის განვითარების ეს ისტორიული პერიოდი „ახალ ქალაქობის“ სახელითაცაა ცნობილი. აქედან მოყოლებული თრიალეთის ახალქალაქი, როგორც ფეოდალური საქართველოს მნიშვნელოვანი ობიექტი, ჯერ კლდეკარის ერისთავების ბაღვაშების საგვარეულო სადგომ, სარეზიდენციო ადგილად გადაიქცა (სოფელში დღემდე შემორჩენილი ორი ტაძარი ერისთავთერისთავის რატი ბაღვაშის დროსაა აგებული), ხოლო შემდგომ, მუდმივად თრიალეთის ერისმთავრების, საბარათიანოს მმართველთა და სპასალართა საჯდომი ადგილი იყო.“
სამწუხაროდ, მარტო თურქული „დაშბაში“ არ არის აქაური პრობლემა!
სტატიის დასაწყისში, არაქართული ეთნოსით დასახლებულ ტერიტორიებზე „გუმბათმორღვეული“ ეკლესიები ვახსენე. იგი არანაკლებ მტკივნეული და მნიშვნელოვანია, ვიდრე უძველესი ქართული ტოპონიმების ხელყოფა...
(გაგრძელება იქნება)