ივერიონი / წალკის კანიონის თაობაზე

წალკის კანიონის თაობაზე

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო „ივერიონი“

ბატონ ზაურ ნაჭყებიას

 

ბატონოო ზაურ, 

 

„წალკის კანიონზე“ და ქართული ტოპონიმების თურქული დასახელებებით ჩანაცლებაზე სტატიის გამოქვეყნებამ, ოცდათხუთმეტი წლის წინანდელი, სამცხე-ჯავახეთის მაშინდელი პრობლემები (სამწუხაროდ, დღეს ბევრად უარესი მდგომარეობაა)  შემახსენა და ფიქრები ამიშალა. 

 

სტატიაში, _ „კ.მეტრეველი, პუბლიცისტი, მკვლევარი, სამცხე-ჯავახეთის და თრიალეთის ჟამთაღმწერელი“ ბოლო სამი ათეული წლის მანძილზე უამრავი ისტორიული კვლევის და სამი წიგნის ავტორი“ ვახსენე. 

 

ბატონ კუკური მეტრეველს საგანგებო წარდგინება არ სჭირდება უცხოტომმოჭარბებული სამხრეთ საქართველოს ისტორიით დაინტერესებული მკითხველის წინაშე, მაგრამ, რადგან მისი სტატია „წალკის კანიონის თაობაზე“ პირველად ქვეყნდება „ივერიონში“ ორიოდე სიტყვით შევახსენე მკითხველს მისი ნაღვაწის შესახებ.

 

დარწმუნებული ვარ, ბატონი კუკური მეტრეველის თანამშრომლობა „ივერიონთან“ ნაყოფიერად გაგრძელდება მომავალში და ბევრ საინტერესო მასალას ვიხილავთ, საქართველოს ძირძველი და უმდიდრესი ისტორიის მქონე კუთხიდან.

 

დ. ქობალია

 

 

 

 წალკის კანიონის თაობაზე

 

გეოგრაფიული და ისტორიული ადგილების სახელდება მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საქმეა, რადგან თითოეული ტოპონიმი ხშირად მთელი ისტორიის მატარებელია და წარმოადგენს ამა თუ იმ ისტორიული ობიექტის თავისებურ პასპორტს, საუკუნეების განმავლობაში სახეცვლილი ან უცვლელი სახით მოღწეულს ჩვენამდე, რომელიც აზუსტებს ობიექტის ეთნიკურ-ეროვნულ და სახელმწიფოებრივ კუთვნილებას, საწყისი სახელდებიდან დღემდე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამა თუ იმ ტოპონიმის სწორი ფორმის შენარჩუნება, დამახინჯების  ან დაკარგვის შემთხვევაში მისი აღდგენა დამკვიდრება. მიუხედავად იმისა, რომ ამა თუ იმ ისტორიული ტოპონიმის აღდგენა ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში გარკვეულ უხერხულობას უქმნის ოფიციოზს და დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან, სახელმწიფოებრივი ინტერსებიდან გამომდინარე ძალიან საშური საქმეა და აუციებელია სიფრთხილით, მაგრამ სისტემატურად მათი თანმიმდევრულად განხორციელება.

 

მისასალმებელია, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ წალკის მუნიციპალეტის ბერძნებით დასახლებული სოფლებიდან  ბერძენი მოსახლეობის მასიური იმიგრაციის გამო მათი გამოთავისუფლებული სახლების ნაწილში ქართული მოსახლეობის ჩასახლების შემდეგ ბევრ სოფელს (არა ყველას) დაუბრუნდა ისტორიული ქართული სახელი. მაგრამ პროცესი არ, თუ ვერ  შეეხო სომხებით დასახლებულ სოფლებს და ისეთ გლობალურ ტოპონიმებს, როგორებიც მთები, ტბები, მდინარეები, ხეობები და  სხვაა. სამწუხაროდ პროცესმა განვითარება ვერ ჰპოვა და პირიქით ბოლო წლებში  საჯარო რეესტრში მათი რეგისტრაცია - დაკანონება მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არზრუმიდან და ბაიაზეთიდან გადმოსახლებული სომხების და ბერძნების მიერ  ხელოვნურად შერქმეული  ან თურქულად გადათარგმნილი ქართული სახელების მიხედვით მოხდა. სწორედ მათ რიცხვშია ე. წ. „დაშბაშის კანიონი“, რომელიც ბუნების ძეგლადაა აღიარებული და ალგეთის დაცულ ტერიტორიების მიეკუთვნება. სავარაუდოდ კანიონის ამ სახელით დარეგისტრირებაში თავისი როლი ითამაშა ჯერ კიდევ 1982 წელს გამოცემულ „საქართველოს წითელ წიგნში“ დაშბაშის სახელით შეტანამ. 

 

მიუხედავად იმისა, რომ მანამდე მაშინდელ გეოგრაფიულ საზოგადოებაში ეს ობიექტი წალკის კანიონის სახელით იყო ცნობილი, გეოგრაფ მარუაშვილის წარდგინებით, რატომღაც დაშბაშის სახელით იქნა მაინც შეტანილი.  საბჭოთა პერიოდში ასეთი შეცდომის (ან გამიზნული გადაწყვეტილების)  დაშვება გასაკვირი სულაც არაა, მაგრამ ეროვნული სახელმწიფოს პირობებში ასეთი უნუკალური ობიექტის თურქიზებული  სახელით დარეგისტრირება და პოპულარიზაცია  ყოვლად გაუმართლებელია და აუცილებელია შეცდომის გამოსწორება.  

 

ტოპონიმი  “დაშბაში” წალკაში გაჩნდა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში. პასკევიჩის მიერ არზრუმიდან და ბაიაზეთიდან აქ ჩამოსახლებულ სომხებმა, რომლებიც მაშინ ძირითადად თურქულად მეტყველებდნენ,  ქართველებისგან იმხანად სრულად დაცლილ სოფელს, რომელიც კლდის თავზე მდებარეობდა დაარქვეს თურქული სახელი „ტაშ ბაშ“ რაც  ქართულად „კლდის თავს“ ნიშნავს. 

 

მაშინ, როცა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ქართული სოფელი- ახალქალაქი, რომლის გაქალაქებაც  ემთხვევა IX-XI საუკუნეებში თრიალეთი-ჯავახეთის მიმართულებით უმნიშვნელოვანესი საქარავნე გზების გადანაცვლებას, ვაჭრობის გაცხოველებას და ქვეყნის ინტენსიური განვითარების ფონზე ახალი ქალაქების გაჩენას. ქვეყნის განვითარების  ეს ისტორიული პერიოდი „ახალ ქალაქობის“ სახელითაცაა ცნობილი. აქედან მოყოლებული „თრიალეთის ახალქალაქი“ როგორც ფეოდალური საქართველოს მნიშვნელოვანი ობიექტი, ჯერ კლდეკარის ერისთავების ბაღვაშების საგვარეულო სადგომ, სარეზიდენციო ადგილად გადაიქცა  (სოფელში დღემდე შემორჩენილი ორი ტაძარი ერისთავთერისთავის რატი ბაღვაშის დროსაა აგებული), ხოლო შემდგომ მუდმივად თრიალეთის ერისმთავრების, საბარათიანოს მმართველთა და სპასალართა საჯდომი ადგილი იყო.  

 

1392 წელს ახალქალაქი საკათალიკოსო მამულებში მოიხსენიება. ისტორიული წყაროების მიხედვით 1676-1724 წლებში ახალქალაქი სამეფო ქალაქად გადაიქცა, სხვადასხვა დროს მისი მოურავები ბარათაშვილების ფეოდალური საგვარეულოს ერთ-ერთი შტოს წარმომადგენლები გერმანოზიშვილები იყვნენ. გვიანი შუა საუკუნეების პერიოდში ახალქალაქში ისხდნენ საბარათიანოს სარდლები. 

 

1721 წელს სწორედ თრიალეთის ახალქალაქში ჰქონდა სადგომი  გამართული საბარათიანოს მაშინდელ სარდალს ვახუშტი ბატონიშვილს, რომლის ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით ჩატარდა „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“-ი, რის საფუძველზეც შემდგომ მანვე დაწერა იშვიათი  ნაშრომი „საქართველოს გეოგრაფია“. 

 

ასეთი არცთუ მოკლე მიმოხილვა  დაგჭირდა იმიტომ, რომ ვიცოდეთ, თრიალეთის ახალქალაქის „დაშბაშის“ სახელით მოხსენიებით და ახლა უკვე  მასთან კიდევ კანიონის მიბმით ჩვენი წინაპრების ხსოვნასთან და ჩენი ქვეყნის ისტორიასთან ვართ პირდაპირ პასუხისმგებელნი!  

 

ისტორიული მეხსიერბა და სამართლიანობა მოითხოვს, რომ  დღესვე  თუ არა, ახლო  მომავალში მაინც თრიალეთის ახალქალაქს აღვუდგინოთ თავისი ძველი ისტორიული სახელი. 

 

ვიდრე ეს მოხდება, მანამდე მაინც თავი  უნდა შევიკავოთ და დამატებით არ უნდა მოვახდინოთ მისთვის ხელოვნურად შერქმეული, არც თუ ისე ტკბილხმოვანი თურქულენოვანი სახელის „დაშბაშის“ ახლა უკვე კანიონზე მიბმა და ასე დაუფიქრებლად  ტირაჟირება და საქვეყნოდ პოპულარიზაცია!

 

რაც შეეხება კონკრეტულად მდინარე ქციას და ჩვენთვის საინტერესო მის ხრამს, ამის თაობაზე ვახუშტი ბატონიშვილი თავის  „საქართველოს გეოგრაფია“-ში წერს:

 

"ხოლო ამ თრიალეთის საშუალს დის მდინარე ქცია, წოდებული ანუ  დაბის გამო, ანუ ვინაითგან, აქცევს კიდთა, რავდენცა მტკიცე ქვიტკირისა იყოს, მის გამო იწოდა(ვარ., იწოდა "აქცია")... ესე გამოსდის შარვაშეთის მთასა, გამოვლის ნარიანს, თრიალეთს,  ქციის ხრამს და  მიერთვის ხუნანს მტკვარსა, და მარადის დის აღმოსავლეთად, და თრიალეთს მოდის მდორედ, ხოლო ე ძ ან ს დახრამდების, და არს იმიერ და  ამიერ კლდე-ქარაფი და მაღალი..."(ვ. ბატონიშვილი"აღწერა სამეფოსა საქართველოსა" II წიგნი, ქართლი, თბ 1991, გვ.65).

 

მარლაც მდინარე ქცია,  ცხრაწყაროს უღელტეხილთან, შარვაშეთის ქედზე იღებს სათავეს. თავიდან  დაკლაკნილ კალაპოტში  მდორედ მომდინარე მცირე მდინარეა, რომელიც  ჯერ თავკვეთილას მიდამოებში და რეხა-თეზის მონაკვეთზეც დახრამდება, მაგრამ  წალკასთან  შენაკადებით მოძლიერებული გაცილებით ციცაბო და ღრმა ხრამში მიედინება, ამიტომ აქედან მოყოლებული მდინარე ქცია უკვე მდინარე ხრამად იწოდება.

 

მთლიანობაში წალკის კანიონი წარმოადგენს მდინარე ქციის მიერ ვულკანურ ლავებში გამომუშავებულ კანიონისებურ ხრამს, რომელიც იწყება უშუალოდ წალკის აღმოსავლეთით, უხვევს სამხრეთ-აღმოსავლეთით სოფლების დაშბაშის (ახალქალაქი),  კოხტას, ხარებას მიმართულებით და გრძელდება ვიდრე ხრამჰესამდე. ხრამის სიგრძე დაახლოებით 8 კილომეტრია.   მთელი ხრამი ძალაიან საინტერესო და მრავალფეროვანია როგორც ლანდშაფტით, ფერდობებიდან უხვად გამომდინარე მსხვილი წყაროებით, მიკროფლორით და ფაუნით. 

 

გამორჩეულად საინტერესო და ლამაზია ხრამის წალკა-დაშბაშის (ახალქალაქის) მონაკვეთი, რომლის თაობაზე მე-18 საუკუნეში  ვახუშტი ბატონიშვილი წერდა:

 

"...ეძანს ქვევით და ახალქალაქს ზეით გადმოდის ქცია მაღლის კლდიდამ, ვითარცა ღარიდამ. ძირს აქვს ტბა დიდი. ამას ზემოთ ვერ აღვალს ორაგული და დიდნი თევზნი. არამედ არს მას ზემორ კალმახნი დიდნი და მცირენი მრავალნი და გემოიანნი... ჟდ (მე-94) მეფემან ვახტანგ მოინადირა ტბა ესე კირ-საგლითა, და იპყრეს ორაგული, თვინიერ კალმახისა და სხვა თევზთა, მას ერთს დღესა ცხრა ასი.."(ვ. ბატონიშვილი"აღწერა სამეფოსა საქართველოსა" II წიგნი, ქართლი, თბ 1991, გვ.65).  

 

ამ ციტატიდანაც ცხადია და რეალურადაც ჩანს, რომ   დღეისთვის ნაწილობრივ სახეცვლილი წალკის ეს  კანიონი,  იწყება უშუალოდ წალკის აღმოსავლეთით და მთავრდება, თრიალეთის ახალქალაქის (დაშბაშის) ჩრდილოეთით, ბაღვაშების მიერ მე-11 საუკუნეში აგებული ულამაზესი გუმბათოვანი ტაძრის ქარაფებს ქვემოთ. ამიტომ ამ ობიექტის სახელდებისას, თუ რაიმე ახირება არ გვაქვს ლოგიკურად  უპირატესობა უნდა მიენიჭოს მის სათავესთან მდებარე უფრო მსხვილ დასახლებულ პუნქტს წალკას და არა დაშბაშს.

 

ყოველივე ზემოთთქმულის მიხედვით გვაქვს ასეთი მოცემულობა: 

დღევანდელი წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე “ეძანს ქვევით და ახალქალაქს ზეით“ გვაქვს მართლაც უნიკალური კანიონისებური ხრამი, მჩქეფარე წყაროებით და ბუნებრივი თუ ხელოვნური გამოქვაბულებით, რომელზეც ახლა უკვე გრანდიოზული ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო და სულ მალე ქვეყნის მასშტაბით (და ალაბათ არა მარტო ქვეყნის მასშტაბით) ძალიან პოპულარული და ცნობადი ობიექტი იქნება. ვდგავართ არჩევანის წინაშე, რა სახელით მოვახდინოთ მისი სახელდება: 

 

- დავუტოვოთ გასული საუკუნის 80-იან წლებში „საქართელოს წითელ წიგნში“ „შეცდომით“ დაფიქსირებული და რამოდენიმე წლის წინათ სახელმწიფოებრივი ინტერესების გაუთვალისწინებლად,  იმავე დოკუმენტზე დაყრდნობით დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ უკვე ოფიციალურად დარეგისტრირებული არატკბილხმოვანი თურქიზებული სახელი - დ ა შ ბ ა შ ი,

თუ პატივი მივაგოთ ჩვენი სახელოვანი წინაპრების ხსოვნას, ჩვენს ისტორიას და აღვუდგინოთ  ძველი ისტორიული სახელი

- ე ძ ა ნ ი ს ხ რ ა მ ი (კანიონი), ან 

- ე ძ ა ნ ი-ა ხ ა ლ ქ ა ლ ა ქ ი ს კანიონი დავარქვათ,

ან დავანებოთ თავი წიაღსვლებს და დავუბრუნოთ „შეცდომამდე“ ისედაც არსებული სახელი

- წ ა ლ კ ი ს კანიონი?

წ ა ლ კ ა ც ქართული ტოპონიმია (წალიკა, მატიტელას მსგავსი მცენარე. წალიკარი-სოფელი აბაშის რაიონში (ქსე, ტ 11,1987წ.გვ.287), მისი უფრო ძველი ისტორიული სახელი ე ძ ა ნ ი ა (იოანე ბაგრატიონი „ე ძ ა მ ი“-ს ვარიანტსაც გვთავზობს (იოანე ბაგრატიონი, ქართლ-კახეთის აღწერა, თბ. 1986წ.გვ.48

 

 

ლიტ:

1. ვახუშტი ბატონიშვილი“აღწერა სამეფოსა საქართველოსა”, II წიგნი, ქართლი, თბ 1991წ.

2. იოანე ბაგრატიონი, ქართლ-კახეთის აღწერა, თბ. 1986წ.                           

3. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია,ტ 11,1987წ.

4. საქართველოს წითელი წიგნი, თბ. 1982წ.

 

                                                                                                         კუკური მეტრეველი

                                                                                                        პუბლიცისტი, მკვლევარი

 

23-05-2023, 15:19
უკან დაბრუნება