ივერიონი / ზურაბ ლიპარტიას „სტრატეგიული მენეჯმენტი“ - ახალი ტიპის სახელმძღვანელო სტუდენტებისა და მოქმედებებისთვის

ზურაბ ლიპარტიას „სტრატეგიული მენეჯმენტი“ - ახალი ტიპის სახელმძღვანელო სტუდენტებისა და მოქმედებებისთვის

გლობალური განვითარებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გარდაუვალ პროცესებში საწარმოთა მართვის მეთოდების, ტექნიკისა და ტექნოლოგიების შესახებ მყარი ცოდნის მიღება, ანალიზური აზროვნებისა და რესურსების ეფექტიანი გამოყენების უნარების ჩამოყალიბება, სწავლების კომპონენტებსა და ინსტრუმენტებში სიახლეების შეტანა, საგანმანათლებო პროგრამების განახლებაზე მუდმივი ზრუნვა დრიოს უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. საკითხი მით უფრო აქტუალურია საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებისა და ევროგაერთიანებაში გაწევრიანებისკენ სწრაფვის შეუქცევად პორობებში.

 

მსოფლიოს გიგანტი კორპორაციების გამოცდილებიდან ცნობილია და მეცნიერეული კვლევებით დადასტურებულია, რომ კომპანიის განვითარებასა და წარმატებებს სწორად შერჩეული სტრატეგია, მუდმივად ცვლად გარემოებებთან ადაპტირების უნარი და გამართული მენეჯმენტი განაპირობებს.  

 

დამოუკიდებლობის დეკლარირებისა და კერძო საკუთრებით ურთიერთობების გამოცდილების 30-წლიანი პრაქტიკის მიუხედავად, საქართველოში კორპორატიული მართვის კულტურა ჯერ კიდევ ფეხს იდგამს, - ახლა ყალიბდება. მოქმედ საწარმოთა შორის, წარმატებული მსხვილი და ტრანსნაციონალური კომპანიები 1%-აც არ აღემატება, დანარჩენი მიეკუთვნება მიკრო, მცირე და საშუალო კატეგორიებს, რაც მაღალი რანგის მენეჯერების დეფიციტზე აშკარად მიანიშნებს. სხვა ანგარიშგასაწევ ფაქტორებთან ერთად, ასეთ მდგომარეობას  შესაბამისი სწავლების სისტემისა და პრაქტიკის თეორიულ-მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა განპირობებს.

 

ბოლო პერიოდში საგრძნობლად გააქტიურდა ქართველ მეცნიერთა მეცადინეობა მენეჯმენტის სხვადასხვა რაკუსის სწავლებისთვის სახელმძღვანელოების შექმნასა და თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძვლების მომზადებაში. მათ შორის, გამორჩეულია ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ზურაბ ლიპარტიას წვლილი მენეჯერთა ახალი თაობის მომზადებისა და წარმატებულ წინსვლაში. მისი მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილების, ხანგრძლივი მეცნიერული და პედაგოგიური მოღვაწეობის, მენეჯმენტის სფეროს თეორიის, კონცეფციების, მეთოდოლოგიის ნაყოფიერი კვლევის შედეგები ასახვას პოულობენ ახალ სახელმძღვანელოებსა და მონოგრაფიებში. 

 

მენეჯმენტის სხვადასხვა რაკუსის სწავლებისთვის პრეტენზიულ გამოცემათა შორის სპეციალისტთა ყურადღება მიიქცია და აღიარება ჰპოვა ზურაბ ლიპარტიას მონოგრაფიამ: ფინანსური მენეჯმენტის ფილოსოფია, გამომცემლობა „უნივერსალი“, თბ. 2017, 506 გვ.; სახელმძღვანელოებმა: ბიზნესის ანალიზი-შეფასება და განვითარების პროგნოზირება, სსუ, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბ. 2020, გვ. 616 და სტრატეგიული მენეჯმენტი, სსუ, გამომცემლობა „პრინტჯეო“, თბ. 2022, გვ. 502. 

 

ამავე პერიოდში ბატონი ზურაბის მიერ შედგენილია ელექტრონული სახელმძღვანელო: ფინანსური მენეჯმენტის საფუძვლები, გამომცემლობა „თბილისი“, განთავსებულია 2019, გვ. 728. ელექტრონულად გამოცემულია აგრეთვე სტრატეგიული მენეჯმენტი, გამომცემლობა თბილისი, გვ. 504,  ელექტრონულად განთავსებულია 2023 წლის 15 ბთებერვალს.

 

მხოლოდ ჩამონათვალი და A-4 ფორმატში შესრულებული გამოცემების გვერდების მოცულობა უკვე მეტყველებს მათზე ავტორის მიერ დახარჯულ უდიდეს ძალისხმევაზე, დროსა და ენერგიაზე. მაგრამ თამამად უნდა შევნიშნოთ, რომ მათი მთავარი ღირსება მხოლოდ მოცულობითი ფაქტორი როდია. აღნიშნულ მონოგრაფიასა და სახელმძღვანელოებში, მუხლჩაუხრელ შრომასთან ერთად, ჩადებულია ავტორის მაღალი პასუხისმგებლობა მომავალი თაობების წინაშე, ღრმა განსწავლულობა, შესაბამისი კომპეტენცია, რაც ერთობლიობაში ამ ნაშრომებს ანიჭებს მოთხოვნადობას, პრაგმატულ მნიშვნელობასა და მომხმარებლისგან მაღალ ინტერესს. 

 

Covid-19-ის ეპიდემიის მძვინვარების შედეგად ქვეყანაში გამოცხადებული პანდემიის გამო, თავის დროზე, ვერ მოხერხდა ბატონი ზურაბის ნაშრომების მკითხველისადმი ღირსეული წარდგინება და დამსახურებების აღნიშვნა. მხოლოდ სატელეფონო და პირადი წერილობითი მილოცვებით ჩაიარა ჩვენი თანამედროვისა და ხელხვავიანი მეცნიერის დაბადებიდან 75  წლის იუბილემ, რაც, არც ერთ შემთხვევაში, არ არის მის დამსახურებებთან შესაფერი. ისევ მომავალი თაობებისთვის მოტივაციის შესაქმნელად, აუცილებელია ღირსეულ მამულიშვილებს, ცნობილ მეცნიერებს, თაობათა აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილი დავუფასოთ, სათანადოდ ავღნიშნოთ. 

 

ბატონ ზურაბ ლიპარტიას არ აკლია მაღალი რეგალიები და დამსახურებების აღნიშვნა - მეცნიერებაში მან მიიღო დოქტორის, პროფესორის, აკადემიკოსის ტიტული, არის რამდენიმე სადისერთაციო საბჭოების წევრი, ჟურნალების კოლეგიის წევრი, საგანმანათლებლო პროგრამისა და მიმართულების ხელმძღვანელი. მისი მეცნიერული პროდუქტიულობის, ალღოს დადასტურებაა საქართველოსა და უცხოეთში გამოცემული 130-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, 6 მონოგრაფია, 16 სახელმძღვანელო (9 თანაავტორობით), კონფერენციებსა და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა. ზურაბ ლიპარტიას ნაყოფიერი ღვაწლი დაფასდა საპატიო სეგელებითა და დიპლომებით, თუმცა საიუბილეო თარიღები განსაკუთრებულად უნდა აღინიშნებოდეს. 

 

ზურაბ ლიპარტიას, როგორც მეცნიერის, მოქალაქის, საზოგადო მოღვაწის  დამსახურებისა და რეალიზებული პროექტების დეტალური ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ამ ჯერზე ჩვენ მისი მოღვაწეობდან მხოლოდ მცირე ნაწილს, თუმცა მნიშვნელობით გამორჩეულ ნაშრომს - სტატეგიულ მენეჯმენტს და მის უპირატესობებს შევეხებით.  ავტორმა ეს სახელმძღვანელო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილეს უძღვნა. თვითონაც თავდადებული შრომით, 35 წელი შეალია ამ მრავალჭირნახული უმაღლესი დაწესებულების საგანმანათლებლო მისიას, კოლეგებთან ერთად, მისი სახელისა და ავტორიტეტის განმტკიცებას.

 

ავტორის დამსახურებას უნდა მიეკუვნოს კორპორაციულ მმართველობიდან სტრატეგიული მენეჯმენტის რაკუსის გამოყოფა და მასი წარმართვის მიმართულებაზე ახალი ორიგინალური სახელმძღვანელოს შექმნა. მასში სხვა ავტორების ანალოგიური ნაშრომები გადამუშავებულია და შევსებულია სიახლეებით. 

 

ტრადიციული რეცენზიისგან განსხვავებით, შევჩერდები მხოლოდ იმ ღირსებებზე, რომელიც ამ გამოცემის ღრმა, საფუძვლიანი შესწავლის გარეშეც, ზედაპირზევე ჩანს. სახელმძღვანელო ახლა იდგამს ფეხს და სავსებით ბუნებრივია, ცალკეული შესაძლო ხარვეზი მისი გამოყენების პროცესში გამოვლინდეს. დროსთან მიმართებაში, ასეთი გამოვლინებებიგან არაფერია დაზღვეული. შენიშნული ხარვეზების ანალიზი და ჯანსაღი ოპონირება ნაშრომს განვითარების, შემდგომი სრულყოფის საშუალებას შეუქმნის საფუძველს. 

 

სტრატეგიული მენეჯმენტი - ეს არის ორგანიზაციის რესურსების მართვა მისი მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად. იგი მოიცავს მიზნების დასახვას, კონკურენტული გარემოსა და შიდა ორგანიზაციის ანალიზს, სტრატეგიების შეფასებას და ორგანიზაციის მასშტაბით სტრატეგიების დანერგვის უზრუნველყოფას. სახელმძღვანელოში წარმოდგენილი სტრუქტურა, თემებისა და საკითხების შემადგენლობა, დართული მასალა და მითითებული ლიტერატურა სტუდენტს საგანში სათანადო ცოდნისა და უნარების მიღების შესაძლებლობას აძლევს. შეიძლება ითქვას, სახელმძღვანელო არა მარტო სტუდენტებს, საწარმოებსაც, მათ მმართველ გუნდს და ყველა დაინტერესებულ პირს კონკრეტულ მოცემულობაში მოქმედებებისთვის სასარგებლო მიმართულებებს სთავაზობს.

 

სტრატეგიულ მენეჯმენტზე პროფესორ ზურაბ ლიპარტიას სახელმძღვანელო ორი ნაწილისაგან შესდგება. აქედან, პირველი ნაწილი აერთიანებს 15 თემას. თითოეული თემა მოცავს ორ-ორ პარაგრაფს და თემაზე სასემინარო/სადისკუსიო კითხვებს, ამოცანებს დამოუკიდებელი მეცადინეობისთვის, აგრეთვე დამატებით გამოსაყენებელ ლიტერატურის ჩამონათვალს. სახელმძღვანელოს ამ ნაწილში განხილულია: სტრატეგიულ მენეჯმენტში ურთიერთდაკავშირებული ეკონომიკური, პოლიტიკური, დემოგრაფიული და ეკოლოგიური საკითხები, რომლებიც ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობის წარმატებულ განვითარებას უზრუნველყოფს. ნაწილის დასასრულს ერთვის საგნის სილაბუსი. 

 

მეორე ნაწილში ასახულია: ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის (კონცენტრაცია: „ფინანსები და საბუღალტრო აღრიცხვა“) სემინარულ-რეფერენტული მეცადინეობების თემატიკა: „რეგიონების სტრატეგიული განვითარების კონცეფციურ-მეთოდოლოგიური ასპექტები ეფექტური პოლიტიკის კონტექსტში“; „მიწის რესურსების მართვის სისტემის ფორმირების ასპექტები და ინტეგრირებული სისტემები“; „კლასტერული პოლიტიკის ფორმირების, ფუნქციონირებისა და განვითარების ასპექტები საქართველოში“; „მენეჯმენტის ინტეგრირებული სისტემები“; „საბანკო-საკრედიტო ბიზნესის ფინანსური რისკების სტრატეგიული მართვის თავისებურებები“. ამ ნაწილში, თეორიულ საკითხებთან ერთად, წარმოდგენილია სემინარული მეცადინეობების თემატიკაც. სახელმძღვანელოს ბოლოში დართული აქვს მოკლე ეკონომიკურ-ფინანსური ენციკლოპედიური ლექსიკონი, რომელსაც აქვს შემეცნებით-განმარტებითი დანიშნულება და დაინტერესებულ პირს უქმნის დამატებით კომფორტს აქვე მიიღოს ეკონომიკურ-ფინანსურ ტერმინებზე ენციკლოპედიური ახსნა.

 

სახელმძღვანელო სტრუქტურითა და მოცული საკითხებით, აგრეთვე თანდართული მასალებით, პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, გამოსაყენებლად მოხერხებული და ინოვაციურია. სახეზეა ყველა ნიშანი იმისა, რომ შერჩეული მიმართულების სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულ პირებს, მეცნიერ-მკვლევარებს და საწარმოთა მენეჯერულ შემადგენლობას მიზნების განხორციელებაში წარმატებით მოემსახურება.

 

იური პაპასქუა

ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

 

 

 

 

26-06-2023, 11:44
უკან დაბრუნება