ივერიონი / ირანდა კალანდაძე: უნდა გადავაგდოთ კოლონიური უღელი, რომ გადავარჩინოთ სამშობლო!

ირანდა კალანდაძე: უნდა გადავაგდოთ კოლონიური უღელი, რომ გადავარჩინოთ სამშობლო!

 

თითქოს ყველაფერი კეთდება, მყარდება კავშირები სხვადასხვა ქვეყნებთან, სავაჭრო ურთიერთობები, დიპლომატიური კავშირები, შევდივართ სხვადასხვა გაერთიანებებში, ვხდებით და ვაპირებთ გავხდეთ მსოფლიო ალიანსების ინტეგრირებული წევრები, მაგრამ არსად არ ჩანს ერთი მთავარი სიტყვა, ერთი მთავარი აზრი და მიმართულება _ სამშობლო, რომელიც თითქოს დაკარგულია, მოგონებების სკივრში სადღაც ღრმადაა ჩაკუჭული და იქით გახედვაც არ გვინდა.


რატომო, შემედავება ვინმე, განა ყველაფერი სამშობლოსთვის არ კეთდება და სამშობლოს მომავალს არ ემსახურებაო?


ალბათ, კი.


ქვეცნობიერში, ალბათ, მაგრამ რეალურად? 


რეალურად არა, მაგრამ ინსტინქტურად კი მივდივართ სადღაც, ოღონდ საითკენ, ჯერ ზუსტად არ ვიცით...


სულ ახლახან ისევ იჩინა თავი მოურჩენელმა ჭირმა, რომელიც „ბასიანიდან“ მოედინება და წამლავს პატარა ბავშვებს, რომლებმაც სამშობლო კი არა, ოჯახი დავიწყებიათ, ხოლო დედა და მამა, მათთვის, ალბათ მალე მხოლოდ ნომერ პირველი მშობელი და ნომერ მეორე, საკვებით დამკმაყოფილებელი, იქნება.


ბევრს ლაპარაკობენ, ღამის კლუბები უნდა მოვსპოთო, ნარკოდილერები გავანადგუროთო, ნარკოტიკების გამსაღებლები ციხეებში ჩავსვათ და ნარკოტიკის მოხმარება საქართველოში საერთოდ ავკრძალოთო.


კარგი სიტყვებია, მაგრამ ასეთ რამეს რომ ვისმენ, გული მიჩუყდება და მითბება ჩვენი თანამემამულეების გულუბრყვილობის გამო, რადგან გულუბრყვილობა, ხშირად, ჭკუასუსტობის ბრალი კი არა, არამედ სუფთა გულის მიმანიშნებელია, რომელიც დეფიციტია, დიდ სიმდიდრედ მიმაჩნია, პირადად მე ამ აპოკალიპტურ სამყაროში და ასეცაა ჭეშმარიტად...


„ბასიანის“ თემას რაც შეეხება, სხვა ბევრი მიზეზ-შედეგობრივი მაგალითი რომ არ ჩამოვთვალო, ახლა უცებ რაც გამახსენდა,  არის ცნობილი ამერიკელი დაზვერვის თანამშრომლის და ეკონომისტის ჯონ პერკინსის „ეკონომიკური მკვლელის აღსარება“, სადაც მისტერ პერკინსი აღსარებასავით ჰყვება, რას უშვრებიან  კოლონიზაციაში მყოფ ქვეყნებს ტრანსნაციონალური კორპორაციები და დამპყრობელი ქვეყნები. ასეთი მსჯელობებისას, ზოგადად,  ქვეყნები მრავლობითშია ნახსენები, თუმცა, ყველას მშვენივრად მოეხსენება ამ „ქვეყნების“ თავი და თავი, როგორც ლევიათანისა, სადაც არის და რომელიცაა. 


საქმე კი იმაშია, რომ ეკონომიკურად, პოლიტიკურად და ზნეობრივად დაპყრობილ, ანუ მათ ხელქვეით მყოფ ქვეყნებში კეთდება ის, რასაც, მაგალითად, დატყვევებულ ადამიანს გაუკეთებდა მისი დამატყვევებელი ვინმე,  ფსიქიურად არამდგრადი პირი…


ამასწინათ წმინდა დედა მატრონას ხატზე ერთ სიუჟეტში გამოსახული სტალინის გამო რომ ატყდა ვაი-უშველებელი, მერე მსჯელობები ძეგლებზეც გადავიდა და ვიღაცა წერდა, ულან-უდეში თუ ულან-ბატორში, თემურ ლენგის ძეგლი დგას, როგორც სახელოვანი დამპყრობლისო და ჩვენ აქ სტალინის ძეგლებს ვებრძვითო, სწორედ მაშინ ამომიტივტივდა გონებაში თემურ ლენგი რომ ამბობდა: დედამიწა ორისთვის ძალიან პატარააო...


დამპყრობლები ერთმაენთს ჰგვანან, თემურ ლენგის და სხვა დიქტატორების იდეოლოგიით სარგებლობდა და სარგებლობს ყველა დამპყრობელი მანამდეც და მის შემდეგაც, მათი ხელწერა ერთნაირია, მათი იდეოლოგია თანხვდენილი, მათი მისწარაფებები ცხოველური, როოგორც ჯუნგლებში...


საზოგადოდ, ვინმეს ან რაიმეს, ვთქვათ, რომელიმე ქვეყნის, დაპყრობა, დამონება, ანუ ძალადობა რომ იმ ვიღაცის თუ ვიღაცების გონებრივი ჩამორჩენილობის და ამის გამო გაბოროტების მიმანიშნებელია, ღმერთისგან რომაა განშორებული და კარგი ბოლო რომ არ აქვს ამ ამბავს, რაც დაემართა იმპერიებს, რომს, ბიზანტიას და ა.შ. ეს სხვა საუბრის თემაა და, მგონი, არ უნდა იყოს მაინცდამაინც საკამათო თემა გონიერი ადამიანებისთვის...


წეღან ნახსენებ წიგნში „ეკონომიკური მკვლელის აღსარება“ ლიბიის მაგალითზე არის მოყვანილი ქვეყნების დაპყრობის მთლიანი სქემა და სცენარი. სხვა ინსტიტუციების განდაგურებასთან ერთად წიგნში მოყოლილია, მაგალითად, როგორ ინგრევა ლიბიაში ოჯახები, მცირე სოციალური უჯრედები, რომელზეც არის აგებული სახელმწიფო.


იმის გამო, რომ ქმარი ვერ შოულობს სამსახურს, ცოლი კოლონიზატორის ბარში თუ რესტორანში მუშაობს. რესტორნის მეპატრონე კი მას „ხმარობს“ საჭიროების მიხედვით _ ხან მიმტანად, ხან _ ბარ-ვუმენად, ხან _ დამლაგებლად, ხან _ მრეცხავად, ხან _ ხარჭად, ხან კიდევ მისი სუტენიორია; ქალბატონი კი, თუკი ოდნავ შესახედაობაც უწყობს ხელს, სანამ შეუძლია, ყველაფერზე თანახმაა, რომ ოჯახი და შვილები გადაარჩინოს.


შვილები ზოგი ამჩნევენ ამას და მორალურად კვდებიან, ზოგი ისეა საკუთარი ყოველდღიურობით გართული, რომ ვერ ხედავს დედის (და არა მხოლოდ დედის) დამღუპველ ტრანსფორმაციას. 


მამა უფუნქციობისგან დეგრადირდება ან ლოთად, ან ფსიქოპათად ან რა ვიცი, კიდევ რად.


ბავშვები, შვილები,  ვარდებიან აზარტული თამაშების ბუნაგებში, პროსტიტუციის ჭაობებში, ნარკოდილერების ბუდეებში, არადა, ასეთი ბუდეები დაპყრობილ ქვეყნებში გველების ხვრელებივით მომრავლებულია და მისი ამოძირკვა მთლიანად დიდ ძვრებთან არის დაკავშირებული, ან საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციის ცვლილებით თუ არის შესაძლებელი, თორემ, სხვანაირად, არა!..


რაც შეეხება ჩვენს „ბასიანს“, ხომ თქვა ერთ სატელევიზიო გადაცემაში ნაჯა ორაშვილმა „ბასიანში„ რაც ხდება, ეს პოლიტიკური თემა უფროა, ვიდრე სხვა რამეო?! ამიტომ, „ბასიანი“ რომც დაიხუროს, სვეტსკი ნაჯაც რომ გავაძევოთ, სხვა ნაჯები წამოყოფენ თავებს შხამიანი „ყვავილებივით“, სხვა „ბასიანი“ გაჩნდება თუ უკვე არაა გაჩენილი, ხოლო ამ ეშმაკის ლაბირინთიდან თავის დაღწევის სხვა შესაძლებლობა არ არსებობს კოლონიზაციის უღლის გადაგდების გარდა, რაც პირველ რიგში, გამოიხატება ზრდასრულების თავგანწირვით ოჯახისთვის და შვილებისთვის, შვილების მომავლისთვის, საბოლოო ჯამში კი ეს თავდადება ბრძოლაა ამ ქვეყნისთვის,  რომელსაც ვერასდროს ვერაფერი ვერ შეცვლის, ვერც ფული, ვერც კეთილდღეობა და ვერც ვერანაირი სიმდიდრე. ადამიანი ფეხზე მყარად მხოლოდ სამშობლოს მიწაზე დგას. ამაზეა წინააღმდეგობა, ამას ეხება მთავარი „გამოწვევები“, ამიტომ ვახსენე თავიდანვე სამშობლო... 

12-02-2024, 11:09
უკან დაბრუნება