საქართველოში ბევრი პატრიოტი მამულიშვილია, რომლებიც ქვეყნის საკეთილდღეოდ თავდადებისთვის ყოველთვის მზად არიან.
ავტორიტარული რეჟიმები, როგორც წესი, ასეთ ადამიანებს პირდაპირ ებრძვიან და საშინელ წნეხში ამყოფებენ.
ასე მოხდა „ნაციონალების“ მმართველობის დროსაც.
იმ პერიოდში რეპრესირებული, უსამართლოდ დასჯილი, შეურაცხყოფილი და მკვლელი სისტემის მარწუხებს სასწაულებრივად გადარჩენილი ადამიანების შესახებ ჩვენმა საზოგადოებამ უფრო მეტი უნდა იცოდეს.
აჭარის მკვიდრი, მალხაზ დავითაძე „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი მსხვერპლი გახლავთ, რომელმაც თავდაუზოგავად იბრძოლა და ამ ბრძოლას შესწირა ოჯახის სიმშვიდე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა - ეს იყო პირდაპირი ბრძოლა სისტემის წინააღმდეგ.
ახალახან შემთხვევით გავიცანი ეს რაინდულად პატრიოტი ადამიანი.
* * *
მალხაზ დავითაძე ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში მოღვაწეობდა აჭარის საბაჟო დეპარტამენტში და მთელი ძალებით ებრძოდა „კმარას“ პროვოკაციებს მას შემდეგ, რაც გაურკვეველი ძალების მიერ დაფინანსებულმა „კმარამ“ „თარეში“ დაიწყო მთელ საქართველოში _ ვითომ წესრიგის დამყარებას ცდილობდნენ, ვითომდა, აჭარაში ასლან აბაშიძის ავტორიტარულ მმართველობას და მთავრობის კორუმპირებულ წევრებს ებრძოდნენ.
ვისი „კუდები“ იყვნენ „კმარას“ წევრები, შემდეგ უკვე ნათელი გახდა!
2004 წლის მარტში, „ვარდების რევოლუციიდან“ რამდენიმე თვეში, აჭარას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი ბარამიძე და გენერალურ პროკურორად სულ ორიოდე თვის დანიშნული ირაკლი ოქრუაშვილი მიადგნენ.
მალხაზ დავითაძე იგონებს, რომ იმ პერიოდში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ასლან აბაშიძე რამდენიმე დღით მოსკოვში იყო წასული.
მალხაზ დავითაძე: „ქობულეთის მერმა ნუგზარ ხალვაშმა მაცნობა, ბარამიძე და ოქრუაშვილი მოემართებიან ბათუმისკენ შეიარაღებული რაზმითო.
როგორც შევიტყვე, სააკაშვილი მაშინ წყალწმინდაზე იმყოფებოდა. წინასწარ ოქრუაშვილი და ბარამიძე გამოაგზავნა - „გაათავისუფლეთ“ აჭარა და მე მერე შემოვალო!
გამთენიის 6 საათზე ბარამიძე და ოქრუაშვილი ჩოლოქზე გამოჩნდნენ. დაახლოებით, 200 კაცი ახლდათ. ვიცოდით, რომ ყველანი ფარულად იყვნენ შეიარაღებულნი, ამიტომ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გავემართე მათკენ და ვუთხარი: გეპატიჟებით ჩემთან, სახლში, დავჯდეთ, ვისადილოთ, დაველოდოთ ბატონი ასლანის ჩამოსვლას და ყველაფერი მერე გადავწყვიტოთ-მეთქი, მაგრამ მიპატიჟება არ მიიღეს და უკან გაბრუნდნენ. სააკაშვილს ეს, რა თქმა უნდა, შეატყობინეს, მაგრამ, რატომღაც, აღარ წამოსულა მაშინ აჭარისკენ.
მეორე დღეს ასლან აბაშიძე დაბრუნდა ბათუმში, მერე ყველამ ვნახეთ, რაც მოხდა - მოხდა ე.წ. რევოლუცია, სინამდვილეში, მთავრობის დამხობა აჭარაში“.
ამ ამბიდან 20 დღეში, როგორც კი აჭარის ხელისუფლება ძალადობით შეიცვალა, დაიწყო დევნა მალხაზ დავითაძესა და მის ოჯახზე.
ერთ დღესაც, სამსახურიდან ავტომანქანით სახლისკენ მიმავალი პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და ავტომანქანის ჩხრეკისას ხელყუმბარა და ნარკოტიკული ნივთიერებები „აღმოუჩინეს“.
გამოძიებისას დადგინდა, რომ მასზე ოფიციალურად იყო გაცემული ცეცხლსასროლი იარაღი ტარების უფლებით, რომელიც, იმ კონკრეტულ მომენტში, დავითაძის სახლში ინახებოდა, ხოლო ნარკოტიკებს არასდროს მოიხმარდა. ამის მიუხედავად, გამოძიებამ დავითაძეს სსსკ-ის 260 მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის I და II ნაწილებით სასჯელის სახით 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
7 თვის შედეგ ციხიდან გამოსულ მალხაზ დავითაძეს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეუთვალეს: გაეცალე აქაურობას, საქართველოდან საერთოდ თუ წახვალ, კარგი იქნება, თუ არა, რაც მოგივა, შენს თავს დააბრალეო და დავითაძემ დედაქალაქს შეაფარა თავი, სანამ მოსკოვში გასამგზავრებელ ვიზას მიიღებდა.
მალხაზ დავითაძე: „ვიზის მიღების მერე მოსკოვში გავფრინდით. ცხოვრების დაწყება უცხო ქვეყანაში არ იყო ადვილი, ბევრი წინააღმდეგობა, ეკონომიკური გაჭირვება და ხიფათი გავიარეთ მე და ჩემმა მეუღლემ სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, მაგრამ ყველაფერს ართულებდა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა _ სისუსტეს ვგრძნობდი, უმადობას, უხასიათობას.
სანამ ეს ამბები მოხდებოდა, მანამდე წამალი არ ვიცოდი რა იყო. დედაჩემი მედიცინის მუშაკია და რაიმე ქრონიკული დავადება რომ მქონოდა, აუცილებლად შეამჩნევდა.
აჭარაში რომ დამიჭირეს, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან და სხვა თანამდებობის პირებთან ერთად, დაახლოებით, კვირაზე მეტი ბათუმის ციხის ყველაზე ქვედა სართულზე, სარდაფისმაგვარ საკანში ჩაგვსვეს, სადაც იატაკიც კი არ იყო. გაუსაძლისი სიცივე და სინესტე ძვალსა და რბილში ატანდა. საშინლად გავცივდი მაშინ, მაგრამ ექიმი და მკურნალობა ჩვენთვის აკრძალული იყო.
ჩემი დაპატიმრების და დევნის მთავარი მიზანი გახლდათ ფული, რომელიც ეგულებოდათ ჩემთან და რომ არ აღმოჩნდა ეს დიდძალი ფული, უკან ხომ არ დაიხევდნენ და დაიწყეს ჩემი და ჩემი ოჯახის დევნა-შევიწროება. საბოლოოდ, როგორც მითხრეს, ჩემს განადგურებას აპირებდნენ!
ასე აღმოვჩნდი მცირეწლოვანი შვილებით მოსკოვში, სადაც არასახარბიელო ცხოვრებისეული პირობებისა და ჩრდილოეთის მკაცრი კლიმატის გამო, ციხეში გადატანილმა ავადმყოფობამ თავი გამოავლინა. გავხდი ავად, სიცხეები 40-42 გრადუსამდე ადიოდა. სასწრაფო დახმარება რომ გამოვიძახეთ, საავადმყოფოში გადამიყვანეს და ანალიზების საფუძველზე ტუბერკულოზი დამიდგინეს. ისე ფართოდ იყო დაავადება ორგანიზმში გავრცელებული, რომ გარდაუვალი გახდა ოპერაცია -ფილტვის ნაწილი მომკვეთეს.
იმ ხანებში მოსკოვში ქართული დიასპორის წარმომადგენლები და პოლიტიკური დევნილები საქართველოს საელჩოსთან აქციებს მართავდნენ საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ. საავადმყოფოდან გამოსვლის მერე მეც შევუერთდი ამ აქციებს“.
ამის შემდეგ იწყება ახალი პროვოკაციის აგორება მალხაზ დავითაძეზე.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2005 წლის 31 მარტს კრწანისის რაიონის პოლიციის განყოფილებაში შესულია შეყობინება მოქალაქე ზაურ დემეტრაშვილის ცემის ფაქტზე, თუმცა შეტყობინების ოქმში არაა მითითებული, ვისგან შევიდა ეს შეტყობინება.
მალე თავად დემეტრაშვილი მიმართავს პოლიციას და ამბობს, რომ ის შუაღამისას მალხაზ დავითაძემ და მისმა მეგობრებმა სცემეს, დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით, წაართვეს 100 ლარი და გაიტაცეს დემეტრაშვილის ოჯახში არსებული მიკროტალღური ღუმელი.
იმის მიუხედავად, რომ დემეტრაშვილმა განმარტა, დავითაძე და მისი მეგობრები დამეხსნენ თავსო, საქმეში დავითაძის გარდა, მისი არც ერთი ე.წ. „მეგობრის“ სახელი, როგორც ჩხუბის მონაწილის, არაა ნახსენები.
საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულის, ვინმე გუდიაშვილის დაკითხვის ოქმი, სადაც იგი წერს, რომ 2005 წლის 1 აპრილს ტელეფონზე დაურეკა მეზობელმა ჯონი მამედოვმა და აცნობა დემეტრაშვილზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ, რის შემდეგაც იგი წასულა დემეტრაშვილთან, რადგან, თურმე, გუდიაშვილი დემეტრაშვილის სახლში, მიკროტალღურ ღუმელში ინახავდა 4600 დოლარს.
საქმის მასალების მიხედვით, ასევე ნათელი ხდება, რომ გამოძიებას ორ დღეში მოუპოვებია „უტყუარი“ მტკიცებულებანი და ამ საქმეში მალხაზ დავითაძის ბრალეულობა გამოუკვეთავს, თუმცა მაშინ, „რატომღაც“, არ დაწყებულა სისხლისსამართლებრივი დევნა მალხაზ დავითაძეზე, დაკითხვაზეც კი არ დაუბარებიათ 2006 წლის მარტამდე, ანუ დანაშაულის „გახსნიდან“ ერთ წელსა და ერთ თვემდე.
მალხაზ დავითაძე მთელი იმ დროის განმავლობაში ხელვაჩაურის რაიონის სოფელ შარაბიძეებში ცხოვრობდა მამისეულ სახლში.
დოკუმენტაციის მიხედვით, ამ ხნის მანძილზე არავითარი საგამოძიებო საქმიანობა არ წარმოებულა შესაბამისი სამსახურების მიერ.
2006 წლის აგვისტოში უკვე მოსკოვში მყოფი მალხაზ დავითაძე ეჭვმიტანილად ცნეს, 7 სექტემბერს კი ბრალდებულად.
განუკითხაობა და ზემდგომი ძალების მიერ დავალებების შესრულების აუცილებლობა სასამართლო სისტემაში იმდენად იყო ფეხმოკიდებული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ და სააკაშვილის მონა მოსამართლეებმა არათუ აღკვეთეს გამოძიების ორგანოების მიერ კერძო პირზე განხორციელებული უკანონობა, არამედ დააკანონეს. საქალაქო სასამართლო ბრმად ენდო ე.წ მტკიცებულებების სანდოობას და გამამტყუნებელი განაჩენი დააფუძნა ეჭვებსა და ვარაუდებზე, როგორც წინასწარი გამოძიების პროცესში, ასევე სასამართლო განხილვის პროცესშიც.
ყველაფერ ამას მოწმობს გამოძიების მასალები.
მალხაზ დავითაძე: „მოსკოვში ყოფნის პერიოდში ქართულმა მართლმსაჯულებამ დაუსწრებლად გამასამართლა და მომისაჯეს 8 წელიწადი. მე რომ აქციებზე დამინახეს, გაღიზიანდნენ და შეკერეს დემეტრაშვილის საქმე.
გაგიკვირდებათ, მაგრამ არც კი ვიცი, სად, როდის და როგორ მოხდა ზაურ დემეტრაშვილის ცემა.
„ნაციონალებისთვის“ მე არც პირველი ვიყავი და სამწუხაროდ, არც უკანასკნელი.
ასე ითხზვებოდა და იკერებოდა მაშინ სს საქმეები.
საქართველოში დაბრუნებული, ჩხუბის, ცემის და ფულის გატაცების ტყუილი ბრალით კვლავ ციხეში აღმოვჩნდი. ალბათ, სრულად მოვიხდიდი 8 წელიწადს, ჩაუდენელი დანაშაული რომ არ მეღიარებინა“.
დოკუმენტურ მასალებში ვიპოვე აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ამჟამად საქართველოს ხალხთა თანაგრძნობის ფონდის თავმჯდომარის ბადრი მელაძის წერილი.
მსგავსი შინაარსის წერილები ბევრია შეწყალების კომისიის სახელზე გაგზავნილი.
„2004 წლის მაისში სააკაშვილის უკანონო ხელისუფლებისა და სამხედრო შენაერთების წარმომადგენლებმა მოახდინეს აჭარის ხელისუფლების ძალისმიერი დამხობა. რის შედეგადაც კანონიერი ხელისუფლების ნაწილი აღმოჩნდა განდევნილი ემიგრაციაში, ნაწილი კი სააკაშვილის მიერ შექმნილი ფაშისტური რეჟიმის ციხეებში. ერთ-ერთი მათგანი არის მალხაზ დავითაძე...
პატიმრობის შემდეგ ის ჩამოვიდა ქალაქ მოსკოვში, სადაც აქტიურად ჩაერთო ქართული დიასპორის საქმიანობაში.
ჩვენს მიერ არაერთხელ იყო მოწყობილი გამოსვლები და კონფერენციები სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ, რის გამოც მალხაზ დავითაძეს ხელმეორედ აღუძრეს სს საქმე, რაც, ჩემი აზრით, იყო პასუხი მალხაზ დავითაძის აქტიურობისა რეჟიმის წინააღდეგ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის მიხედვით, ვთვლი, რომ მალხაზ დავითაძის წინააღმდეგ აღძრული საქმე არის არაკანონიერი და პოლიტიკური, რადგან მალხაზ დავითაძე არის წესიერი, პატიოსანი, პატრიოტი პიროვნება“, - წერს ბადრი მელაძე.
მალხაზ დავითაძე: „მე, ვინაც მთელი ცხოვრება დამნაშავეობას და კრიმინალს ვებრძოდი, ბედის ირონიით პრობაციონერი გავხდი.
მაშინ ციხეში ბევრი უდანაშაულო პატიმარი იხდიდა სასჯელს, რომლებსაც ცრუ სამართალდამცველებმა ჩემსავით შეუთხზეს საქმე და სააკაშვილის დილეგებში დაღუპეს, ზოგს სახლ-კარი გააყიდვინეს, ზოგს ოჯახი დაურბიეს, გაძარცვეს, ვითომ ბიუჯეტის შესავსებად, სინამდვილეში, სად მიდიოდა ეს თანხები, კაციშვილმა არ იცის!
ციხიდან გამოსულმა, ვიფიქრე, ჩემს საქმეს გავასაჩივრებ-მეთქი, მაგრამ, იმდენად შერყეული მქონდა ჯანმრთელობა, აღარ შემეძლო სასამართლოებში სიარული; მოგეხსენებათ, ყველაფერი დროსა და ენერგიას მოითხოვს.
ფინანსურადაც გვიჭირდა _ სახელმწიფო სამსახურში მუშაობისას არ დამიგროვებია სიმდიდრე, არც მიფიქრია ამაზე, თუმცა, არ ვნანობ, მე ვშრომობდი ჩემი აჭარისთვის, ჩემი საქართველოსთვის და არა სიმდიდრის მოსახვეჭად“!
რაც მოხდა 2004 წელს აჭარაში, ეს იყო იმ სახელმწიფო გადატრიალების გაგრძელება, რომლიც განხორციელდა ცოტა უფრო ადრე, 2003 წლის ნოემბერში, საქართველოს დედაქალაქში, „ვარდების რევოლუციის“ სახელით.
2012 წელს დამარცხდა ეს უკანონობა და დღეს ჩვენ დემოკრატიულ საზოგადოებას ვქმნით. თუმცა დემოკრატია, თანამდებობისა და რეგალიების მიუხედავად, ყველა ადამიანის თანასწორუფლებიანობას გულისხმობს, რომელიც სრულად დღემდე არ განხორციელებულა, მეტიც, უსამართლობის და ძალადობის მთავარი შემოქმედი ექსპრეზიდენტი „ვივამედში“ კოტრიალობს და აქეთ ჭკუას გვარიგებს.
მძიმე რეპრესიაგამოვლილი, დევნა-შევიწროების გამო მეორე ჯგუფის ინვალიდად ქცეული მალხაზ დავითაძე დღეს აჭარაში უხმაუროდ და უპრეტენზიოდ ცხოვრობს და მეურნეობას მისდევს.
ის, შეიძლება, ზოგიერთი გაუთვითცნობიერებლის თვალში აქამდე მოძალადედ და ყაჩაღად ითვლება, თუმცა, სინამდვილეში სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი მსხვერპლია.
რამდენი ასეთია საქართველოში, ვინ მოთვლის!
მათი პიროვნების რეაბილიტაცია, ანდა უბრალო დაფასება, არ მომხდარა, არადა, იმ მძიმე პერიოდში მალხაზ დავითაძისნაირი ადამიანები სიცოცხლის, ოჯახის დაღუპვის რისკის ფასად იცავდნენ თავიანთ კუთხეს, საქართველოს, კანონიერებას საქართველოში და გადაჭარბებული არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ მათნაირების მხრებზე იდგა ყოველთვის და დგას დღემდე ჩვენი ქვეყანა!
ირანდა კალანდაძე