„კროკუს სითი ჰოლში“ ადამიანთა უმოწყალო ხოცვა იმის აშკარა მანიშნებელია, რომ ჩვენი საცხოვრისი მართვის ანარქიულ რეჟიმს ირგებს - მსოფლიოს მშვიდობიანი მოსახლეობა დიდი (სახიფათო) დაპირისპირების მძევალი გახდა.
კაცობრიობას უთვალავი ტერორისტული აქტი (დიდი და მცირე) ახსოვს. მიუხედავად მასშტაბებისა და მიზეზებისა, მათი შედეგები ყოველთვის შემზარავია.
ვისკენ გაიშვერენ ხელს, ვინ მოამზადა სასაკლაო, ვინ გამოჰკრა თანამოქალაქეებზე მიშვერილი ლულის ჩახმახს ხელი, ან ვინ აიღებს საკონცერტო დარბაზში გასართობად შეკრებილი ხალხის ჩაცხრილვაზე პასუხისმგებლობას, ტყვიით განგმირულ გულებისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს! არც სხვებისთვისაა მათი გადარჩენა სანუგეშო. დღეს თუ არა, ხვალ, შესაძლოა, ისინიც რომელიღაც რადიკალური დაჯგუფების ან ომის პარტიის ახირების მსხვერპლი გახდნენ...
ამ ტერორისტულმა აქტმა შემზარავად აქცია სიკვდილი, თითქოს ირგვლივ მშვიდობიანი ადამიანების ხოცვა-ჟლეტვა არ ხდებოდეს!
მსოფლიო ბორგავს, ჩრდილოეთ-სამხრეთსა თუ აღმოსავლეთ-დასავლეთში განუწყვეტელი აფეთქებები ანგრევს ქალაქებსა და სოფლებს, სისხლი იღვრება, იხოცებიან მოზარდები, ბავშვები...
უკრაინელთა წინააღმდეგ მილიტარისტული შეთქმულება, სულ მცირე დროით, ჰამასისა და ისრაელის დაპირისპირებამ მიაჩუმა, თუმცა, მერე ორივე ბოლაშვებული კერა აგიზგიზდა და ამჟამად, ზოგი ამ ცეცხლს ეფიცხება, ზოგი კი მის ღადარში იხრუკება...
დღეს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოების ეკონომიკა, სხვა ქვეშევრდომი კოლონიების ნაძარცვ ქონებაზე, ინტელექტუალურ რესურსა და კულტურაზე დგას.
თავის დროზე, ინგლისი ამერიკის კონტინენტს, ინდოეთს, აფრიკას პირწმინდად ძარცვავდა; საფრანგეთი მაღრიბის ქვეყნებზე პირდაპირ მმართველობას ახორციელებდა და ქონების გამოზიდვას იქაურებს არც ათანხმებდა; ესპანელები, ვიკინგები, ევროპელი სხვა მეკობრეები ზღვებსა და ოკეანეებში გემს არ უშვებდნენ გაუძარცვავად; ამერიკელები, მას აქეთ, რაც სახელმწიფოდ იქცა, ჯერ ადგილობრივებს ართმევდნენ ლუკმას, ახლა თითქმის ყველა ქვეყანას ძარცვავს ხან აშკარად, ხანაც - მალვით; რუსეთს, ჩინეთს სულ სხვის მიერთება-დაპყრობაზე გაურბოდა ძალი და ღონე...
ერთი საქართველო იყო ისეთი, სხვისი არასდროს მიუთვისებია, ყველას ყველაფერი გაჰქონდა აქედან...
ყველა ომი, კაცთკვლა თუ მსხვერპლშეწირვა სარგებლის გამოთხოვას, სხვაზე გავლენის მოპოვებას, დამორჩილებას და გაბატონებას ემსახურება.
ომებითა და ძარცვით, ბევრმა იმდენი სიმდიდრე მიიტაცა, მის დათვლას, შეფასებასა და მართვას ჩვეულებრივი ბუღალტერია არ ჰყოფნის - მათ უძლიერესი კომპიუტერული ტექნიკა და პროგრამები შეუსვენებლად ამუშავებენ.
უსაზღვრო და უკონტროლო სიმდიდრე შეუზღუდავ შესაძლებლობებს ქმნის. ეს ისეთი აზარტია, ახალ და ახალ შეგრძნებებს ითხოვს, მათი დაოკების არეალი სამყაროს სცილდება. ამ აზარტისგან განკურნება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ყველა უბედურება სწორედ აქედან იღებს სათავეს.
სიმდიდრის მოხვეჭას ბედნიერებისთვის ელტვიან. მაგრამ მათი ყოფა არ გამოირჩევა უზრუნველობით. შექმნილი იმპერიის მართვა და შენახვა მარტივი სულაც არ არის. პლანეტის უმდიდრეს ადამიანთა ბიოგრაფია სიღარიბიდან იწყება, გამოივლიან ცხოვრების ურთულეს გამოცდებს, სისასტიკე და ღალატი მათთვისაც იხლართება. მათ შორის, ბევრია ისეთი, ვინც ფულის კეთების ნიჭთან ერთად, ამ სიმდიდრის საყოველთაო სიკეთისთვის გამოყენების უნარებს ფლობს, უბრალოებას, ხალხთან ურთიერთობას ინარჩუნებს. ამ მხრივ, სრულიად უნიკალური იყო ჩარლზ ფინის - Duty Free-ს მაღაზიათა შემქმნელის ცხოვრება და მოღვაწეობა. მან 8 მილიარდი ღირებულების ქონება დააგროვა თავისი გამჭრიახი მიგნებით და მთელი თავისი ქონება სრულად ქველმოქმედებას მოახმარა. თვითონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდებოდა, იცვამდა არაფრით გამორჩეულ ტანსაცმელს, სახლიც არ ჰქონდა ჩვეულებრივი მოკვდავისგან განსხვავებული... სწორუპოვარია ქართველთა შორის ბიძინა ივანიშვილის უბრალოება, საქრთველოს აღმშენებლობაში შეტანილი უდიდესი წვლილი და მოქალაქეებისთვის გაწეული დახმარება, საყოველთაო მშვიდობისთვის თავდადება.
ყველაზე უკეთ ასეთ ადამიანებს შეუძლიათ შექმნან და გონივრულად განკარგონ უზარმაზარი კაპიტალი. მაგრამ უპოვართ, უფრო მეტად კი ხელმოცარულ ადამიანებს სძულთ მდიდრები. მათში, მართლაც ბევრია, ვინც ძალადობით, სისასტიკით, იძენს სიმდიდრეს და შემდეგაც მას ადამიანების კეთილდღეობისთვის კი არა, მათი უბედურების შესაქმნელად იყენებს!
პლანეტის მოსახლეობის 1% ფლობს ასეთი გლობალური სიმდიდრის თითქმის ნახევარს. სწორედ მათი ინტერესები განაგებს მსოფლიო წესრიგს - ომის დაწყებას და ომის შეწყვეტასაც. სხვა დანარჩენმა არც იციან, რას ეწირებიან...
წარმოიდგინეთ, სულ სამ ეკონომიკურ უმდიდრეს სუბიექტს (მაგალითისთვის, Microsoft Corporation, Google Inc, Facebook) და მათ დამფუძნებლებს, თუ მოუნდებათ, შეუძლიათ მსოფლიოს თავს მოახვიონ ნებისმიერი ახირება. მათი საერთო ქონება იმდენია, ყველაზე ურთულესი პრობლემის გადაწყვეტაც კი მარტივად შეუძლიათ, თუმცა ისეთი პრობლემების შექმნაც ხელეწიფებათ, რომ მერე მისი გადაწყვეტა უკვე ვერ მოხერხდება. ასეთი გიგანტი კომპანიები და უმდიდრესი მეპატრონენი, სხვაც ბევრია. მათ ყველას თავისი ინტერესი აქვს - ზოგს ნავთობი, ზოგს - ალმასი, ზოგიც - ხორბალს, წყალს, სხვა მინერალს თუ „წამალს“ აზის მითიური დევივით. მდიდარ კორპორაციებს, უზარმაზარი შესაძლებლობების შედეგად, სახელმწიფოების ხელმძღვანელობაზე შეუზღუდავი გავლენა გააჩნიათ. უმეტესწილად, ისინი ირჩევენ (ხელს შეუწყობენ, კანდიდატად გაიყვანენ, დაუფინანსებენ საარჩევნო კამპანიას) და ამსახურებენ ქვეყნის მმართველ პირებს. მათი მოქმედებების საკონტროლოდ, ქმნიან არასამთავრობო ორგანიზაციებს. ხშირ შემთხვევაში, უმსხვილესი კორპორაციებისა და მათი განთავსების ქვეყნების გლობალური ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს...
აგერ უკვე ორ წელზე მეტია რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეცოპერაცია დაიწყო. 2022 წლის 24 თებერვალი ოფიციალურად გამოცხადებული საბრძოლო მოქმედებების დაწყების ათვლის თარიღია, თორემ, ყირიმში, ლუგანსკსა და დონეცკში ომი მანამდეც მძვინვარებდა. სწორედ გლობალური ინტერესის უჩინარი ხელი დიდი ხნით ადრე ამზადებდა ერთი ფუძიდან აყლორტილი ორი მოძმე ერის სამტროდ გადაკიდებისა და დაშლის ყველა შესაძლო ვარიანტს. უკრაინაში ორი დაპირისპირებული იდეოლოგიისა და მენტალობის ინტერესი შეეჯახა ერთმანეთს. მათგან, ერთ მხარეს დგას რუსული შოვინისტურ-დერჟავული იდეოლოგია აურაცხელი ნედლეულით, სხვა ბუნებრივი სიმდიდრეებითა და თვალუწვდენელი ტერიტორიით, მეორე მხარეს კი კოლექტიური დასავლეთი, ყველა სხვა სახელმწიფოთა ერთობა განსხვავებული ინტერესებითა და მიზნებით. როგორც განზრახული იყო, უკრაინის ხელისუფლებაც მათ მხარეს დადგა და პატრიოტულ სულისკვეთებაზე შეგდებული მოსახლეობა შერჩა ხახადაღებულ ურჩხულს!
ექსპერტები თავიდანვე შენიშნავდნენ, რომ აქ ომი არა რუსეთსა და უკრაინას შორის, არამედ რუსეთსა და დასავლეთს (ამერიკას) შორის მიმდინარეობდა და კაცობრიობა საყოველთაო ომში ჩათრეული აღმოჩნდებოდა - რუსეთიც და უკრაინაც კარგად დაგებულ სატყუარას წამოეგო; ექსპერტთა ეს მოსაზრება ყველაზე ახლოს აღმოჩნდა რეალობასთან. დიახ, ეს არის რუსეთ-უკრაინის ომი. ესაა გავლენების სფეროების გადანაწილებისა და ძალადობრივად ახალი წესრიგის დამყარების სისხლიანი არენა, სადაც მთავარი ფიგურები „კეთილმყოფელის“ ნიღბებით პოზიორებენ; აქ წყდება ქვეყნების არა დემოკრატიული განვითარების მომავალი, არამედ ახალი ეკონომიკური წონასწორობის დამყარების პერსპექტივა ევროპასა და მთლიანად კოლექტიურ დასავლეთში. დემოკრატია მათვის მხოლოდ საფარია და ორმაგი თამაში.
ომში ჩართულ არც ერთ სახელმწიფოს ხელს არ აძლევს და არც კი ცდილობს შეაჩეროს კაცობრიობის ყოფნა-არყოფნას დამუქრებული ეს უგუნურობის ზეობა - კოლექტიური დასავლეთი, უკრაინის ხელისუფლებასთან ერთად, იმის მაგიერ, რომ დაპირისპირებულ მხარესთან ომის შეწყვეტას შუამავლობდეს, უკრაინის მოსახლეობას აგულიანებს, აიარაღებს, ჭურვებს აწვდის და ახოცინებს ერთმანეთს!
კოლექტიური დასავლეთის სახელმწიფოების ლიდერებმა იარაღასხმული უკრაინელი თავგანწირულების მხარდასაჭერად და ახალ მსოფლიო წესრიგში რუსებისთვის კუთხეში ადგილის მისაჩენად, ფინანსური სანქციებიც დაამატეს მისაწოდებელ საომარ არსენალს.
ეს უგუნურობა იმის კიდევ ერთი სამხილია, რომ რომ ქვეყნების მართულ ხელმძღვანელებს საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობა, რბილად რომ ვთქვათ, ფეხებზე ჰკიდიათ - სანქციების შემოღებიდან გასულმა დრომ და შედეგებმა დაადასტურა, რომ ასეთმა ახირებამ ომის შეწყვეტაზე გავლენა არ იქონია, არც რუსეთის ეკონომიკა ჩამოშალა, პირიქით, ზრდის ტენდენციაც კი ფიქსირდება! მეტიც, პუტინის მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერა გაიზარდა - გაცხადებული მონაცემების თანახმად, ახლახან ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მას ამომრჩეველთა 87,3 %-მა დაუჭირა მხარი, ამასთან, მოქალაქეთა აქტივობაც უჩვეულოდ მაღალი - 77.4% იყო.
სანქციების მიმათ ერთსულოვნება ყველას არ გააჩნდა და სავსებით გონივრული იყო თავიდანვე გაცხადებული საქართველოს პოზიცია. ამ აქტის არაგონივრულობისა და უსუსურობის აშკარად გამოკვეთილი დემონსტრირება იყო პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით სოჭის მახლობლად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ქალაქ სირიუსში ახალგაზრდული ფესტივალის ჩატარება, რომელშიც საერთაშორისო შეზღუდვების მიუხედავად, 188 ქვეყნის 20,0 ათასზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა...
პუტინის პოზიციის განმტკიცებასთან ერთად, უკრაინის მმართველი გუნდისა და საკუთრივ, ვოლოდიმირ ზელინსკის მოქმედებების მიმართ ერთსულოვნება უკვე აღარსად ჩანს. საღად მოაზროვნე მოქალაქეები ხვდებიან და ექსპერტებიც ადასტურებენ, რომ ზელინსკის მიერ პროფესიული ჩვევებით ქვეყნის მართვამ, მით უფრო, კრიზისულ ვითარებაში რაციონალური გადაწყვეტილებების მიღების უუნარობამ, ისედაც განადგურებისთვის განწირულ უკრაინას გადარჩენის შანსები, ფაქტობრივად, გაუქრო...
განსხვავებული ვითარებაა ღაზას სექტორში, თუმცა, მიწასთან გასწორებულ ინფრასტრუქტურასა და ომის სისასტიკეს შეწირულებს ამით იოტისოდენა შვება არ მიუღიათ. ამ ომის დამთავრებასაც ბოლო არ უჩანს!
შედარებითი სიმშვიდე თვლემს ყარაბახში, თუმცა, აქაც მთვლემარე ომია - მოუშუშებელი ტკივილი და დაღუპულთა სულები გმინვა.
ვიღაცა კავკასიაში კვლავ ახალი კერის გაღვივებას სცდილობს...
სხვა უბედურებასთან ერთად, უკრაინაში მიმდინარე ომმა, რუსეთში, ბელარუსსა და პოლონეთში „მოღვაწე“ ჰაკერებს, თაღლითურ ფინანსურ სქემებში ჩართულ გამომძალველებსა და ორიენტაციააღრეულ ლგბტ ერთობას „საქმიანობის ფარგლები“ შეუზღუდა და პირველი ისინი გაიქცნენ თავიანთი ქვეყნებიდან. მათმა უმეტესობამ საქართველოში ჰპოვა თავშესაფარი. ადაპტირებისთვის საჭირო მცირე დროის შემდეგ, მათი აქტიურობა უკვე ეტყობა ჩვენი ქალაქების ქუჩებს, გართობის ცენტრებსა თუ თავშეყრის ადგილებს. მოსახლეობის ძარცვის იმპორტირებულმა ახალმა ტექნოლოგიებმა და „გამოხატვის თავისუფლების“ ზღვარსგასულმა აქტიურობამ, ადგილობრივ მხარდამჭერებმა ერთად, ომზე არანაკლებადსაშიში სასიკვდილო მეტასტაზები გააჩინა.
ყველა ნიშნის მიხედვით, ცხადი ხდება, რომ კაცობრიობა განვითარების რაღაც ახალ, ჯერ კიდევ გაურკვეველ, თუმცა სრული განუკითხაობისთვის დამახასიათებელ ფაზაშია. არცერთ საერთაშორისო ინსტიტუტიას თუ მისიას არ გააჩნია მიმდინარე მოვლენებზე კონტროლის უნარი. მათი გადაწყვეტილებები და რეზოლუციები „შეშფოთების“ გამოხატვის ფორმატს ვერ გასცდა! დღეს, მსოფლიოს ავტორიტეტული პოლიტიკოსებიც არ აღმოაჩნდა - თითქმის ყველა გლობალური ინტერესის გამომხატველი პროექტის ხელდასხმულია; ახლანდელ პოლიტიკოსებს კონფლიქტების მოგვარებისა და ზემდიდარი ადამიანების ქვეყნის სამსახურში ჩართვის უნარი არ აღმოაჩნდათ; სახელმწიფოს როლი ადამიანების კეთილდღეობის, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, განათლების თუ სხვა მოთხოვნების უზრუნველყოფაში მინიმალურის ზღვარზეა; ადამიანისთვის სასიცოცხლო სოციალური სფეროს ძირითადი დარგები, პოლიტიკა, საბაზრო (ჯუნგლური) და ბიზნესის კანონებით იმართება...
რანაირი ახსნაც არ უნდა მოუძებნო ამ სახიფათო დაპირისპირებას, ხარბი, უგუნური ადამიანი და აზრთა განმრიგესთან გატოლების თავგასულობაა მისი შემოქმედი!
ერთი წუთითაც არ მსურს ისედაც უიმედობით გადავსებული აწმყო ადამიანებს ოდნავადაც დავამძიმო. მაგრამ მე თვითონ აღმოვჩნდი სრულ გაურკვევლობაში და გამიჩნდა პასუხგაუცემელი კითხვები: საით მივდივართ, როგორ ვუშველოთ ამ შეშლილ სამყაროს, საიდან მოდის ამდენი სისასტიკე, სიძულვილი და უზნეობის ზეობა?!
სამყაროს მომსპობი ბევრი იარაღი დაგროვდა დედამიწაზე. უთვალავი რესურსი და შესაძლებლობა, რაც ადამიანების, ფლორის, ფაუნის განადგურებას ხმარდება, მათ სასიკეთოდ რომ იყოს მიმართული წარმოუდგენლად ზღაპრული გახდებოდა ჩვენი პლანეტა...
შეჩერდი ადამიანო, კაცთკვლა ჩვენც დაგვღუპავს და სოცოცხლეს მოსპობს საერთოდ!
იური პაპასქუა, სსუ პროფესორი