„ალტ-ინფო - კონსერვატიული მოძრაობის“ ფანი არ ვყოფილვარ და არც მომავალში ვაპირებ - ზოგადად, არასდროს მქონია სურვილი, ზოგიერთებისგან განსხვავებით, რომელიმე პოლიტიკური დაჯგუფების ფანი ვყოფილიყავი.
თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, კარგი არ მოვიწონო და მათ ნებსით თუ უნებლიე შეცდომაზე კორექტულად საკუთარი აზრი არ დავაფიქსირო. მომწონს მათი მიზანსწრაფულობა და სიმტკიცე, არ მომწონს - გადაჭარბებული აგრესია და ნამეტანი თავდაჯერებულობა!
პირდაპირ ვიტყვი: ის, რაც „კონსერვატიული მოძრაობის“ მიმართ ჩაიდინა ხელიოსუფლებამ, არა მარტო არაადექვატური „სასჯელია“, არამედ საზოგადოების გარკვეული ნაწილის პირდაპირი გამოწვევა - იმის გათვალისწინებით, რომ კონსერვატორებს საკმარისი მხარდამჭერები ჰყავთ და დღითიდღე იზრდება მათი რაოდენობა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს „სასჯელი“ მწვავე დაპირისპირების გარეშე არ ჩაივლის!
რამ აიძულა და რისთვის სჭირდებოდა ხელისუფლებას სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვა მოახლოებული არჩევნებისა და ამ ბოლო დღეებში სასიცოცხლოდ აუცილებელი კანონპროექტების (ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ“ და ე.წ. „გაუმჭვირვალობის“ კანონი) ინიცირების წინ?!
თუ „ქართული ოცნება“ გულწრფელია საკუთარ ინიციატივაში და მას ნამდვილად სურს ამ კანონების მიღება, ცხადია, იგი ხალხის მხარდაჭერის გარეშე ამა ვერ შეძლებს!!!
ცხადია ისიც, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის პროცედურა კანონმდებლობის ჩარჩოებში უნდა იჯდეს. თუმცა, რამდენადაც ვიცი, „კონსერვატიული მოძრაობა“ დაახლოებით სამი წელია რაც დარეგისტრირდა იუსტიციის სახლში (საჯარო რეესტრში). ეს იმას ნიშნავს, რომ მაშინ სათანადო სტრუქტურას არ გაუმახვილებია ყურადღება, ანუ, ზერელედ დაარეგისტრირეს (ეტყობა, მაშინ აწყობდათ კონსერვატორების გამოჩენა პოლიტიკურ ზედაპირზე). ხოლო, როცა საქმე საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირებაზე მიდგა, ხარვეზები „აღმოაჩინეს“ და არათუ გამოსწორების საშუალება მისცეს, პარტია ერთი ხელის მოსმით გააუქმეს!!!
რა ხდება?
იუსტიციის სახლიც (საჯარო რეესტრი) და ცესკოც, ორივე სახელმწიფო ინსტიტუციაა, მართალია, განსხვავებული უფლებამოსილებით, თუმცა, სახელმწიფო ვერტიკალს დაქვემდებარებული!
სადაც სამართალია, ხელისუფლებას (ვერავინ დამარწმუნებს ცესკომ ეს გადაწყვეტილება „ზემდგომთან“ შეთანხმების გარეშე მიიღო) პარტია კი არ უნდა გაეუქმებინა, არამედ, საჯარო რეესტრის ის წარმომადგენლები მკაცრად უნდა დაესაჯა, ვინც ასე ზერელედ გაატარა პარტია რეგისტრაციაში, ხოლო, „ალტ-ინფო - კონსერვატიული მოძრაობისთვის“ აღმოჩენილი ხარვეზების გამოსწორების საშუალება მიეცა. ეს ასე არ მოხდა, რაც ლოგიკურ კითხვას ბადებს:
ვის და რატომ გაეჩხირა ყელში კონსერვატიული მოძრაობა“ და რამდენად ჯდება სახელმწიფოს ინტერესებში, აქედან გამომდინარე მოსალოდნელი შედეგები?
ა) „კონსერვატიული მოძრაობის“ გაუქმების დირექტივა შესაძლოა მოდის დასავლეთიდან - შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ გადაწყვეტილების (დირექტივის) უკან ამერიკის ელჩი, ქალბატონი დანიგანი იდგეს, რადგან, კონსერვატორების პოლიტიკური პათოსი აშკარად ეწინააღმდეგება ლიბერალურ იდეოლოგიას.
ბ) „ქართულმა ოცნებამ“ „კონსერვატორების“ სახით სერიოზული კონკურენტი დაინახა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში და სცადა ხალხის გატესტვა - რამდენად მყარია ხალხის მხარდაჭერა აღნიშნული პარტიის მიმართ! ამასთან, სურს თავად ჩაიგდოს ხელში კონსერვატიული ფლანგი და მათთვის განკუთვნილი ხმები საკუთარ ყულაბაში მიითვალოს.
გ) „ქართული ოცნების“ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც პირდაპირაა მიმართული ევროკავშირის დირექტოივების წინააღმდეგ და საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების დაცვას ემსახურება, შეიძლება ინიციატივებად დარჩეს - ხელისუფლებამ წნეხს ვერ გაუძლოს და უკან დაიხიოს - „კონსერვატიული“ პარტიის გაუქმება კი შეიძლება ხელოვნური დაპირისპირების ასაგორებლად და ამის გადასაფარად შეიძლება სჭირდებოდეს!
დ) „ქართული ოცნება“ მზადაა დათანხმდეს დასავლეთის დაჟინებულ მოთხოვნას, კოალიციურ პარლამენტზე და მთავრობაზე - კრიმინალურ ოპოზიციასთან ერთად!
ყველა შემთხვევაში, „კონსერვატიული“ პარტიის ასე მოულოდნელად გაუქმება, მითუმეტეს, ,„ხარვეზების“ სამი წლის შემდეგ აღმოჩენა, რბილად რომ ვთქვათ, პარტიის მხარდამჭერების შეურაცხყოფაა. ამასთან, იმის დემონსტრირებაც, რომ მმართველ პარტიას კონსერვატორები არ აწყობს და როცა უნდა, მაშინ გააუქმებს. აქედან ავტორიტარიზმამდე კი ნახევარი ნაბიჯია!!!
მე არ ვიცი, რა გეგმები აქვთ კონსერვატორებს და მათ მხარდამჭერებს, რამდენად მტკიცე იქნება მათი პროტესტი, მაგრამ ყველაფერი დაძაბულობისკენ რომ მიდის, ცხადია.
ვის აწყობს დღეს დაძაბულობა ქვეყანაში?
არა მგონია, ე.წ. მე-5 კოლონისა და კრიმინალური ოპოზიციის გარდა, ქართველ ხალხს ეს აწყობდეს - ამ შემთხვევაში, გადამწყვეტი იქნება ხელისუფლების პოლიტიკური ნება - სხვანაირად, ხალხი უკვე ყველაფერს აღარ მოითმენს!
ვნახოთ!
P.S. ზემოთ „კონსერვატორების“ გადაჭარბებულ აგრესიაზე და ზედმეტ თავდაჯერებულობაზე გავამახვილე ყურადღება, რაც არ მომწონს. ასევე, ვიტყვი იმასაც, რომ მათ, სამწუხაროდ, ვერ გაითვალისწინეს ბრძნული გამოთქმა: „ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახეო!“ - მათ იჩქარეს და გადახტომამდე „ჰოპლა“ დაიძახეს, რაც არ ეპატიათ!
მხედველობაში მაქვს მათი მხრიდან აჟიტირებული განცხადება, რომ ნაცვლად 25000 ხელმოწერისა, ერთ თვეში 50000 შეაგროვეს. იმედია, მომავალში უფრო თავდაჭერილნი იქნებიან, თუ, რა თქმა უნდა, პარტიას ხარვეზების გამოსწორების და საარჩევნო მარათონში ჩართვის საშუალება მიეცა.
P.S.S. აქვე მინდა ერთ ნიუანსზე გავამახვილო ყურადღება:
ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ეს ხელოვნური ბარიერია: ყურადღება დროებით „კონსერვატორებზე“ იქნას გადატანილი და ამ გაწამაწიაში „ქართულმა ოცნებამ“ თავისი ახალი საკანონმდებლო ინიციატივები ბოლომდე მიიყვანოს!
ეს ის ჩანაფიქრია, როცა ხალხიც მოიგებს და ხელისუფლებაც. სხვანაირად, მუდმივ რყევებს ვერ ავცდებით - ბოლო-ბოლო, ხალხმა თავისი ძალა უნდა აჩვენოს!