ივერიონი / „დივიდე ეტ იმპერა“! ანუ, „გათიშე და იბატონე“

„დივიდე ეტ იმპერა“! ანუ, „გათიშე და იბატონე“

ყველა დროის ერთ-ერთმა გამოჩენილმა მეცნიერმა, კარლ მარქსმა, მე-19 საუკუნეში ბრძანა, ეპოქები ერთმანეთისგან იმით კი არ განსხვავდებიან თუ რას აწარმოებენ, არამედ იმით, თუ წარმოების რა საშუალებებით აწარმოებენ საქონელს. დღევანდელი ტექნოლოგიური რევოლუციების პირობებში,  ეს ასე შეიძლება გადმოვთარგმოთ, მეცნიერული აღმოჩენები სრულიად განსხვავებულ პირობებსა და გარემოებებს წარმოშობს, რაც კიდევ მეტად აღრმავებს წინააღმდეგობებს  სუბიექტებსა და სახელმწიფოებს შორის. დინამიკის  კანონს ყველა და ყველაფერი ემორჩილება, რომელიც პოეტურად გამოხატა უკვდავმა შექსპირმა: „ქვეყნად უცვლელი მხოლოდ ის არის, რომ ყველაფერი ცვალებადია“! დიახ, ცვალებადობის მორევში ტრიალებს მთელი სამყარო და მისი მდგენელი პატარა და დიდი ნაწილები, ქვეყნები, კონტინენტები, სრულიად დედამიწა, ხალხიც და მისი გონებრივი შესაძლებლობებიც...

ყოველ ეპოქალურ ცვალებადობას ძველის ნგრევა და ახლის მკვიდრად დამკვიდრება მოჰყვება ხოლმე, ასეა დღესაც და ასე იქნება მომავალშიც. მხოლოდ ეგაა, დღევანდელი თაობა ამ კონკრეტულ მომენტზე აგებს პასუხს, აკეთებს დროის შესატყვის საქმეებს. მომავალს კი, ბევრ ფუყე ქვებგარეულ ბალავარს დაუტოვებს ფხიზლად რომ იყვნენ და თავისი გასაკეთებელი საქმე აკეთონ უფრო წარმატებით... სწორედ ასეთი ცვლილებების გარდუვალობის აუცილებლობას უწოდეს უზენაესი გონის ადამიანებმა „მსოფლიო წესრიგი“! სწორედ მას უნდა დაექვემდებაროს ირგვლივ ყოველი ნებსით თუ უნებლიედ. ეს კი ის ჭეშმარიტებაა, რომელსაც ვერსად გაექცევა სამყარო...

დღევანდელ აზვირთებულ ეპოქაში ქაოსი ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. მსოფლიო დაიყო მეგა სახელმწიფოებად და მათ პატარ-პატარა სატელიტებად. ისინი ერთმანეთთან ფარულ თუ აშკარა მარადიულ ბრძოლაში მყოფები, ცდილობენ ყოველთვის სხვის ხარჯზე იცხოვრონ! მათ ხომ ძალიან ეპატარავებათ დედამიწა, სადაც თავს არც ისე კომფორტულად გრძნობენ. სწორედ ასეთი „პატარა“ ქვეყნების ბედი, როგორც ყოველთვის, დღესაც „დიდებზე“ ხდება დამოკიდებული. ამ დროს „დიდთა“ განწყობა მათ მიმართ პერიოდულად იცვლება მათი ინტერესების ცვალებადობასთან ერთად.  

ხშირად გაისმის უკვე კარგად მოძველებული სიტყვა „ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები“! ესეც რამხელა ცვალებადი ცნება ყოფილა თურმე! მასში იმდენი საიდუმლო ლაბირინთებია, ხშირ შემთხვევაში ძალიან ჭირს მის ჭეშმარიტ არსში ჩაწვდომა. მათ ერთი ურყევი მოთხოვნა აქვთ, თუ გინდა შენთან ვიყო, ჩემი ჭკუით უნდა იარო, მხოლოდ ჩემი სურვილის მონა უნდა გახდე! ჩემს ინტერესებში არ შედის შენი დიდი ისტორიული წარსული,   კულტურა, ევროპის ციტადელობა.  ეს ყველაერი დღევანდელ მოცემულობაში სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. როდის იყო დრო უკან ბრუნდებოდა?  იამაყო წარსულით, ვერაფერი შეღავათია დღეს, უმაღლესი ტექნოლოგიების ეპოქაში! აქ მე ვარ! რატომ გგონია მომავლის ბალავარი წარსულშია ჩაყრილი?! დღევანდელი დღით უნდა იცხოვრო და მორჩილად თავი დამიხარო  ძლიერს, რომელსაც არანაირი ვალდებულება და სურვილი არ გამაჩნია შენ მოგიტანოს სიკეთე, ეს თუ ჩემს ინტერესებში არ შედის!

ყოველივე ეს გვაფიქრებინებს, რომ სახეზეა კარგად აპრობირებული კოლონიური სინდრომი, რომელმაც მილიონობით ადამიანების სიცოცხლე შეიწირა და მისი რეამინირებული ფორმა, რამაც სრულიად შესაძლებელია გამოიწვიოს საქართველოს წინსვლის ვექტორის მოწყვეტა ეროვნულ, საუკუნეების განმავლობაში სისხლით და ოფლით  ჩაქვიტკირეულ ფუძესთან და გაურკვევლობის ბურუსში გახვიოს მისი მომავალი!

ყოველივე ეს მიგვანიშნებს  საქართველოს ღირსეულ წინაპართა მიერ დროსთან ჭიდილში გამოწრთობილი უზენაესი მიზნების ტრაგიკულ დასასრულს. ეს ეხება მეოცე საუკუნის მიჯნაზე მოღვაწე ივერიის მეორე სვეტად წოდებულ ილია ჭავჭავაძეს და თავისუფლებისთვის მებრძოლ წმინდა მოწამეს, ზვიად გამსახურდიას. ცხადია, უფლის მიერ ბოძებული ესოდენ საჭირო ევრაზიის ხიდზე საქართველოს ყოფნა დიდთა, ყოვლის მძლეთა ინტერესების სფეროში მოექცა და აქ მარტო საკუთარი ლოკალური სურვილის გათვალისწინება თითქოს  მომაკვდინებელი აღმოჩნდა მათთვის.

ნიშანდობლივია ის მსგავსება, რომელიც იკვეთება ზვიად გამსახურდიას მოკლე ეპოქასა და დღევანდელობას შორის. ორივეს წითელ ხაზად გასდევს წარსულისადმი პატივისცემისა და ქედის მოხრის სინდრომი, რომელიც მომავლის „მკვიდრი საძირკველია“, რაც გამოიხატება  ათასწლეულების მანძილზე დაგროვილი ქართული ზნეობისა და ქრისტესმიერი სიყვარულის ერთგულებაში. ყოველივე ეს რატომღაც მიუღებელი აღმოჩნდა დღევანდელი ნეოლიბერალური ფასეულობების მიმდევართათვის. სწორედ ამიტომ, მთელმა დასავლურმა ფრთამ დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა საკუთარი იდენტობისთვის მებრძოლ საქართველოს, მსოფლიო მართლმადიდებლობის ფორპოსტს. მათეს სახარების სიბრძნემ კიდევ ერთხელ გაანათა ბნელი - „არა რაი არს დაფარული, რომელიც არ გაცხადდეს და დამალული, რომელიც საცნაურ არ იყოს“! დიახ, ყველაფერი თავის ჩვეულ ადგილს დაუბრუნდა, უზნეობის აღლუმია! „მეფე შიშველია“!

აშკარად გამოჩნდა იმ დამსახურებული სიკეთის მიზანი, კანდიდატის სტატუსისა და ვიზალიბერალიზაციის სახით, რომლის საპირწონედ ქართული ზნეობა და ისტორიული თვითმყოფადობა დაიდო. ამ დროს დემოგრაფიული კატასტროფის რისკი უფრო გაიზარდა. მოჩვენებითი კეთილდღეობის მიღწევა მოხდა ისეთი ღირებულებების ფასად, როგორიცაა ოჯახური ღირსების შელახვა, წინაპართა სისხლით მორწყული მიწების გაუკაცრიელება, სამშობლოს სიყვარულის  გაუცხოება.

ოცდაათი წელი დასჭირდა ქვეყანას  ისტორიული სამართლიანობისთვის თვალი გაესწორებინა, ხოლო თორმეტი, საკუთარი სახელმწიფოს უზენაესობა და ქართველი ერის უნიკალურობა გაეთავისებინა და მისი გადარჩენისთვის დაეწყო ბრძოლა. თუმცა სახეზეა ყოველივე ქართულზე ორკესტრირებული შეტევა გლობალისტებისა და ინკოგნიტო, ეგრეთ წოდებული, „ომის პარტიის“ უხილავი ძალების მონაწილეობით. მათი დაფარული მიზნები თანდათან საცნაური ხდება, ისინი ცდილობენ პლანეტის ერთ-ერთი ჭეშმარიტი ცივილიზაციის, მართლმადიდებლობის აღგვას პირისაგან მიწისა. დღევანდელ უთანასწორო ძალთა ჭიდილში ქართველი ხალხის მარტო დარჩენა დიდი ხიფათის შემცველია. თუმცა, დასავლეთელ ნეოლიბერალებს ავიწყდებათ ერთი აბსოლუტური ჭეშმარიტება, მთელი მსოფლიო მარტო დასავლეთი არ არის!

მაინც რა იმალება ამ დაუნდობელი ომების იქით, რასაც კაცობრიობამ ჯერ კიდევ ვერ დააღწია თავი? ჩვენი აზრით, თვითგადარჩენის ინსტიქტი შორეულ პერსპექტივაში. ამ ყველაფრის გასაღები დედამიწის წიაღში საიდუმლოდ განლაგებული იმ ბუნებრივ რესურსებშია, რომლის ფლობა, მოპოვება და დამუშავება სახელმწიფოებისა და ადამიანების კეთილდღეობის შენარჩუნების საფუძველთა საფუძველია. ამ მიმართულებით ორად გახლეჩილ მსოფლიოში ერთ ნაპირზე დარჩა ოცდაათ პროცენტამდე აუთვისებელი რესურსების ნაწილი, მეორეზე - სამოცდაათი! ამ მხრივ წამყვან პოზიციაზე, როგორც ცნობილია, რუსეთის ფედერაციაა. ამას იმდენად შეიძლება არ ჰქონდეს მნიშვნელობა ჩვენი პატარა ქვეყნისთვის, მაგრამ როდესაც დასავლეთი ცდილობს დემონსტრაციულად მოგვიხუროს კარები და მისი ის მცირე სიკეთეც არ გვიწილადოს, მაშინ სწორიც იქნება და აუცილებელიც, სხვასთან ვეძებოთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გზა. ისე, მესამედი საუკუნის განმავლობაში ნუთუ არ შეიძლებოდა კეთილი ნების გამოვლენა და საქართველოში კოლაფსის პირას არ აღმოჩენილიყო ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სფეროები, როგორიცაა განათლება, მეცნიერება, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და მომხმარებელი ერის დამამცირებელი ფუნქცია მწარმოებელი ერის ამაღლებული სტატუსით შეცვლილიყო?! ესაა სწორედ ნიჰილისტური დამოკიდებულების მაგალითი საქართველოს სახელმწიფოსადმი, რასაც სტრატეგიულ პარტნიორობასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია.

ისტორიულად დადასტურებულია  განსხვავებული საზოგადოებრივი სისტემების შეუთავსებლობის სინდრომი. ამ შემთხვევაში მეგაეკონომიკური ძალის ქვეყნები ყოველთვის ნაკლებგანვითარებულ სახელმწიფოებზე ბატონობას ესწრაფოდნენ მათდამი ქიმერული კეთილგანწყობის შექმნის ეგიდით. სწორედ ეს ხდება, ხშირ შემთხვევაში ლოკალური ომების მიზეზები, სადაც ძლიერთა იდეები და კაპიტალი მონაწილეობს დიდი და მდიდარი კონკურენტების დასასუსტებლად გამიზნულ პროცესებში, საბოლოოდ  თავზე რომ  მოახვიონ საკუთარი ნება-სურვილი. სწორედ ასეთი სცენარის შორს გამიზნული პოლიტიკის ობიექტი გახდა გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში საქართველოს ისტორიული ნაწილი, აფხაზეთი. ოცდაათი წლის მერე იგივე სცენარი მეორდება ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანა, უკრაინაშიც. აქ ყველაზე ჭეშმარიტი ცივილიზაციის, მართლმადიდებლებს შორის გაჩაღებული ომი შემთხვევითი მოვლენა არ არის და შორს გათვლილ მიზნებს ემსახურება...

ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, დიდი ილია ჭავჭავაძე ბრძანებდა: „ღარიბი ერი ფულიანთა საძოვარიაო“! სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია ეს თეზა.  სწორედ მდიდრები და ფულიანები ახვევენ თავზე მათ „ნარატივებს“ საქართველოს და მის ხალხს მუდამდღე ერეკებიან თავიანთი სურვილისამებრ მოჩვენებით სამოთხეში, სინამდვილეში კი, მარადიულ ჯოჯოხეთში. არსებობს ასეთი ეკონომიკური დოქტრინა, ეკონომიკის ფერიფერიზაციის თეორია. ის ითვალისწინებს განვითარებული ქვეყნებიდან წარმოების განვითარებად ქვეყნებში გადატანას, სადაც იაფი მუშახელი ჰქმნის ორივესთვის საჭირო ეროვნულ პროდუქტს. სწორედ ასეთმა პროცესებმა ააღორძინა ბევრი აზიური სახელმწიფო, სადაც ცხოვრების დონე არნახულად ამაღლდა. საქართველოს მიმართ ასეთი საკითხი არც კი დასმულა დღის წესრიგში, პირიქით, აქედან ხდება მოსახლეობის ფერტილური ნაწილის ემიგრირება მათ ქვეყნებში მოსამსახურის სტატუსით დამაკნინებელი სამსახურის შესასრულებლად. ახლახანს რუსეთის პრეზიდენტის მიერ ვიზა-ლიბერალიზაციის გამოცხადება  საქართველოს მოქალაქეებზე, ხომ არ ააგორებს ემიგრაციის ახალ ტალღას სხვა ქვეყნის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად?!  ასეთ  შემთხვევაში  ვისი იმედით შეიძლება განვითარდეს ქვეყნის ეკონომიკა? უცხო ხალხის დივერსიფიკაცია ასეთ პატარა ქვეყანაში როგორ შედეგებს დააყენებს, ამის წარმოდგენა, არც ისე რთული უნდა იყოს. ხომ არ გამოიწვევს ეს  ჩვენი უნიკალური ქვეყნის  სხვა ხალხების მშვიდობიანი ანექსიის ობიექტად  გადაქცევას?!

პოლიტიკური პროცესების დინამიკა გვიჩვენებს, რომ დაძაბულობა დღითიდღე მატულობს. თეორიულ ილუზიებზე აგებული ურთიერთგამომრიცხავი ნარატივები დაუჯერებლობის ყოველგვარ ზღვარს გასცდა. არაფრის მთქმელი გამოკითხვის კვაზი შედეგები ურეიტინგოთა მანიპულაციის საგანი ხდება და მათი თვითდაჯერების ხარისხი მატულობს. ამ შემთხვევაში არავის აინტერესებს არჩევნების უკან მდგარი ოიექტური რწმენის ადამიანთა აზრი. ამის მიზეზი მათ უკან მდგარი ის ევროპული  და ამერიკული ლიბერალური ძალებია, რომელთა მიერ ძალიან ბევრ ქვეყანაში აპრობირებული ეგრეთ წოდებული ფერადი და გაზაფხულის რევოლუციებია, რომლებმაც კატასტროფული შედეგები მოუტანა მშვიდობიან მილიონობით მოსახლეობას. თუ გავაანალიზებთ ამ ძალების მიერ დაანონსებულ მოსაზრებებს, აქ აშკარად სჩანს პოსტარჩევნების რეალური შედეგების მიუღებლობა, რასაც უნდა მოჰყვეს ქვეყნისთვის უმძიმესი შედეგები. ყველაფერი ეს კეთდება მათთვის მისაღები დემოკრატიის სახელით, რომელიც რატომღაც ქვეყნის მოსახლეობის ჯანსაღი ფენის აზრს აბსოლუტურად არ ემთხვევა. გამოსავალი ერთია, მტკიცედ დგომა ქვეყნის ინტერესების ყოველნაირი ხერხებით დასაცავად და უმცირესობისთვის თავისი კუთვნილი ადგილის მიჩენა პოლიტიკურ მოუსავლეთში. ერთიც, მიუხედავად ილიასეული უკვდავი სიბრძნისა, „ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად“, ამ შემთხვევაში თავის აზრს კარგავს და შეუთავსებელია ქვეყანაში არსებულ რეალობასთან.

გლობალურ სამყაროში არც ისე ადვილია პოლიტიკაში მიმდინარე ქვედა დინებების ამოცნობა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში თვითლუსტრაციის სინდრომი იჩენს თავს და გაცხადდება ძლიერთა ნამდვილი მიზანი. მხედველობაში გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ელიტის უპრეცენდენტო დაინტერესება პატარა საქართველოს შიდა პრობლემებით. ეს შეიძლება ინოვაციურ მიდგომად  იქნას აღქმული „ძე  შეცთომილი“ შვილის მოსაქცევად „სწორ“ გზაზე.  ამის რწმენას გვიმტკიცებს ის, რომ მათ მიერ ჩანერგილი და უგზოუკლოდ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური მედია, არანაირ კორელაციაში არ მოდის  სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებთან, პირიქით, აბსოლუტური შეუთავსებლობის შთაბეჭდილებას სტოვებს. ამ შემთხვევაში საკითხავია, რა ფერის დემოკრატიასთან გვაქვს საქმე?! ეს არის პირდაპირ „ვა-ბანკზე“ წასვლა ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც მიგვანიშნებს კოლონიური მორჩილების უკვე დრომოჭმული ტენდენციების რეანიმაციაზე.  ჩვენი ღრმა რწმენით, სახეზეა ექსპერიმენტი საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ თავისი შორს მიმავალი გეგმებით. ვფიქრობთ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც სხვისი ხელით ნაკვერჩხლის აღება შენთვის კომფორტულია  იდეოლოგიური მტრის დასამარცხებლად.

ეს ყველაფერი წარმოშობს  უმძიმეს  რისკს ჩვენი მრავალტანჯული ქვეყანის წინაშე, რაც არ გამორიცხავს  მსოფლიო რუკიდან მის გაქრობასაც. ასეთი მძიმე დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს ყოფილ სტრატეგიულ „კეთილისმსურველთა“ ჟამიდან ჟამს არაგულწრფელი აღიარება, თითქოსდა მხარს დაუჭერენ ხალხის არჩევანს, მაგრამ არა ისეთს, როგორიც თვითონ არ აწყობთ მათი „შავი მიზნების“ მისაღწევად. გამოდის, რომ არჩევნების ყოველგვარი შედეგები, რომლებიც მათ სტრატეგიასთან შეუთავსებელი იქნება, აპრიორი  ყალბად შეფასდება. ამას რა შეიძლება დაერქვას, თუ არა საკუთარი ინტერესებისადმი მონური მორჩილება საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ. ამისი აშკარა ნიშნები უკვე გამოიკვეთა საზოგადოებაში, რომელსაც საფუძვლად უდევს იმპერიის ყველა დროის უცვლელი პრინციპი, „დივიდე ეტ იმპერა“, ანუ „გათიშე და იბატონე“! აი, სანამდე მიდის ამა ქვენის ძლიერთა ამბიციები და ბატონობის სურვილი „დემოკრატიული“ ცხოვრების ეპოქაში?! ეს ხომ არ ნიშნავს ქართული სახელმწიფოს განვითარების სტრატეგიული ვექტორის შეცვლას ავის მსურველთა საამებლად?! ეს რამდენად ახლოს დგას ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულ ინტერესებთან, დღესავით ნათელია...

ამ ყველაფერმა უკომპრომისო ბრძოლისთვის უნდა განაწყოს მთელი ქართველი ერი და ბერი საბოლოო გამარჯვებამდე. ამ შემთხვევაში სრულიად მოსალოდნელია ევროპამ და მისმა გრძნეულმა მბრძანებლებმა, ზურგი საბოლოოდ გვაქციონ, მაგრამ სისხლით და ცრემლით მოპოვებული თავისუფლების შეგრძნება, ყოველგვარ კოლონიურ მონობაზე მაღლა დგას და გაიმარჯვებს.

დროების ცვალებადობასა და სიახლეს ახალი წესრიგი მოაქვს, რასაც ერთი მტკივნეული თანმდევი პროცესიც ახლავს. ეს გამოიხატება სუვერენული ქვეყნების უკვე აღიარებული ტერიტორიების ხელახალ გადანაწილებაში. ასეთ ტურბულენტურ ზონაში ყოველთვის ხვდებიან პატარა და სუსტი ქვეყნები, მითუმეტეს მათი გეოპოლიტიკური წონა თუ მძიმეა. ასეთ დროს ისინი ექცევიან დიდთა ინტერესების არეალში და ძვირი საფასურის გადახდა უწევთ ამ მხრივ. ასეთი ქვენების მდგომარეობაშია საქართველოც უკვე ოცდაათი წელიწადია. ეს განაპირობა იმან, რომ  გამოიკვეთა  საქართველოსადმი ინტერესთა მთელი სპექტრი, რაც მისი სტაბილურობის გარკვეულ გარანტორადაც შეიძლება მოგვევლინოს. ევრაზიის კონტინენტის დამაკავშირებელი ხიდის უსაფრთხოებამ უნდა  აიძულოს მეგა მოთამაშეები სიფრთხილით მოეკიდონ ამ ქვეანას, რაც მნიშვნელოვანი კოზირია მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის.

სწორედ ამითაა განპირობებული ის, რომ საქართველოს, ამ პატარა მარგალიტის სასარგებლოდ, დღის წესრიგში დადგა ხუთასწლოვანი „დიდი აბრეშუმის გზის“ აღდგენის საკითხი, რომელიც გეოპოლიტიკის დიდი ნაწილიცაა. ამ კუთხით წარმოიშვა ინტერესთა სპექტრი, რომელშიც სხვებთან ერთად  აზიის ეკონომიკის გიგანტის, ჩინეთის მზარდი ეკონომიკაც ჩაერთო. საქართველო გეოპოლიტიკის განუყოფელი ნაწილი გახდა. ამან ცხადია, გლობალურ სივრცეში გამოკვეთა საქართველოს ადგილი და როლის მნიშვნელობა, რაც მის ტერიტორიულ მთლიანობას სტრატეგიულ დატვირთვას აძლევს  კანონიერად  აღიარებულ საზღვრებში. ეს ნიშნავს მსოფლიო გლობალურ პროცესებში რეალურად ჩართვას.

ისიც უნდა ითქვას, რომ მეგამოთამაშეთა მიზნების  რეალიზაციისთვის და ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებისთვის მცირე ერების ამბიციები იმდენად უმნიშვნელო იქნება უახლოეს მომავალში, საკუთარი კეთილდღეობის ამაღლებისთვის მოუწევთ რადიკალური ნაბიჯების გადადგმა. ისინი, ამ შემთხვევაში აფხაზეთი, გახდება მეგაპროექტის სტრუქტურის ნაწილი და კუთვნილ ნიშას მონახავს გეოპოლიტიკურ სივრცეში. ეს იქნება მყარი წინაპირობა ქართველთა და აფხაზთა ურთიერთობების დარეგულირებისა და პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღებისათვის, რათა სწორად გააცნობიერონ მისი როლი და მისია გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ეს შექმნის მკვიდრ საფუძველს საუკუნოვანი თანაცხოვრებისათვის, სადაც გაუცხოების სინდრომი წარსულს ჩაბარდება.

ისტორიამ მრავალჯერ დაადასტურა ორ ერს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენის ერთადერთი გზა, რომელიც ურთიერთ მიტევებაზე გადის. ეს კი სიმშვიდის მომტანია და სამომავლოდ „ბედნიერი მორიგების“ მყარი საწინდარია. ამ შემთხვევაში მირაჟივით გაიფანტება „დივიდე ეტ იმპერას“ ბარბაროსულ მიზანთა სიცხადე.

 

მურმან კვარაცხელია,

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

 

გუშინ, 13:59
უკან დაბრუნება