ივერიონი / უმადურები და „გადაგდებულები“!

უმადურები და „გადაგდებულები“!

 


ხშირად გვესმის: „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი ხალხი გადააგდო“, „ქართული ოცნება“ პორტირებულ „ნაცებს“ უფრო სწყალობს, ვიდრე, საკუთარ მხარდამჭერებს!



 

„გადაგდებულებში“, უმთავრესად, იგულისხმებიან ის აქტივისტები, რომლებიც 2011 წლიდან დღემდე საარჩევნო კამპანიის პროცესში გვერდში ედგნენ „ქართულ ოცნებას“.


 

როგორც ერთმა მეგობარმა სამართლიანიად აღნიშნა, 2012 წელს ჩვენ კი არ ვუჭერდით მხარს ბიძინა ივანიშვილს, არამედ პირიქით, ბიძინა ივანიშვილმა გაგვიწია „მეგზურობა“ და აიღო პასუხისმგებლობა „ნაციონალების“ ფაშისტური რეჟიმის პოლიტიკური ავანსცენიდან გასტუმრებაზე.


 

ახლა იმაზე კამათი, საკუთარი სურვილით თუ დავალებით იყო შემოსული ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში, არაფერს გვაძლევს. ფაქტია: ის, რაც ვერ მოახერხა ქართველმა ხალხმა ივანიშვილის გამოჩენამდე, გააკეთა ივანიშვილმა, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის ერთსულოვანი მხარდაჭერით!


 

ამდენად, „მე „ქართული ოცნების“ გვერდში ვიდექი და ამისთვის აუცილებლად სამსახურით უნდა დამაკმაყოფილონ“, აბსურდია!


 

ბუნებრივია, სახელმწიფოში ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს საკუთარი უნარისა და გამოცდილების რეალიზების საშუალება, მაგრამ არამც და არამც ეს პარტიულ მხარდაჭერაზე რა უნდა გადიოდეს!


 

ვეთანხმები იმ აზრს, რომ „ქართული ოცნების“ საკადრო პოლიტიკა კრიტიკას ვერ უძლებს - ნეპოტიზმმა მძლავრად გაიდგა ფესვები და, აქედან გამომდინარე, კადრების შერჩევა არაპროფესიონალიზმის ნიშნით, არამედ ნდობის ხარისხით ხდება, თუმცა ამასაც ღრმა მიზეზები გააჩნია.


 

საქმე ისაა, რომ მმართველმა პარტიამ შესანიშნავად იცის, რაც არ უნდა უკმაყოფილო ამომრჩეველი ჰყავდეს, ხმას მაინც მას მისცემენ - ფაშისტური რეჟიმი რომ არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში! დაკვირვება ცხადჰყოფს, რომ ამ კოზირს „ქართული ოცნება“ შესანიშნავად იყენებს!


 

* * *


 

როცა ნეპოტიზმზე და პროფესიონალთა „დაუნახაობაზე“ ვსაუბრობთ, ხაზი უნდა გავუსვათ ერთ გარემოებას: როგორც ამბობენ, „ქართული ოცნება“ ზომაზე მატად წყალობს „პორტირებულ ნაციონალებს“ - საუბარია არა მარტო „ნაციონალების“ ზეობის დროს სახელმწიფო სამსახურებში მომუშავე კადრებზე, არამედ ყოფილი „ნაციონალების“ დაწინაურებაზე სხვადასხვა საკვანძო თანამდებობებზე (მათ შორის მაღალ იერარქიებშიც).



 

თუმცა, აქაც ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ე.წ. „მამალი ნაციონალი“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი“. თუ მას „ნაციონალური“ რეჟიმის პირობებში, სახელმწიფო დონის დანაშაული არ ჩაუდენია და თუ დღესაც „ნაციონალური იდეოლოგიის“ ტყვე არ არის (საქმეს არ აფუჭებს მათ სასარგებლოდ), თუ იგი თავისი პროფესიონალიზმით დაკავებულ თანამდებობას შეეფერება, პრეტენზია არ უნდა გვქონდეს. ეს იგივეა, ეროვნული მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლისას, კომუნისტებს რომ არ წყალობდნენ და თითქმის ყველა კგბ-ს აგენტად მოიზარებოდა. ეს აბსურდული მიდგომაა - ადამიანი იმ სისტემის პროდუქტია, რა სისტემაშიც უხდება მას ცხოვრება. ამდენად, როგორც ნაკომუნისტარ-ნაკომკავშირელთა მიუღებლობაა შეცდომა, ასევეა ყველა „ნაციონალის“ ქვეყნის მტრად გამოცხადება. უპირველესად, ადამიანის ქმედებიდან უნდა გამოვიდეთ და არა მათი პარტიული კუთვნილებიდან.


 

ამდენად, ე.წ. 2012-იანელების და „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივისტების (პროპაგანდისტების) საყვედური, რომ ისინი „გადააგდეს“, არც ისე მართებულია - პარტიული მხარდაჭერა არ ნიშნავს გარანტირებულად მიიღო სახელმწიფო სამსახური - ამისთვის პროფესიონალიზმიც უნდა გიწყობდეს ხელს!



 

ვიდრე სისტემური ცვლილებები არ განხორციელდება („ოცნებამ“ ჩოხასავით მოირგო  „ნაციონალური“ სისტემა) და ხელისუფლებას არ ეყოლება ოპონენტი სამოქალაქო საზოგადოების სახით, ნებისმიერ სფეროში ნეპოტიზმს ვერ ავცდებით!



 

P.S. ერთ მეგობარს, რომელიც თავისი ინტელექტითა და გამოცდილებით, ნებისმიერ საჯარო სამსახურს დაამშვენებს, ვკითხე: რატომ არ იყენებს ხელისუფლება შენი და შენნაირების (რამდენიმე პიროვნებაც დავასახელე) კვალიფიკაციას-მეთქი. მან მისთვის ჩვეული ღიმილით მიპასუხა:


 

- რატომ ფიქრობ, რომ არ იყენებს?! ხელისუფლებამ იცის, რომ ჩვენ სახელმწიფოს წინააღმდეგ არ წავალთ და ჩვენს პროპაგანდას თავის სასარგებლოდ შესანიშნავად იყენებსო!


 

რომ დაფიქრდე, ნამდვილად ასეა...


ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი

 

დღეს, 12:19
უკან დაბრუნება