ღია ბარათი საქართველოს პრემიერ-მინისტრს,
ბატონ ირაკლი კობახიძეს.
ბატონო ირაკლი,
ვინაიდან, არ მაქვს საშუალება, როგორც თავისუფალმა ჟურნალისტმა რომელიმე ტრიბუნიდან დაგისვათ სამართლიანი შეკითხვა, თავს უფლებას ვაძლევ, ვისარგებლო სოციალური ქსელით და გადმოგცეთ საზოგადოების დიდი ნაწილის (თქვენი პარტიის მხარდამჭერების) გაოცება და გულისტკივილიც - საქმე ეხება ამ ბოლო ხანებში თქვენს მიერ მიღებულ საკადრო გადაწტყეტილებებს. თუმცა, ამჯერად შევჩერდები ბოლო საკადრო გადაწყვეტილებაზე, რომელსაც საზოგადოების აშკარა უკმაყოფილება მოჰყვა.
მხედველობაში მაქვს გივი მიქანაძის განწესება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად!
უპირველესად, გამოვხატავ თქვენდამი პატივისცემას და მხარს გიჭერთ იმ საგარეო პოლიტიკის არჩევანში, რომელსაც მესამე წელია საქართველოს მთავრობა ახორციელებს. განსაკუთრებული მადლობა ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის.
ასევე, მივესალმები თქვენს ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელიც, თუ მისი აღსრულება შეუვალი და თანმიმდევრული იქნება, არსებითად შეუწყობს ხელს ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას!
რაც შეეხება მთავრობის საკადრო პოლიტიკას, ხშირად ხდება საზოგადოების უკმაყოფილების მიზეზი და არც თუ უსაფუძვლოდ!
თუ ხალხში მოარულ აზრს ვერწმუნებით, საკადრო პოლიტიკა დღევანდელი მთავრობისთვისაც აქილევსის ქუსლია - განსაკუთრებული უკმაყოფილება ისმის „ნაცკადრების" სერიოზულ თანამდებობებზე დანიშვნის გამო.
იგივე აზრი დომინირებს გივი მიქანაძის, „ნაციონალური" რეჟიმის ერთ-ერთი წარმატებული კადრის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დანიშვნასთან დაკავშირებით!
მიუხედავად იმისა, რომ მიქანაძის სამინისტროში წარდგენისას, თქვენ იგი დაახასიათეთ, როგორც „უაღრესად კეთილსინდისიერი" ჩინოვნიკი, ხალხს მაინც მისი ბეგრაუნდი აღიზიანებს - მითუმეტეს, ბატონ მიქანაძეს „ნაციონალური" რეჟიმის პირობებში, სერიოზული თანამდებობები ეკავა ძალოვან სტრუქტურებშიც!
გეტყვით იმასაც, რომ ადრე, მსგავსი პრეტენზიები იყო მისი წინამორბედის (რომლის მინისტრობამ სულ რამდენიმე თვე გასტანა), ასევე, კულტურისა და საგარეო საქმეთა მინისტრების დანიშვნისას!
ასეთ დროს, მთავრობა ვალდებულია აუხსნას ხალხს, რასთან გვაქვს საქმე - ერთი ხელით „ნაციონალური" რეჟიმის გაუქმებას გვპირდებით, მეორე ხელით, კი „ნაციონალურ" კადრებს და დღესაც მათ ფარულ მხარდამჭერებს, მთავრობის წევრებად გვინიშნავთ, ეს ხომ აშკარად ორმაგი სტანდარტია, რომელიც არც ქვეყანას გამოადგება და არც საკუთარი ამომრჩევლის მოწონებას იმსახურებს!
სიტყვა ამომრჩეველი ვახსენე - სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი კეთდება კარს მომდგარი არჩევნების წინ.
დასკვნა მარტივია: გასაგები მიზეზების გამო (ვგულისხმობ, კრიმინალური, ორგანიზაციულად და მორალურად გაცვეთილი ოპოზიციის შესაძლო რევანშს, გარეშე მტრების დაუოკებელი მხარდაჭერით) არჩევნების შედეგები წინასწარ ჯიბეში გაქვთ და ამდენად, ხალხის აზრი (რეაქცია) არ გაინტერესებთ, რაც სავალალოა!
ბატონო ირაკლი,
მთავრობა მაშინ არის სიცოცხლისუნარიანი, როცა მას საკუთარი ხალხის უპირობო მხარდაჭერა გააჩნია, როცა ხალხისა და ხელისუფლების აზრი ერთმანეთს ემთხვევა.
აქედან გამომდინარე, ვალდებული ხართ, აუხსნათ საკუთარ ამომრჩევლებს, რატომ იღებთ ასეთ საორჭოფო გადაწყვეტილებებს და როდემდე გაგრძელდება სახელმწიფოს მართვა ორმაგი სტანდარტებით?!
პატივისცემით,
ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი.
2.07.2025