„თუ ვინმეს არა აქვს ისტორია, აჩუქეთ დავით გარეჯი და დიდებული წარსული ექნებაო!“
ნიკო კეცხოველმა ბრძანა 1975 წელს, დავით გარეჯობის პირველ დღესასწაულზე.
კაცობრიობის ისტორიას უამრავი დაპყრობითი ომები და სხვისი ადგილ-სამყოფლის, ტერიტორიების მითვისება-მისაკუთრება ახსოვს, მაგრამ ცოტაა შემთხვევები „ისტორიის მისაკუთრებაზე“ ჰყვებოდეს ვინმე.
არადა, მეორე მსოფლიო ომი ჯერ დამთავრებული არ იყო, ისტორიის გაყალბება-მისაკუთრებაზე ზრუნვა რომ ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად დაისახეს ე.წ. „დასავლეთის მესაჭეებმა“.
თეირანის კონფერენციის შემდეგ, ცალსახად ცნობილი იყო მეორე მსოფლიო ომის ბედი, მაგრამ მარტო ეს არ იყო მთავარი – მთავარი იყო, ვისი სახელი შერჩებოდა გამარჯვებულად მსოფლიო ისტორიას მეოცე საუკუნის ბოლოს, როცა მარტო მეოცე საუკუნის ისტორია კი არ იწერებოდა, არამედ კაცობრიობის 2000 წლის ისტორიაც ჯამდებოდა!
სამწუხაროდ, ისტორიის მიკუთვნებისთვის დაუნდობელი ბრძოლა დღესაც მიმდინარეობს და შესაძლოა დასასრული ვერასოდეს ჰპოვოს!
ყველაფერი ამის ფონზე, არიან ადამიანები, რომლებსაც ისტორია, ლამაზად დაწერილი და ბუხართან მოსასმენი „ზღაპარი“ ჰგონიათ!
– ჭეშმარიტი ისტორიის ცოდნა, უშეცდომო დღევანდელობის და წარმატებული მომავლის გარანტიაა!
– ჭეშმარიტი ისტორია, არა მარტო წერილობითი ფორმით, არამედ არქეოლოგიური მასალებით, არქიტექტურული ფორმებით, მხატვრობით, საკულტო ნაგებიბეზე კედლის მხატვრობით გადმოცემაა.
ეს რომ ასე არის, მე-11 საუკუნეში აგებული ალავერდის ტაძრის სტოაში ჩახატული წმინდა გიორგის უნიკალური ფრესკაც საკმარისია ამის საბუთად.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყოველი მესამე სალოცავი საქართველოში წმინდა გიორგის სახელზეა აგებული, ბუნებრივია, ათასობით ფრესკაცაა შექმნილი. იშვიათი გამონაკლისების გარდა, მისი ტრადიციული ფორმა საყოველთაოდაა ცნობილი:
– ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგის მიერ ურჩხულის განგმირვის სცენა!
თითქოს, იგივე სიუჟეტისაა ალავერდის წმინდა გიორგი, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. დავიწყოთ იმით, რომ ფრესკა მონუმენტალურია, უჩვეულოდ დიდ ფართზეა დახატული, მიუხედავად მრავალი საუკუნისა და ტრაგიკული ისტორიისა, იგი მაინც გადაურჩა ჟამთასვლას და საოცრად ცოცხალი ფერებითაა შემონახული.
როგორც დასაწყისში ვახსენე, ფრესკა ტაძრის ცენტრალური შესასვლელი კარის თაღშია ჩახატული. ცენტრალური ფიგურა ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი დომინირებს ვრცელ და რთულ კომპოზიციაში, რომელიც ტაძარში შემსვლელი მომლოცველის ყურადღებას იპყრობს ნახვისთანავე. მაგრამ, ამით არ მთავრდება ის, რაც ქართველი დიდოსტატის ფუნჯმა შექმნა:
– ყველა ფიგურა, ყველა დეტალი, ყველა მოძრაობა ისტორიული რომანივით იკითხება და ეს, არა გონებაში წარმოსახვით, არამედ დიდოსტატის ფუნჯით შექმნილი ფიგურების მოძრაობაში. ყველა შენობა-ნაგებობების, რომაული სასახლის ქონგურების, მასზე გადმომდგარი იმპერატორის და მისი თანმხლები პირების, ცოცხალი და მოძრავი, ყელზე საბელგამობმული ურჩხულის და მისი მეთვალყურე რომაელი ჯარისკაცის, რომელსაც ეს თოკი უჭირავს ხელში, ყველაფერი ერთ საერთო დინამიკაშია და საეკლესიო კედლის მხატვრობაში მეტნაკლებად გარკვეული კაცი, მას მარტივად გვერდს ვერ აუვლის.
გაუგონარი აღმავლობის გზაზეა მაშინდელი საქართველო. ამ დროს აშენდა:
– 1029 წელს სვეტიცხოველი
– 1030 წელს ალავერდის ტაძარი
– 1030 წელს სამთავისი
– 1014 წელს ნიკორწმინდა და კიდევ ბევრი სხვა...
საკამათო არ არის, წმინდა გიორგი საქართველოს განასახიერებს. ყალყზე შემდგარ ცხენზე ამაყად ამხედრებული შუბს უმიზნებს განსაგმირად, მისკენ მომავალ, კისერზე თოკგამობმულ ურჩხულს, თოკის ბოლო კი რომაელი ჯარისკაცის ხელშია და ისე არეგულირებს მას, როგორც მისი მბრძანებელი რომის იმპერატორი უბრძანებს:
– იმძლავრებს საქართველო, მიუშვებს გველეშაპს მაშინდელი „ევროპის“ მბრძანებელი რომის იმპერია, დასუსტდება საქართველო, გველეშაპსაც გაარიდებს მას!
იქვე, ფრესკის მარცხენა მხარეს, ჭიდაობის სცენაა აღბეჭდილი – ჩოხაში ჩაცმული ორი ქართველი ეჭიდავება ერთმანეთს, რაც მითაჟამიდან მოყოლებული ქართველთა შინა აშლილობებს და კუთხურ დაპირისპირებას ანსახიერებს, რომის იმპერატორის სასახლის უკან მთების მასივი მოსჩანს და შავი გვირაბია გამოსახული, საიდანაც უცხო დამპყრობელი არ ასვენებდა საქართველოს.
საოცარია ქართველი მხატვრის ჩანაფიქრი, როცა იგი თვალსაჩინოდ და დიდი აღმატებულებით გვაჩვენებს, „წმინდა გიორგი – საქართველოს“ სიძლიერით აღფრთოვანებულ რომის იმპერატორს და მის ამალას, იქვე ქარაგმულად, რომაელი ჯარისკაცისკენ მიანიშნებს, ყელზე თოკგამობმული ურჩხულით.
ცალკე თემაა, იმპერატორის სასახლის გახსნილი ჭიშკარი, არც მთლად ნათელი პერპექტივით, „ევროპისკენ“ მომავალი სტუმრისთვის...
ამ სცენას ჩვენ კიდევ მივუბრუნდებით.
ამითი არ მთავრდება ალავერდის წმინდა გიორგის ფრესკის წაკითხვა:
– ყალყზე შემდგარი ცხენის გავაზე, წითელჩალმიანი მაჰმადიანია შემოსკუპებული ფიალით ხელში, რომელშიც შარბათი უსხია და მაცდუნებლად წმინდა გიორგის აწვდის მას.
– საოცარია ეს კომპოზიცია, იმდენად ძლიერი ჩანს „წმინდა გიოგი – საქართველო“, იგი საერთოდ ვერ ამჩნევს მაჰმადის ცდუნებას, პირიქით – საერთო სურათში რომის იმპერიის და საქართველოს დომინირებაა გამოკვეთილი, რომელიც მანამდე გაგრძელდება, ვიდრე რომაელი ჯარისკაცი ბოლომდე მიუშვებდეს თოკზე გამობმულ გველეშაპს საქართველოს წინააღმდეგ!
პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა პირველად ვნახე ეს ფრესკა. მაშინვე მისი ნახვით მონუსხული დავრჩი. ნახევარმა საუკუნემ განვლო მას შემდეგ. თითქმის ფეხით მოვიარე მთელი ევროპა. იგი ქრისტიანი, აყვავებული და ერთმანეთის მოყვარულიც ვნახე და 90-იან წლებში საკუთარი ოჯახის გამანადგურებელი და ბომბის დამშენიც, როცა მე-11 საუკუნის საქართველოსავით ევროპასაც ჰყავდა სხვა კონტინენტიდან მოსული მეთვალყურე, რომლის ჯარისკაცსაც – „ყელზე თოკგამობმული ურჩხული ეჭირა“ ევროპის დასაშოშმინებლად და საკუთარ დაკრულზე აცეკვებდა!
ეს იყო ჩემთვის პირველი ნიშანი იმისა, რომ მარტო საქართველო კი არა, მთელი სამყარო იჯდა გამოქვაბულში, რომელსაც სხვა კონტინენტიდან მოსული მბრძანებელი მართავდა!
***
საუბედუროდ, უკუღმა აცხადდა საქართველოზე ალავერდის წმინდა გიორგის ფრესკის ალეგორიული ისტორია.
მაშინ, თუ ევროპას ემეტოქევებოდა ძლიერი და ამაყი საქართველო, რომის იმპერატორს ურჩხული მოჰყავდა მასთან წონასწორობის შესანარჩუნებლად, შარბათით სავსე ფიალით ხელში ცხენის გავაზე შემოსკუპებულ წითელჩალმიან მაჰმადიანს ვეღარც კი ამჩნევდა, დღეს ყველაფერი საპირისპიროდ ხდება:
– დღევანდელმა ევროპამ საბრძოლო იარაღი და მეთოდები შეცვალა მხოლოდ, მიზანი იგივე დარჩა, არც მეომარი ჩამოჰყავს საქართველოში:
– ყელზე თოკგამობმული ურჩხული და მისი საქართველოზე მიმქსევი „რომაელი ჯარისკაცი“ საქართველოში გამოგვიზარდა.
– იმპერატორის სასახლის ჩაბნელებული ჭიშკარი დღესაც ღიაა, არც მთლად ნათელი პერპექტივით, „ევროპისკენ“ მომავალი სტუმრისთვის...
– არც მაჰმადის ჯიში დარჩა უსაქმურად, არ სჭირდება მას „შარბათით სავსე ფიალა და წმინდა გიორგის ცხენის გავაზე შემოსკუპება“!
– სამწუხაროდ, რიგი უდგათ ქართველთა, საკუთარი ხელით დაეწაფონ საწამლავს – ოღონდ ქვეყანას უმტრონ!
დავით ქობალია
25.01.2026