ივერიონი / ძირს ყალბი დემოკრატია - გაუმარჯოს წესრიგს!

ძირს ყალბი დემოკრატია - გაუმარჯოს წესრიგს!

 

ცუდად მუშაობს ბიძინა ივანიშვილის 2012 წლის წინასაარჩევნო დაპირება, რომ ჩვენ „ქართული დემოკრატიით“ მსოფლიოს გავაოცებდით.


 

ჯერ ერთი, გადაჭარბებული არაფერი ვარგა, მეორეც, განსაკუთრებით ბოლო წლებმა დაგვარწმუნა, რომ მავანთა მიერ ნაქებარი ე.წ. დასავლური დემოკრატია ყალბია (ფარსია) და იგი მხოლოდ და მხოლოდ ძლიერთა ამა ქვეყნისათა ინტერესებს ემსახურება!


 

კი ბატონო, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ანდამატივით იზიდავს ადამიანს, მაგრამ პრაქტიკამ დაადასტურა, რომ თავისუფლება პასუხისმგებლობის გარეშე ანგრევს (ერთმანეთთან აპირისპირებს) თავად საზოგადოებას და საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს მდგრადობასაც!


 

აშკარად მენტალობის პრობლემა აქვს, ვინც სააკაშვილის ფაშისტურ რეჟიმს მისტირის, სადაც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ნულამდე იყო დაყვანილი, თუმცა, არც ივანიშვილის მიერ გაცხადებულმა „ჭარბმა დემოკრატიამ“ ივარგა - მავნებლებმა (დღევანდელი გაგებით, „აკაცუკებმა“) აქაოდა ყველაფრის უფლება გვაქვსო, ისე აიწყვიტეს, გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ სახელმწიფოს ინტერესებს!


 

რამდენად საშიშია ეს?


 

რა თქმა უნდა, საშიშია - თუ ეს მარაზმი დროზე არ შევაჩერეთ, ეჭვს არ იწვევს, რომ აშკარად შარში გავეხვევით!


 

დავიწყოთ სააკაშვილით: კაცი, რომელიც სასჯელს იხდის პენიტენციურ სისტემაში, შანსს არ უშვებს ხელიდან, ყველა საჩოთირო თემას გამოეხმაუროს და თავისი „სიტყვაკაზმულობით“ საფრთხის ქვეშ დააყენოს სახელმწიფოს ინტერესები! არადა, მისი აქტიურობა განსაკუთრებით საშიშია დღეს, როცა ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის ალი გიზგიზებს და ღმერთმა უწყის, რა მასშტაბებს შეიძენს იგი და როგორ გადმოგვწვდება ჩვენ...


 

არ მესმის,  რატომ უნდა ჰქონდეს პატიმარ სააკაშვილს იმის ფუფუნება, ყოველდღე ანტიქართული პასკვილები აცხოს და ამით დარტყმის ქვეშ დააყენოს სახელმწიფო? რატომ ვაძლევთ მას ამის უფლებას?!


 

დროა, თუ დაგვიანებული არა,  ყველა საინფორმაციო ღრუ გადავუკეტოთ, ვიდრე, მისი მიზანმიმართული პასქვილები ქვეყანას შარში გახვევდეს!


 

ცალკე საუბრის თემაა თინა ხიდაშელის გაუგონარი თავხედობა, როცა იგი საკუთარ სახელმწიფოს შეგნებულად ტერორსტების მომზადებაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, საქართველოში (კერძოდ, მარნეულში) არსებობს ირანის უნივერსიტეტის ფილიალი, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, ტერორისტებს ამზადებს. ხელისუფლება ვალდებულია მოსთხოვოს უცხოეთის შტატიან აგენტს სათანადო მტკიცებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ გაატაროს კანონით დადგენილი უმკაცრესი ზომები. საზოგადოებამ კი „სამშბლოს მოღალატის“ გვირგვინით დააჯილდოვოს. თუ ეს ასე არ მოხდება, ადგილობრივი აგენტურა ქვეყანას უმძიმესი დარტყმის ქვეშ დააყენებს!!!


 

იგივეს ვიტყოდი სოციალურ ქსელში გამართულ ანტიქართულ კაკაფონიაზე, რომელიც ცეცხლზე ნავთის დასმას ემსახურება.


 

ეს მიზანმიმართული აგრესიული კამპანიაა, რომლის უკან ქვეყნის გარე და შიდა მტრები დგანან - მიზანი არსებული ხელისუფლების ჩამოშლა და ფაშისტური ძალების ხელისუფლებაში დაბრუნებაა, რომლის გაგრძელება საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასასრული იქნება!


 

დღეს, როცა ხელისუფლება ბეწვის ხიდზე გადის და ბალანსის (ნეიტრალური) პოლიტიკით ახერხებს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას, შეიძლება დემოკრატიულობანას თამაში საბედისწერო აღმოჩნდეს - მითუმეტეს, ხელისგულზე ჩანს, რომ ე.წ. ყალბი დასავლური დამოკრატია აყროლებულია (ეპშტეინის ფაილებმა ბოლო ლურსმანი დააჭედა მითს დასავლური დემოკრატიის სიკეთეზე). აშკარაა ისიც, რომ საერთაშორისო სამართალი მიიცვალა და იგი ძალის სამართალმა ჩაანაცვლა - ამის მკაფიო მაგალითია ვენესუელის პრეზიდენტის - მადუროს მოტაცება და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები.


 

ზოგიერთი იმდენად გათავხედდა, ხმამაღლა ოცნებობს „ირანის წყალი“ საქართველოსაც გადმოესხას (ირანის სულიერი ლიდერისა და სამხედრო-პოლიტიკური ელიტის განადგურება), იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც უკავშირდება პოლიტიკური ბალანსის შენარჩუნება ქვეყანაში - საკმაოდ ფრთხილი და გაწონასწორებულია დღევანდელი ხელისუფლების ნეიტრალური დამოკიდებულება ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ პროცესებზეც. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ერთადერთი პრაგმატული პოლიტიკა სწორედ ნეიტრალურობის შენარჩუნებაშია, რასაც მეტ-ნაკლებად ახერხებს დღევანდელი ხელისუფლება - დიახ, ჩვენ, სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ვერ ვიქნებით მხარე. ამ დროს კი, შიდა კონფორმისტული ძალები ყველანაირად ცდილობენ სიტუაციის დაძაბვას და ქვეყნის ქაოსურ სიტუაციაში გადაყვანას, რომელიც არ უნდა დავუშვათ!


 

უპირველსად, უარი უნდა ვთქვათ, „ჭარბი“ ქართული დემოკრატიის გაგრძელებაზე - სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება კანონის ჩარჩოში უნდა მოვაქციოთ, სადაც უფლებასთან ერთად პასუხისმგებლობაც იქნება განსაზღვრული, სხვანაირად, მოსალოდნელ უბედურებას თავიდან ვერ ავიცილებთ!!!


 

* * *


საქართველოში ე.წ. „პრაფესორებს“ რა გამოლევს - განსაკუთრებით „კონა ათი შაურადაა“ დღეს - ვისაც არ ეზარება, ყველა საკუთარ „ჭეშმარიტებას“ აფრქვევს, სადაც პოლიტიკური ანალიზისა და პროგნოზირების ნაცვლად, ემოციურ, ხშირად (შეგნებულად) ჩასაფრებულ, საქართველოს ინტერესებისთვის დამაზიანებელ პოზიციებს ვაწყდებით. ეს განსაკუთრებით შეიმჩნევა სოციალურ ქსელში - ყველას ყველაფრის უფლება აქვს, პასუხისმგებლობა საკუთარ მავნებლობაზე კი - ნული, ვფიქრობ, გარკვეული შეზღუდვები აქაც უნდა დაწესდეს, რომ მტერს ქვეყნის ქაოტურ სიტუაციაში გადაყვანის მიზეზი არ მივცეთ.


 

ძირს ყალბი დემოკრატია, გაუმარჯოს წესრიგს!


 

ზაურ ნაჭყებია,

პუბლიცისტი


 

6-03-2026, 12:08
უკან დაბრუნება