ივერიონი / ნოდარ ჭითანავა -  დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური, გვარიშვილობით ქართული საბაზრო ეკონომიკა

ნოდარ ჭითანავა -  დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური, გვარიშვილობით ქართული საბაზრო ეკონომიკა

 

ერთხელ კიდევ საქართველოს ეკონომიკის მოდელის შესახებ


 

დიდი ქართველი მამულიშვილის, აღიარებული სახელმწიფო მოღვაწისა და ნოვატორი მეცნიერის ნოდარ ჭითანავას დაბადებიდან 90 წელი შესრულდა.


 

ყოველგვარი გადაჭარბების, რეგალიებისა და დამსახურებების ვრცელი ჩამონათვალის გარეშეც კი, მხოლოდ ამ გვარ-სახელის ხსენება უფროს თაობას უღრმეს პატივისცემასა და მოწიწების განცდას აღუძრავს. მისი განვლილი გზა, ქვეყნის კეთილდღეობისთვის უზენაესი პასუხისმგებლობით მიღებული გადაწყვეტილებები, პრაგმატული ხედვებით დახუნძული მეცნიერული მოღვაწეობა, ათას ქარტეხილს გამორიდებული უმწიკლო ავტორიტეტი შეუბღალავად დამკვიდრდა კეთილშობილების, ღირსების, ერისშვილობის მაღალ ოლიმპოზე. სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებზე ღრმა მეცნიერული აზრის მქონე  შეხედულებები, აგრარულ სექტორსა და მომავლის ეკონომიკაზე ნოდარ ჭითანავას ფილოსოფიური გააზრება კარგადაა ცნობილი ყველაზე დიდი, ობიექტური ინტელექტუალური სივრცისთვის და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ხელი მიუწვდება. მოკვდავთა შორის უკეთესი შემფასებელი ამ საგანძურს არ ჰყავს - ის უკვე ასახულია საუკეთესოდ დაცულ მსოფლიო საკაცობრიობო ცნობიერებაში და საუკუნეებს გადასწვდება. აქედან მას ვერავინ წაშლის, ვერ დაამახინჯებენ და ვერ მიითვისებენ, ვერც ვინმეს უსაფუძვლო კრიტიკა ავნებს, ფასს ვერ დაუკარგავს. იგი, როგორც უნიკალური გამოცდილების, მასშტაბური ხედვის, მოვლენათა განვითარების განჭვრეტის უნარით მადლმოსილი დიდი მოაზროვნე, საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარებისა და ეროვნული ეკონომიკის გარდაქმნების უახლოეს ისტორიაში ყველაზე ჩახედული და პირუთვნელი მემატიანეა. მან, როგორც სახელმწიფო მოღვაწემ, ორი ეპოქის - საბჭოთა იმპერიის დაშლისა და დამოუკიდებებელი საქართველოს ფორმირების საწყის ეტაპზე მიიღო ურთულესი გადაწყვეტილებები, საკუთარ თავზე გამოსცადა პასუხისმგებლობის უმძიმესი ტვირთი და ქვეყანა გარდაუვალ კატასტროფას განარიდა. მერეც, როგორც მეცნიერმა და მოქალაქემ მთელი თავისი საქმიანობა საქართველოს მომავლის ეკონომიკის საფუძვლების შექმნას მიუძღვნა. ამ ნაშრომებში სრულად ჩანს ბატონი ნოდარის აზროვნება, უარღესად საყურადღებო მოსაზრებები სახელმწიფოს როლსა და ადგილზე ქვეყნის განვითარებაში.


 

ბატონი ნოდარის ჭეშმარიტი სახის წარმოდგენისთვის, ყველაზე აღმატებული ეპითეტებისა თუ შეფასების დახვავების ნაცვლად, ვარჩიე მასთან უკვე 90-წლიანი გადასახედიდან დანახული საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური სისტემის პერსპექტივაზე დიალოგი ჩამეწერა, მით უფრო, მისმა ცნობილმა გამოთქმებმა და შეხედულებებმა დრიოს გამოცდა გამოიარა.


 

ბევრ ჩვენს კოლეგას და მკვლევარს უთუოდ ახსოვს 1996 წლის 22 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებული ნოდარ ჭითანავას ნააზრევი: „დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური, გვარიშვილობით ქართული საბაზრო ეკონომიკა“, სადაც ის წერდა: „საბაზრო ურთიერთობათა მომავალი ეროვნული ეკონომიკური სისტემა დედით სოციალისტურია (სოციალური სამართლიანობა, სოციალური დაცვა, ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირება), მამით კაპიტალისტური, (კერძო ინიციატივა, კონკურენცია, მოგებაზე ორიენტაცია, საბაზრო მექანიზმები), გვარიშვილობით ქართული (პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური ტრადიციები, სოლიდარიზმი, ჰუმანიზმი, პირადი და საზოგადოებრივი ინტერესების შეხამება, ცოდნისკენ, სიახლისკენ სწრაფვა, „რასაცა გასცემ შენია“-ს ფილოსოფია, ტოლერანტიზმი). მაშინ, გარდამავალი პერიოდის ტრანსფორმაციულ პროცესებს აყოლილმა ბაზრის მეხოტბეებმა ბატონი ნოდარის ეს ღრმა აზრიანი და ალღოიანი შეფასება, დედის წარმომავლობის გამო, დაიწუნეს. ეიფორიაში მყოფი საზოგადოება იმ დროს ჩამოყალიბებულ მდგომარეობას განიხილავდა, როგორც სოციალიზმის ნეგატიურ შედეგს. ბევრმა ვერც გაიგო, რას ნიშნავდა საქართველოს ეკონომიკური სისტემის შეფასების ეს გადატანითი მნიშვნელობის, მრავლისმეტყველი ფორმულა და უგუბელყვეს, თუმცა მას დღესაც არ დაუკარგავს პირვანდელი მნიშვნელობა - ზუსტად ასახავს დღევანდელობასაც.


 

მას შემდეგ 30 წელი გავიდა. ურთულეს გარდატეხათა და გარემოებათა მოწმენი გავხდით. შეიცვალა ადამიანთა მსოფლმხედველობა. რა თქმა უნდა, დარჩა ძველიც ახალ გარემოში. ქართული ეკონომიკური სისტემის შესახებ ნოდარ ჭითანავას შეფასების მიმართ ციფრული სამყარო ქმნის შესაძლებლობას და შეგვიძლია თვალი მივადევნოთ, რა იყო და როგორია დღეს მასზე საზოგადოებრივი აზრი:


 

დაინტერესებულთა ერთ ჯგუფს მიაჩნია, რომ „დედით სოციალისტური“ მიუთითებს ეკონომიკური სისტემის სოციალისტურ მემკვიდრეობაზე, სოციალურ მდგრადობასა და სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე. „მამით კაპიტალისტური“ − ახალ საბაზრო ურთიერთობებზე, როგორც მამოძრავებელ ძალაზე, „გვარიშვილობით ქართული“ ხაზს უსვამს ეროვნულ თავისებურებებს და იმ კულტურულ კოდს, რომელიც გავლენას ახდენს ეკონომიკურ ქცევაზე. მიანიშნებენ იმაზე, რომ ავტორი ნაშრომში ხაზს უსვამს ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას, რომ კაპიტალიზმი ყოფილიყო ადამიანური, უფრო ორგანიზებული, უფრო „ქართული“.


 

საყურადღებოა აღნიშნული მოდელის შეფასებების ხვადასხვა რაკუსიც, მათ შორის, ეკოლოგიური პოზიცია: ,,ეკოლოგიური უსაფრთხოება − სოციალური სიმშვიდე („დედა“), დედისეული მზრუნველობა ნიშნავს ხალხის დაცვას ეკოლოგიური კატასტროფებისგან. ის ამტკიცებს, რომ სუფთა წყალი, ჰაერი და ჯანსაღი პროდუქტი პირველადი სოციალური უფლებაა. თუ ეკონომიკა არ იცავს ეკოლოგიურ მოთხოვნებს, ის ღალატობს „დედისეულ პრინციპს“ − მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვას. სოციალისტური („დედა“) − სახელმწიფო მკაცრად აკონტროლებს ბუნების დაცვას და ჯანმრთელობას“. „მამა“ − მწვანე კაპიტალიზმი − ეკოლოგია მომგებიანი ბიზნესია, რომ საქართველოს შეუძლია გაყიდოს არა უბრალოდ პროდუქტი, არამედ „ეკოლოგიურად სუფთა ბრენდი. ბიზნესი ქმნის ფინანსებს, ნერგავს ინოვაციურ მწვანე ტექნოლოგიებს“. „გვარიშვილობის“ სიმბოლოა ბუნება, ანუ ისეთი დარგების განვითარება, რომლებიც ჩვენს ბუნებრივ ლანდშაფტს არ აზიანებს.  ეკონომიკა ეფუძნება ტრადიციულ დარგებს. გვარიშვილობა (ქართული) აკავშირებს სოციალისტურ მზრუნველობას („დედა“) და კაპიტალისტურ განვითარებას („მამა“). საქართველომ ეკონომიკური ნახტომი სწორი გარემოსდაცვითი უპირატესობით უნდა გააკეთოს“.


 

სამართლებრივი პოზიცია: „დედა“ − სოციალური სამართლიანობა უზრუნველყოფს, რომ ბუნებრივი სიმდიდრე (წყალი, ტყე) ყველას უნდა ეკუთვნოდეს და არა მხოლოდ ვიწრო ჯგუფებს. კანონი (სოციალიზმი) იცავს მოქალაქეს ეკოლოგიური ზიანისაგან, სახელმწიფო სამივეს ერთად ემსახურება, ანუ მართავს ისე, რომ ინვესტიცია (კაპიტალიზმი) არ ნიშნავს ბუნების ხარჯზე გამდიდრებას. ტრადიცია (გვარიშვილობა) − განსაზღვრავს, რომ ჩვენი მომავალი მაღალტექნოლოგიურ „მწვანე“ ეკონომიკაშია. ეროვნული კოდი გვკარნახობს, რომ წინაპრებისგან გვერგო ბუნებრივი რესურსები და იგი შვილებს უნდა გადავცეთ.   


 

პოლიტეკონომიური ხედვა: ეკონომიკური სისტემის მოდელი მოიცავს სოციალური პასუხისმგებლობის („დედა“), ეკონომიკური ეფექტიანობის („მამა“) და ეროვნული იდენტობის („გვარიშვილობა“) სინთეზს“.


 

ისტორიული ხედვა: ნაშრომში ნაჩვენებია, თუ როგორ ერწყმის ერთმანეთს წარსულის მემკვიდრეობა, ახალი სისტემა და ეროვნული თავისებურებანი. „დედით“ სოციალისტური წარსულის მემკვიდრეობა გულისხმობს იმ სოციალურ გარანტიებს, სახელმწიფოებრივ აზროვნებასა და ინსტიტუციურ მეხსიერებას, რომელიც სოციალიზმიდან გამოყვა ქვეყანას. „მამით“ კაპიტალისტური − ახალ ეკონომიკურ ორიენტირებს, საბაზრო ეკონომიკას, თავისუფალი ბაზრის პრინციპების შემოტანას, პრივატიზაციას და კერძო საკუთრებას, დასავლური მოდელების გავლენას და გლობალიზაციის პროცესში ჩართვას. „გვარიშვილობით ქართული“ − ეროვნული ფენომენი, ქართული ხასიათია ეკონომიკაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი მოდელი უნდა მოერგოს ადგილობრივ ტრადიციებს, ფასეულობებს და გეოპოლიტიკურ რეალობას“.


 

სოციოლოგების აზრით, ეკონომიკა განხილულია, ,,როგორც ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც აქვს თავისი ისტორიული მეხსიერება („დედა“), მომავლის ამბიცია („მამა“) და გენეტიკური კოდი („გვარიშვილობა“). ნაშრომი წარმოადგენს მცდელობას ქართული ეკონომიკური ფენომენი დაინახოს არა, როგორც უცხოური მოდელების ბრმა კოპირება, არამედ როგორც ისტორიული გამოცდილებისა და თანამედროვე მოთხოვნების სინთეზი“.


 

ფსიქოლოგის აზრით, ავტორი გვიჩვენებს, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობა დამოკიდებულია ბალანსზე. ,,ჩვენ უნდა ვიყოთ ეფექტიანები, როგორც კაპიტალისტები, მზრუნველები, როგორც სოციალისტები და თავდაჯერებულნი, როგორც ქართველები“.


 

ეკონომისტის აზრით,  ,,ეს ნაშრომი ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და სიმბოლური ტექსტია ქართულ ეკონომიკურ აზროვნებაში. „დედით სოციალისტური“ ნიშნავს სოციალურ პასუხისმგებლობას (უფასო განათლება, ჯანდაცვა, პენსია), „მამით კაპიტალისტური“ (საბაზრო თავისუფლება, კერძო ბიზნესი, კონკურენცია, ინვესტიციები), „გვარიშვილობა“ – ეროვნული თვითმყოფადობა (ტრადიციული დარგების განვითარება)“.


 

ანალიტიკოსების აზრით: ,,ამ ნაშრომის უმთავრესი ღირებულება სინთეზის მცდელობაა. ავტორი არ მიდის რადიკალიზმის გზით, ის არ უარყოფს წარსულს („დედას“) და არ უფრთხის მომავალს („მამა“). პირიქით, ის გვთავაზობს სოციალიზმისაგან ავიღოთ სოლიდარობისა და ადამიანზე ზრუნვის პრინციპი, კაპიტალიზმისაგან განვითარების დინამიკა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, ქართული ფესვებისაგან („გვარიშვილობა“) ის უნიკალური ადაპტაციის უნარი და კულტურული კოდი, რაც ისტორიულად გადარჩენაში გვეხმარებოდა“. „გვარიშვილობით ქართული“ ნიშნავს ავთენტურობას. ეს არის მოწოდება, რომ საქართველო არ უნდა გახდეს სხვა ქვეყნების ეკონომიკური მოდელების უბრალო ასლი. გვახსენებს, რომ ეკონომიკური რეფორმები მაშინ არის წარმატებული, როდესაც ისინი ხალხის ფსიქოლოგიასა და ეროვნულ ფასეულობებზეა დაშენებული“.


 

კრიტიკული ხედვა. ლიბერალური ეკონომიკის წარმომადგენლები ახლაც აკრიტიკებენ ამ მიდგომას. შემოთავაზებული სინთეზი მათ მიაჩნდათ არა ეფექტური ბიუროკრატიის სისტემის წარმოშობის ხელშემწყობ პირობად“.


 

მომავლის ეკონომიკური სისტემის მოდელის ჭითანავასეულ შეფასებაზე ასეთი მრავალმხრივი გამოხმაურებების გაცნობისას ბუნებრივად იბადება ერთგვარი გაურკვევლობა: როგორ შეიძლება ასეთი სინთეზის მიღწევა, როცა სახეზე გვაქვს სახელმწიფოებრივად აზროვნების დეფიციტი? გამოვედევნეთ მოგების მიღებას („მამას“), ან გვაქვს მხოლოდ დახმარების მოლოდინი („დედა“), სხვის ხარჯზე ცხოვრების სინდრომი და ვივიწყებთ იმას, რომ მთავარი კაპიტალი ჩვენი უნიკალური გარემოა („გვარიშვილობა“). ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე თავად იუბილარისგან მიმეღო განმარტებები:


 

იური პაპასქუა: თქვენს ნაშრომს საინტერესო გამოხმაურებები აქვს. ის ეხება ჩვენი ერის  სოციალურ-ეკონომიკურ იდენტობას და ღრმად დიაგნოსტიკურია. ეხებოდა იმ პერიოდს, როცა საბჭოთა ეკონომიკა ინგრეოდა, ხოლო ახალი ჯერ არ ჩანდა. მაგრამ მასში კარგად ჩანს კონტურები, რომელიც მომავლის ეკონომიკამ უნდა აიღოს ორიენტირად. მასალაზე მუშაობისას გავეცანი განსხვავებულ შეხედულებებსაც. გთხოვთ, თქვენ შეაფასოთ რამდენად სწორადაა აღქმული თქვენი მოსაზრებები და შევავსოთ, რაც არ გითქვამთ ან იგულისხმეთ.


 

ნოდარ ჭითანავა: აღნიშნულ ნაშრომზე საზოგადოების ასეთი რეაქცია ჩემთვის გასაგებია. ეს მოსალოდნელიც იყო. კმაყოფილებით ვაცნობიერებ, თუ როგორი სიღრმით არის დანახული პრობლემა, უფრო მრავალფეროვნად, ვიდრე მე მქონდა წარმოდგენილი. ჩვენს ნაშრომს, რომელიც 30 წლის წინ გამოქვეყნდა, წინ უძღოდა ქვეყანაში მიმდინარე ტრანსფორმაციული პროცესების ანალიზი. ამასთან, გაცნობიერებული გვქონდა ტენდენციებიც, რომლებიც დამახასიათებელი იყო განვითარებული კაპიტალისტური ქვეყნებისათვის და ისტორიულად, ჩვენი რეალობისთვისაც. გვაწუხებდა კითხვა, რამდენად შეესაბამებოდა ქვეყნის ინტერესებს გარედან თავს მოხვეული „შოკური თერაპიის“ დოქტრინა? ანალიზით დადასტურდა, რომ იგი დამანგრეველი ფაქტორის როლს შეასრულებდა. ასეც მოხდა. ჩემი პოზიცია გამოკვეთილი იყო: საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მოდელი ეროვნული ფენომენიდან უნდა ამოიზარდოს. ასეთად ჩავთვალეთ შერეული, მრავალსუბიექტიანი, სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკა. რატომ? ჯერ-ერთი, შერეული სისტემა განვითარებული კაპიტალისტურ ქვეყნებში კერძო საკუთრებაზე ეკონომიკის ევოლუციური განვითარების შედეგად მიღებული თანამედროვე მოდელი იყო. მეორე, ისტორიულად, საქართველოში წარმოების მთავარ საშუალებაზე - მიწაზე საკუთრება ყოველთვის მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა (კომლი, სათემო-სასოფლო, სამეფო-სახელმწიფო, საეკლესიო-სამონასტრო, სახაზინო (დროებით) საკუთრება მშვიდობიანად „თანაარსებობდა“ და ერთიან სამეურნეო სისტემას ქმნიდა). მესამე, „შერეულში“ იგულისხმება არა მხოლოდ საკუთრების სხვადასხვა ფორმის თანაარსებობა, არამედ მეურნეობრიობის მექანიზმებისაც. სახელმწიფო და საბაზრო მექანიზმების ერთად გამოყენების დიდი გამოცდილება, ამასთან ეკონომიკური დემოკრატიაც, პლურალიზმის პრინციპებს ეფუძნება. რატომ სოციალურად ორიენტირებული? ჯერ-ერთი, ახალი მოდელის ფორმირების ამოსავალი საწყისი – სოციალისტურად წოდებული სისტემა იყო („დედა“). ეკონომიკის სოციალური მიმართულება კაპიტალიზმის ტრანსფორმაციის შედეგად ჩამოყალიბებული ფენომენია და არა საბჭოთა სოციალიზმიდან (როგორც ზოგიერთებს ჰგონიათ) ინერციით წარმოშობილი მოვლენა, რომელსაც თავად ეკონომიკის წიაღში აქვს ფესვები გადგმული. სოციალური მიმართულება ბაზრისა და სახელმწიფოს ურთიერთგანპირობებულობის დიალექტიკის ობიექტურად გაცნობიერების თეორიული პროდუქტია, რომელმაც განვითარებულ ქვეყნებში და სხვაგანაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა. იმ პერიოდში ქაოსით მოცული საზოგადოება ეძებდა კრიზისიდან თავის დაღწევის გამოსავალს. რამდენიმე თვით ადრე (1995 წ.) კონსტიტუციაში დაფიქსირდა, რომ საქართველო ამკვიდრებს სოციალურ და სამართლებრივ სახელმწიფოს (რაც შემდგომ 2019 წლის კონსტიტუციაში ცვლილებებისას „სოციალური სახელმწიფო“ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა).


 

იური პაპასქუა: თქვენი ნაშრომის მეტაფორული მხარე გასაგებია. მაგრამ საინტერესოა, როგორ მოხერხდება მომავლის ეკონომიკური სისტემის მოდელისთვის მოაზრებული რადიკალურად განსხვავებული საკუთრებითი ფორმების სინთეზი? ფაქტობრივად, ამით თქვენ უარყოფთ, რომ საქართველოსათვის მიუღებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაზე დამყარებული საბაზრო სისტემა.


 


ნოდარ ჭითანავა: მესმის. საკითხის ასეთი რაკურსით დასმა საზოგადოების ერთი ნაწილის პოზიციაა. ეკონომიკური დემოკრატია თავად გულისხმობს საკუთრებისა და საერთოდ, რეგულირების მექანიზმების თანაბარ პირობებში ფუნქციონირებას. მათი თანაარსებობა კაპიტალიზმის ევოლუციური გზით განვითარების კანონზომიერებაა. სოციალისტური სისტემაც ხომ ფორმით შერეული იყო. დღეს რასთან გვაქვს საქმე? მსოფლიოში მიმდინარე პროცესების (შერეულის მზარდი ხასიათი) საპირისპირო ტენდენციები დაფიქსირდა საქართველოში – ადრინდელი საკუთრების სახელმწიფო ფორმა შეიცვალა ისევ ერთით – ამჯერად, კერძო საკუთრებით. ლოგიკურად ჩნდება კითხვა: „მამა“, რომელიც „ველური კაპიტალიზმის“ ევოლუციის პროდუქტია და სოციალური პასუხისმგებლობისაგან შეძენილი აქვს უფრო ცივილიზებული ზოგიერთი თავისებურებაც, ჯერჯერობით მოსაწონი ,,საქციელით“ რატომ არ გამოირჩევა (იქცევა როგორც ,,ჩასიძებული, უზრდელი“), რა მოხდა? ჩვენ ამას მოველოდით. ამიტომ ტრიადაში შემაკავშირებელ ძალად (მექანიზმად) ,,გვარიშვილობა“ მივუჩინეთ.


 

იური პაპასქუა: რატომ მოხდა, რომ ტრანსფორმაციის პროცესში ჩვენ მივიღეთ არა სოციალურად ორიენტირებული საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული სისტემა, არამედ „ველური კაპიტალიზმი“, სად დავკარგეთ „დედის“ (მზრუნველობა, მართვა, რეგულირება) როლი?


 

ნოდარ ჭითანავა: პარადოქსთან გვაქვს საქმე. საქართველოს სოციალისტური მეურნეობრიობის სისტემის („დედის“) ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირება, უცხო გარემოში (სოციალისტურში) „მამის“ ძალისმიერი მეთოდებით (საბაზრო მექანიზმები) ,,შემოჭრამ“ („ქართულად“ ჩასიძების მექანიზმი) და ,,გვარიშვილობის“ მხრივ უყურადღებობამ, ფაქტობრივად, პროცესიდან ამოაგდო „დედა“. ქვეყანამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა, როცა  განვითარების სტრატეგიულ მიზნად განსაზღვრა „ველური კაპიტალიზმის“ XIX საუკუნის პირველი ნახევრის მოდელზე გადასვლა. ეს მაშინ, როცა საქართველოს სოციალისტური ეკონომიკური სისტემა (საბჭოთა ეკონომიკის ორგანული ნაწილი) უფრო ახლოს იდგა განვითარებული ქვეყნების თანამედროვე ეკონომიკურ მოდელთან. შედეგიც დადგა - აწმყოს წარსულში გადაყვანის უბადრუკი მცდელობა კრახით დამთავრდა. თქვენ ალბათ მკითხავთ რა დაემართა „დედას“ და „ქართველობას“? სამწუხაროდ მაჭანკალმა „შოკურმა თერაპიამ“, რომელიც „მამის“ აგრესიულ შემოსვლას აჩქარებდა, ხელი შეუწყო საზოგადოებრივი აზროვნების განვითარებას კრიმინალური ცნობიერებით, თანაც ყველაზე ცუდი ფორმით – ქალებისა და არასრულწლოვანთა დანაშაულებრივ ქმედებებში ჩართვით.  „ქართულმა“ – გარედან დაწოლას ვერ გაუძლო და პარლამენტმა („გვარიშვილობის“ ელიტა) მიიღო გადაწყვეტილება შავი ლითონის ჯართისა და ხე-ტყის (მორების) საზღვარგარეთ გატანის თაობაზე. ასეთმა „ნაბიჯმა“ სათავე დაუდო ეროვნული სიმდიდრის საყოველთაო ძარცვის დამანგრეველ პროცესს.


 

„შოკურმა თერაპიამ“ – სოციალისტურად წოდებული ეკონომიკური სისტემის მატერიალური და ორგანიზაციული საფუძველი ძირფესვიანად მოშალა – სამრეწველო პოტენციალი ჯართის ,,ფორმით“ საზღვარგარეთ ,,აღმოჩნდა“. ქვეყანამ მიიღო კაპიტალიზმის ყველაზე ცუდი მოდელი. დეინდუსტრიალიზაციის შედეგებზე  პერსონალური პასუხისმგებლობა „გვარიშვილობას“ ეკისრება.


 

იური პაპასქუა: თქვენი გამაოგნებელი მონაცემები ადასტურებს იმას, რომ ე.წ. „ჰიბრიდულმა“ ფორმულამ ვერ „იმუშავა“. ამ ფონზე დღეს, როცა მსოფლიო ეკონომიკური წესრიგი რღვევას განიცდის, ისევ ადრინდელ პოზიციაზე რჩებით?


 

ნოდარ ჭითანავა: რა თქმა უნდა. ის, რაც საქართველოში და სხვაგან მოხდა ერთპოლუსიანი მსოფლიოს „ადათწესებით“ შემკული საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის „პოლიტიკით“ იყო განპირობებული. ჩვენ მწარე გამოცდილებიდან დასკვნები უნდა გავაკეთოთ. გამოსავალი იმაშია, რომ „დედის“, ამჯერად (ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირების) და „მამის“ (საბაზრო თვითრეგულირება) „ჰარმონიულ ოჯახად“ ჩამოყალიბების სტრატეგიული გეგმა „ქართული გვარიშვილობის“ (პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური ტრადიციები) ქართული სახელმწიფოს მთავარი სტრატეგისა და პარტნიორის ლიდერობით უნდა შედგეს. ეკონომიკას უნდა შეექმნას ხელსაყრელი ისეთი გარემო, რომელიც ქვეყნის შიგნით წარმოებას წაახალისებს და არა მხოლოდ იმპორტს, რომელიც „ველურის“ გაძლიერებას უწყობს ხელს. სამწუხაროდ, ამას ვეგუებით. აქვე დავძენ, ადგილობრივი რესურსული პოტენციალის (მასში მხოლოდ ბუნებრივ რესურსებს არ ვგულისხმობ, არამედ უფრო მთავარს – ინტელექტუალურ რესურსს) რაციონალურად და ეფექტიანად გამოყენება იმის შესაძლებლობაა, როცა „დედა“ (დასაქმებულნი) და „მამა“ (ეფექტიანობა) თავიანთ ფუნქციებს არა მხოლოდ საკუთარი ოჯახის, არამედ ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდაც შეასრულებენ.


 

იური პაპასქუა: ყურადღებით გისმენდით. მეჩვენება, რომ რასაც თქვენ ბრძანებთ, ეს  სოციალიზმისკენ მიმართული „მზერაა“. ლიბერალიზმის ტრადიციის მომხრეები თქვენს ამ პოზიციას არ ეთანხმებიან.


 

ნოდარ ჭითანავა: ეს ლოგიკურიცაა. რადიკალური ლიბერალიზმის მიმდევრებისა და ჩვენს მიდგომებს შორის მკვეთრი განსხვავებაა.


 

მათ მიაჩნიათ რომ ,,სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკის განვითარებაში მინიმალური უნდა იყოს და მან მხოლოდ „ღამის გუშაგის“ როლი შეასრულოს, უნდა დაიცვას წესრიგი“. ჩვენი მიდგომებით ,,სახელმწიფო არის სტრატეგი, ეროვნული სიმდიდრის მნიშვნელოვანი ნაწილის მესაკუთრე, ახალი საბაზრო ეკონომიკის ფორმირების ორგანიზატორი, ტრანსფორმაციული პროცესების ლიდერი. სამწუხაროდ, განვლილ პერიოდში ტრანსფორმაციული პროცესების რეგულირების ფუნქცია სახელმწიფომ ფორმირებად უსუსურ საბაზრო მექანიზმებს გადაულოცა იმის იმედით, რომ „ლიბერალიზმის“ მთავარი დოგმა – ბაზარი თვითონ დაალაგებსო ყველაფერს. აქედან შედეგები სრულიად არასასურველი მივიღეთ. ეფექტიანი ეკონომიკის გარეშე პოლიტიკური სუვერენიტეტი ფიქციაა; ლიბერალისტები მხოლოდ კერძო საკუთრებას აღიარებენ. მოქმედებენ პრინციპით - ,,ყველაფერი გაიყიდოს.“ ჩვენი მიდგომით, საკუთრების შერეული ფორმა უზრუნველყოფს ეკონომიკის ეფექტიანად ფუნქციონირებას; ლიბერალისტებს ეკონომიკის მარეგულირებლად მხოლოდ „მხოლოდ თავისუფალი ბაზარი (ცნობილი „უხილავი ხელი“) წარმოუდგენიათ. ჩვენი მიდგომით - ამ ფუნქციას სახელმწიფოსა და ბაზრის სინთეზი („უხილავი“ და „ხილული“ ერთად)“ უნდა ასრულებდეს.


 

ასე რომ გავყვეთ, შორს წავალთ. განსხვავებების დეტალური და არგუმენტირებული აღწერა მოცემულია ჩვენს ნაშრომებში.


 

უნდა შევნიშნოთ, რომ ამ ორი განსხვავებული პოზიციის შედარება აუცილებელია მიზნის მისაღწევად „ადამიანური“ სახისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნების რაციონალური გზის განსაზღვრისთვის. ეკონომიკა ციფრების მეცნიერება არ არის მხოლოდ, იგი ცოცხალი, ისტორიული მეხსიერების მქონე მექანიზმია. მოკლედ რომ ვთქვათ, სოციალური პასუხისმგებლობა („დედა“), ეკონომიკის ეფექტიანი განვითარება („მამა“) და ქართულ ფესვებზე ამოზრდილი ისტორიულ კატაკლიზმებთან ადაპტაციის უნიკალური უნარი („გვარიშვილობა“) მიგვაჩნია იმ მთავარ ბურჯებად, რომელებზეც გადებული ხიდი ერთი ნაპირიდან მეორეზე საიმედოდ გაატარებდა ტრანსფორმაციის პროცესს.


 

აქვე განვაცხადებ, რომ ლიბერალიზმი იყო და დარჩება მისთვის მინიჭებული ფუნქციებით მდგრადი განვითარების, როგორც ინტეგრირებული პროცესის, ერთ-ერთ მდგენელად. ჩვენ არ ვემხრობით არც ბაზრის ცენტრალიზებულ მართვას და არც უკიდურეს თავისუფლებას. სიმბიოზია საჭირო. გარდაქმნების ლოგიკა ამას მოითხოვს. მაგრამ ამ რთული ამოცანის გადაწყვეტას მამოძრავებელი - ეროვნულ-სახელმწიფოებრივი (და არა პოლიტიკური პარტიების) იდეოლოგიის ფორმირება სჭირდება.  ეროვნული იდეოლოგია გამორიცხავს ,,ველურ კაპიტალიზმს“, სადაც ერთი მდიდრდება და ათასი ღარიბდება. იდეოლოგიის ეკონომიკური ნაწილი უნდა დაეფუძნოს თავის ისტორიულ მეხსიერებას („დედა“), კერძო ინიციატივას და ეფექტიანობას („მამა“) და ისტორიულ ქარტეხილებში გამოვლილ გენეტიკურ კოდს („გვარიშვილობა“). ალბათ მომავალში ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის საკითხებზე მსჯელობა დაგვჭირდება.


 

ამ საუბარში ჩვენ შევნიშნეთ ბევრი საყურადღებო და რაციონალური, რაც სამოქმედო დღის წესრიგში უნდა ჩაიდოს.


                                                                                    

იური პაპასქუა             

ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი,   

სსუ პროფესორი


  

 

დღეს, 10:22
უკან დაბრუნება