„ბატონო ზაურ, აუცილებლად ჰკითხეთ ბატონ დიმიტრის: რას ელოდებიან, რატომ არ იწყებენ პოლიტიკურად გააქტიურებას, ხომ ხედავთ, ქვეყანა მთლიანად გადასულია მონოპოლისტების ინტერესების სამსახურში, რომელთაც ფეხებზე ჰკიდიათ სხვა საქვეყნო ინტერესები. ეტყობა, ბიძინა საკუთარი ქონების მძევალი გახადეს, რომელიც ვერანაირად ვერ უპირისპირდება ამ ძალებს...“ - დაწერა კომენტარის სახით ჩემი საავტორო გადაცემის („პოლიტიკური თერმომეტრი“) ერთ-ერთმა გულშემატკივარმა, ოთარ ბერიშვილმა, როცა ანონსიდან შეიტყო, რომ გადაცემაში მოწვეული მყავდა ბ-ნი დიმიტრი ლორთქიფანიძე.
რა თქმა უნდა, ბ-ნ ოთარის თხოვნა შევასრულე და ბ-ნ დიმიტრის ღია ეთერში დავუსვი კითხვა, თუ რატომ არ იწყებენ ის და მისი თანამოაზრეები, „პოლიტიკურად გააქტიურებას?!“
არ ვიცი, რამდენად დააკმაყოფილა ბ-ნ დიმიტრის პასუხმა ბ-ნი ოთარ ბერიშვილი, მაგრამ მე როგორც გადაცემის წამყვანი, გეტყვით: მიუხედავად რესპოდენტის მხრიდან ზოგადი პასუხისა, „რომ ამის დროც მოვა“, პოლიტიკურად მომწიფებული ადამიანების გააქტიურება და მათი პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოყვანა, ისევ ფუჭი მოლოდინის რეჟიმში რჩება - საუბარია, აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაზე და არა ფეისბუქსტატუსებზე, ან პოლიტიკურ გადაცემებში მონაწილეობაზე, რომელიც, საწუხაროდ, ხშირად ორთქლის გამოშვების ფუნქციას, ხშირად კი, პირდაპირი გაგებით, პროპაგანდისტულ ხასიათს უფრო ატარებს!
* * *
ბუნებრივია, აქტიურ პოლიტიკაში ჩართვა, ან ახალი პოლიტიკური მოძრაობის (პარტიის) ჩამოყალიბება, თვითმიზანი არ უნდა იყოს, მაგრამ, როცა ხედავ, ხელისუფლება, ფაქტიურად, ფსევდო (რადიკალური) ოპოზიციის ამარაა დარჩენილი, კონსტრუქციული ოპონენტის აუცილებლობას თავად რეალობა გვკარნახობს. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ხელისუფლებამ პირობა დადო: რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს, საპარლამენტო კომისიის სარჩელის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავდა და გააუქმებდა. სამწუხაროდ, თითიდან გამოწოვილი მიზეზით (ასაკრძალთა რიგებს „ფედერალისტებიც“ უნდა დაემატოს!) ისეთი პირი უჩანს, რომ ეს პროცესი შეიძლება ძალიან დიდხანს გაიწელოს, ან საერთოდ უარი თქვან წინასწარჩევნო დაპირებაზე.
* * *
რაც არ უნდა ამტკიცოს ხელისუფლებამ, რომ კოჰაბიტაცია „ზემოდან“ დააძალეს, ფაქტი ერთია: ფაშისტურ რეჟიმთან თანაარსებობამ, გნებავთ, კუკუდამალობანას თამაშმა, საკმაოდ დიდხანს გასტანა და ქვეყნისთვის ზიანის მეტი არაფერი მოუტანია. სხვა საკითხია, ვის აწყობდა ეს და ვის არა!
მართალია, პოლიტიკური პარტიებით საქართველო ძალიან განებივრებულია, მაგრამ მათი უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს პოლიტიკური სუბიექტებისთვის დამახასიათებელ აუცილებელ მოთხოვნებს.
მხედველობაში მაქვს, არა მარტო პარტიათა იდეოლოგია, რომელიც ტყუპისცალივით ჰგვანან ერთმანეთს (აერთიანებთ ლიბერალური დოქტრინები), არამედ, ისიც, რომ ყველა მათგანი უცხოეთიდან ფინანსდებიან და მხოლოდ და მხოლოდ, დამკვეთის (დამფინანსებლის) ინტერესებს ემსახურებიან. გამონაკლისი გახლავთ ბიძინა ივანიშვილის სახელთან ასოცირებული მმართველი პარტია: „ქართული ოცნება“. თუ ობიექტურად შევაფასებთ, მიუხედავად დღევანდელი ხელისუფლების ეროვნული რიტორიკისა, მათი იდეოლოგიაც დიდად არ განსხვავდება ლიბერალური მიდგომებისგან. სხვა თუ არაფერი, დღემდე არ უცდიათ ლიბერალურ-ფაშისტური რეჟიმის (იგულისხმება, „ნაციონალური მოძრაობა“) მიერ მიღებული კანონების გაუქმება, ან სახელმწიფოს ინტერესებთან შესაბამისობაში მოყვანა, რომ არაფერი ვთქვათ სისტემურ ცვლილებებზე, რომლის გარეშეც სახელმწიფოს წინსვლა წარმოუდგენელია.
მეტიც, დღევანდელი ხელისუფლების საკანონმდებლო ინიციატივები მეტ-ნაკლებად მორგებულია ხელისუფლებას ამოფარებული მაფიოზების (ასევე,ბიუროკრატიული აპარატის) ინტერესებს და ხელს არ უწყობს საზოგადოების სასიცოცხლოდ აუცილებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. საილუსტრაციოდ, უაზრო აკრძალვები, უკიდეგანოდ გაზრდილი ჯარიმები და პირველადი მოთხოვნების საგნებზე ყოველდღიურად მზარდი ფასებიც კმარა!
* * *
ზემოთ დავწერე და კიდევ ვიმეორებ: ახალი პოლიტიკური პარტიის, ან მოძრაობის დაფუძნება თვითმიზანი არ უნდა იყოს, მაგრამ ამის აუცილებლობა რომ სახეზეა, არ უნდა ვიდაოთ. ხელისუფლების მიერ „დანიშნული“ ახალი ოპოპარტიები ვერ ასრულებენ და მომავალშიც ვერ შეასრულებენ, კონტრუქციული ოპოზიციის ფუნქციას, რომლის გარეშეც ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი წარმოუდგენელია.
სხვა თუ არაფერი, ხელისუფლებას აუცილებლად სჭირდება საპირწონე, რომელიც ჯანსაღ ოპონირებას გაუწევს მას და მომავალში ჩაანაცვლებს კიდეც - ზედმეტი ძალაუფლება და, მითუმეტეს, მმართველობაში დიდხანს ყოფნა, რყვნის ნებისმიერ ხელისუფლებას, რაც არ უნდა კეთილი ზრახვებით იყოს იგი მოსული!
რა ხდება ჩვენს შემთხვევაში?
კრიმინალური („გასაუქმებლად“ გამზადებული) ოპოზიცია ისევ იბრიქება და შიდა და გარეშე მტრებთან ალიანსში, ხელისუფლების დამხობით იმუქრება, დანიშნული ოპოპარტიები, პოლიტიკურ ამინდს ვერ ქმნიან, ნამდვილი (ჯანსაღი, კონსტრუქციული) ოპოზიცია კი არ ჩანს - მიზეზად სათანადო ფინანსების უქონლობა და „პოლიტიკური პარტიების შესახებ“ კანონი სახელდება, რომლის ძალითაც, ხელისუფლებას კანონის მუხლებს შორის მოქცეული ორაზროვანი ფორმულირების წყალობით, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს შეუძლია უარი უთხრას რეგისტრაციაზე, ან შეაჩეროს მისი საქმიანობა.
დიახ, ვიდრე თავად ივანიშვილი არ მოისურვებს „ქართული ოცნების“ საპირწონეს შექმნას, აზრი არა აქვს ასეთ ინიციატივას, მაგრამ არსებობს მეორე გზა - პროფესიონალი, მებრძოლი, პატრიოტი, თანამოაზრე ადამიანების მონდომებითა და ერთობით, შეიქმნას სახალხო წარმომადგენლობა, საზოგადოებრივი დარბაზი, რომელსაც ლეგიტიმაცია თავად არსებულმა ხელისუფლებამ უნდა მისცეს!
დარბაზი, საჭიროების შემთხვევაში , იქნება ხელისუფლების მრჩეველი და ამავდროულად, კონსტრუქციული ოპონენტიც. იგი ავტომატურად იტვირთავს ხელისუფლების საქმიანობის მაკონტროლებელ ფუნქციასაც და იქნება დამაკავშირებელი ხიდი ხალხსა და ხელისუფლებას შორის!
ეს გამორიცხავს ხელისუფლების მხრიდან ერთპიროვნული ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღებას და შექმნის წინაპირობებს ნამდვილი, კონსტრუქციული ოპოზიციური პარტიის ჩამოსაყალიბებლად.
P.S. ისე, ივანიშვილს თუ უნდა სწორუპოვარ ქართველ მეცენატად დარჩეს და ფაშისტური რეჟიმისგან განმათავისუფლებელი ლიდერის სახელიც შეინარჩუნოს, თავად უნდა იყოს დაინტერესებული ხელი შეუწყოს ახალი ჯანსაღი ოპოზიციის ფორმირებას, რომელიც დღეს ჩიხში შესულ „ქართულ ოცნებას“ ჩაანაცვლებს!!!
ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი
