ივერიონი / როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს!

როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს!

გუშინ, ახალდანიშნულმა სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ, გვაუწყა, რომ შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიების, აგრესიული კომუნიკაციის მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება იქნება!


 

ზოგი სკეპტიკურად შეხვდა ამ ინიციატივას და ხელისუფლების გადაწყვეტილებაში მზაკვრული ჩანაფიქრი დაინახა, რაც, დაახლოებით, ასე ითარგმნება: „ხელისუფლება თავისუფალ სიტყვაზე ცენზურას აწესებს და ამით სურს, განსხვავებული აზრი ჩაახშოს!“


 

არადა,როცა ადამიანებში თვითცენზურის მექანიზმი მოშლილია, აუცილებლად უნდა არსებობდეს შემაკავებელი ფაქტორი - სხვანაირად, გონებააშლილთა (ველურთა) ბრბოს ვემსგავსებით და მზად ვართ უხამსი (ბილწი) სიტყვებითა და ცილისწამებებით გავანადგუროთ ერთმანეთი!


 

უფალმა თავისუფალი ნება გვიბოძა, რაც, თავის მხრივ, თავისუფალ (განსხვავებულ) აზროვნებას და ქმედებას გულისხმობს. თუმცა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, პასუხისმგებლობის გარეშე, სავალალო შედეგს იძლევა, რომლის მოწმენიც აგერ 35 წელია არის ქართული საზოგადოება.


 

ულტრალიბერალიზმის ბაცილებმა იმდენად დაასნებოვნეს ქართული სული (ქართული იდენტობა), თუ დროზე არ შევაჩერეთ და მის „განკურნებაზე“ არ ვიზრუნეთ, ხრამში გადავიჩეხებით!


 

დაბეჯითებით ვერ ვიტყვი, რომ შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნა საუკეთესო (უებარ) „რეცეპტად“ იქცევა, მაგრამ ასე გაგრძელებაც რომ არ შეიძლება, საკამათოდ არ მეჩვენება - სიბილწისა და ცრუ ბრალდებების კორიანტელმა ისეთ მასშტაბებს მიაღწია, კაცს, არათუ, სოციალურ ქსელში შემოხედვა, ცხოვრებაც არ მოგინდება!


 

დიახ, ადამიანები ველური აღტკინებით იმეტებენ ერთმანეთს! კი ,მაგრამ,რისი, ან ვისი გულისთვის?!


 

პასუხი მარტივია: ორიოდე გროშის ფასად უცხოტომელთა დაკვეთა შეასრულონ ან „პარტიული ინტერესები“ დაიცვან! ორივე შემთხვევაში, ეშმაკის მსახურებასთან გვაქვს საქმე, რაც ანადგურებს საკუთარ სულს, ანგრევს ადამიანურ ურთიერთობებს და ბოლოს, სახელმწიფოსაც!


 

კიდევ ვიმეორებ: სიბილწისა და ცილისწამებების შემაკავებელი მექანიზმი უნდა არსებობდეს და ამ შემთხვევაში, ხელისუფლების ინიციატივას მივესალმები, მაგრამ არსებობს ერთი „მაგრამ“:


 

ეს არ უნდა იქცეს თავისუფალი სიტყვის, მეტიც, განსხვავებული აზრის (თუნდაც ხელისუფლების კრიტიკის) ჩახშობის ინსტრუმენტად!


 

აქედან გამომდინარე, უნდა დაკონკრეტდეს (სასურველია,საჯარო სივრცეში გამოქვეყნდეს სპეციალური სამმართველოს დებულება - ძირითადი ამოცანები) რა იგულისხმება „სიძულვილის ენად“, რას ნიშნავს „შეურაცხმყოფელი კამპანია“ და „აგრესიული კომუნიკაცია“, რომ საქართველოსადმი მტრულად განწყობილ შიდა და გარე ძალებს, სპეკულაციის მიზეზი არ მივცეთ!


 

ისე, ნებისმიერი კანონი, თუ სახელმწიფოს მხრიდან მიღებული კანონიერი გადაწყვეტილება უკანონოდ და საზოგადოების დამაბრკოლებელ ფაქტორად იქცევა, თუ მას სასურველ კალაპოტში არ მოვაქცევთ.


 

ეს კი, საზოგადოების მხრიდან, საკუთარი უფლებების დაცვის უზრუნველყოფაზეა დამოკიდებული.


 

ვნახოთ, რა შედეგს მოიტანს შსს-ს ახალი სპეცსამმართველო!


 

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი


დღეს, 11:33
უკან დაბრუნება