დავით კეზერაშვილი "გალფის" აქციონერი აღარ არის!რუსეთში მოღვაწე ცნობილმა ბიზნესმენმა დავით იაკობაშვილმა კომპანია "გალფში," რომელშიც ის უმსხვილესი აქციონერია, საკუთარი წილი გაზარდა.
საინფორმაციო სააგენტო commersant.ge-ს ინფორმაციით, იაკობაშვილის სახელს უკავშირდება აღმოსავლეთ ევროპაში უმსხვილესი საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანია Wimm-Bill-Dann-ის დაარსება, რომლის აქციებიც 2002 წელს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე იქნა განთავსებული. 2011 წელს შემდგარი გარიგების შედეგად, ის Wimm-Bill-Dann-ი PepsiCO Inc.-მა შეიძინა.
დავით იაკობაშვილი არის ისეთი ცნობილი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი და ერთ-ერთი აქციონერი, როგორიცაა ASISTEM, რომლის სტრუქტურაში არაერთი მსხვილი კომპანია შედის, მათ შორის წამყვანი ტელეკომუნიკაციების კომპანია MTS და სანავთობო კორპორაცია Bashneft-ი.
ამავე დროს იაკობაშვილი არის რუსეთის ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტი და რუსეთის მრეწველთა და ბიზნესმენთა კავშირის მმართველი ორგანოს ვიცე–პრეზიდენტი.
როგორც "გალფში" აცხადებენ, 2011 წლიდან მოყოლებული დღემდე კომპანიის განვითარებაში 62 მილიონი ამერიკული დოლარის უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.
დავით იაკობაშვილის განცხადებით, ის წარმოშობით საქართველოდან არის და სჯერა, რომ საქართველოს დიდი მომავალი აქვს.
"მინდა ჩემი წვლილი შევიტანო ქვეყნის განვითარების პროცესში. ვაპირებ ინვესტიციების გაგრძელებას და ამ კონტექსტში ახალი პროექტების განხილვას. ასევე მსურს არსებულთან ერთად, საზოგადოებრივი მნიშვნელობის საქველმოქმედო პროექტებში მივიღო მონაწილეობა", – ამბობს ბიზნესმენი.
"გალფ ჯორჯიას" მენეჯმენტი აცხადებს, რომ დავით კეზერაშვილი ამჟამად არ ირიცხება კომპანიის აქციონერთა რიგებში. მმართველი გუნდის ნაწილი კი, რომელიც შედგება ისრაელიდან ჩამოსული პროფესიონალებისგან, კომპანიის მენეჯმენტში რჩება.
შეგახსენებთ: საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა ერთი წლის წინ ღიად განაცხადა, რომ ნავთობკომპანია "გალფ-ჯორჯიას" ერთ-ერთი მეწილეა.
ნავთობკომპანია "გალფი" ბაზარზე 2011 წლის გაზაფხულზე შემოვიდა. მას საქართველოში 2010 წელს დაფუძნებული კომპანია "სან პეტროლიუმ ჯორჯია" წარმოადგენს. შემოსვლის შემდეგ გალფმა სამი კომპანიის - "სენტას", "მაგნატის" და "ეკოს" ქსელები შეისყიდა. დღეს "გალფს" საქართველოს მასშტაბით, ბენზინგასამართი სადგურების ყველაზე დიდი ქსელი აქვს.