ივერიონი / STOP! STOP! STOP!

STOP! STOP! STOP!


როგორც წესი, დაცემის ორი კატეგორია არსებობს: ფიზიკური და სულიერი. ფიზიკური ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების თანმდევი პროცესია - დაეცემი, ან თავად ადგები, ან ვიღაც წამოგეშველება!

რაც შეეხება სულიერ დაცემას, ეს ურთულესი დილემაა, რომლის გადალახვა ან ძნელად, ან თითქმის შეუძლებელია!

სულიერ დაცემაზე მოგახსენებთ. ბოლო ათწლეულებში ფასეულობათა გადაფასებამ ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში შეაღწია, ფესვები ღრმად გაიდგა და ჩვენც მიგვაჩვია...

თანამედროვე ქართულ მწერლობაში ღრმად ჩაკირულ და უხეირო (საშიშ) პრაქტიკად ქცეულ ბაცილაზე მოგახსენებთ.

ლექსომანიით შეპყრობილთა კასტა დღითიდღე რომ იზრდება, ამას სოციალური ქსელითაც ადვილად ვამჩნევთ (უკეთესი სიტუაცია, სამწუხაროდ, არც პროზაში გვაქვს), თუმცა, უნიჭოთა პარპაში ამით არ მთავრდება - იგივე სოციალურ ქსელში ყოველდღიურად ვხვდებით ჭრელა-ჭრულა პრეზენტაციების ამსახველ ვიდეორგოლებს, რომლებიც ტყუპისცალივით ჰგვანან ერთმანეთს და ახალაღმოჩენილ „გენიოსებს“ წარმოგვიჩენენ!!!

ადრეც მითქვამს: წერას ვერავის დაუშლი, წერონ და იკითხონ, რამდენიც უნდათ, მაგრამ, როცა  უნიჭობის დემონსტრირება (სისტემატურად) ადრე ჩვენთვის სათაყვანებელ დარბაზებში ხდება, ამას სხვა დატვირთვა ეძლევა და არსებითად უსვამს ხაზს თანამედროვე ქართული ლიტერატურისადმი უპასუხისმგებლო, არასახელმწიფოებრივ დამოკიდებულებას.

სათქმელს მივადექით: ამ ბოლო ხანებში „საქართველოს მწერალთა სახლი“ იქცა უნიჭოთა, წერა-კითხვის უცოდინართა თავშესაფრად, სადაც გიტარისა და ჩქარი ტაშის თანხლებით ხდება ახალი „გენიოსების“ კურთხევა - ფარატინა სიგელ-გუჯრების დამოწმებით.

დღეს თუ ვინმეს თავის გამოჩენის (ოლიმპოზე ასკუპების) ამბიცია გაუჩნდა, ყველა პოეტია და საკუთარი ამბიციის დემონსტრირებას სწორედ მწერალთა სახლში ჩატარებულ ე.წ. პრეზენტაციებზე და „შემოქმედებით საღამოებზე“ ახდენს. პუბლიკა თითქმის ერთი და იგივეა - როგორც იტყვიან, ერთი „შპანა“, რომლებიც ძალიან შორს დგანან  ნამდვილი ლიტერატურული პროცესებისგან და მხოლოდ დითირამბებითა და ჩქარი ტაშით შემოიფარგლებიან.

მავანთ კი, რომლებიც არ არიან ჩახედულნი თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებში, ჰგონიათ, რომ საქართველოში ლიტერატურა ჰყვავის და ყოველი მეორე ლექსმწერი, პოეტია.

კიდევ ვიმეორებ: წერონ, მაგრამ იმის იმიტაციას ნუ შექმნიან, რომ მათი სახით საქართველოს ახალი გენიოსები ემატება.
პრობლემა ისაა, რომ ჭეშმარიტი შემფასებელი არ ჩანს, რომელიც ამ ნაგავს საკუთარ ადგილს მიუჩენდა.

* * *

რამდენიმე თვის წინ, საქართველოს მწერალთა სახლის ხელმძღვანელობას ვურჩიე: შეექმნა ლიტერატორთა ჯგუფი, რომელიც ახალგამოცემული წიგნის ლიტერატურულ ღირებულებას შეაფასებდა და მხოლოდ ამის შემდეგ მისცემდა მისი საჯაროდ წარდგინების უფლებას.

ხოლო, ამბიციებით შეპყრობილი ლექსმწერებისთვის დააწესებდა დარბაზის ქირის გადასახადს - ჯერ ერთი, ეს საშუალება მოგვცემდა, „თეთრი“ და „შავი“ ერთმანეთისგან გაგვერჩია, მეორეც, უნიჭოთა (ნარცისთა) გაძლიერებული მადა დაგვეთრგუნა. 
სამწუხაროდ, მწერალთა სახლის დარბაზში, სადაც ერთ დროს ჭეშმარიტი კალმოსნების ხმა ისმოდა, დღეს უნიჭოთა გამაყრუებელი ხმა ისმის - განმკითხავი კი არავინაა!

ამით ნათლად ჩანს, რომ სახელმწიფოს ქართული ლიტერატურის მომავალი არ აინტერესებს და როგორც ყველა დარგი, მწერლობაც თვითდინებაზეა მიშვებული.

ასე გაგრძელება დანაშაულია!!!

P.S. ადამიანს კარგის დანახვა უნდა შეეძლოს - მწერალთა სახლმა „ლიტერატურულ გაზეთთან“ ერთად ამ ბოლო ხანებში „პარასკევის შეხვედრები“-ს სახით კარგ ინიციატივას დაუდო სათავე - ყოველ პარასკევს, მეტ-ნაკლებად ნიჭიერ შემოქმედებს უთმობს ასპარეზს, სადაც მოწვეული ავტორები საკუთარ შემოქმედებას წარადგენენ და დამსწრეთა კითხვებსაც პასუხობენ. რამდენიმე ასეთ შეხვედრასაც დავესწარი. შეიძლება ითქვას, აღნიშნული ფორმატი უფრო უწყობს ხელს ნიჭიერთა გამოვლენას, ვიდრე, გიტარისა და ჩქარი ტაშის თანხლებით ჩატარებული უღიმღამო საღამოები.

ვისაც ევალება, ისმინოს!

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი

 

დღეს, 13:55
უკან დაბრუნება