ივერიონი / "სტამბოლის პროცესი" _ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენის ახალი გზა?!

"სტამბოლის პროცესი" _ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენის ახალი გზა?!

"დამოკლეს მახვილივით" ჰკიდია ჩვენს სახელმწიფოებრიობის თავზე აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში განთავსებული რუსეთის სამხედრო ბაზები", _ განაცხადა მამუკა არეშიძემ მოლაპარაკებების საერთო ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე.


"სტამბოლის პროცესის" სახელწოდებით ცნობილი ქართულ-რუსული საექსპერტო დიალოგის პროცესი კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ინიციატივით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ დაიწყო. 2012 წლის 16-17 ნოემბერს "სტამბოლის პროცესის" ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეცვლილი გარემოსა და ახალი გარემოებების გათვალისწინებით, ასევე ორივე მხარის ინტერესებიდან გამომდინარე, შეხვედრის მონაწილეები წინადადებებით გამოდიან, საქართველო-რუსეთის ურთიერთობათა ნორმალიზების მიმართულებით შემდგომი ღონისძიებები განხორციელდეს.


"სტამბოლის შეხვედრაზე ჩვენ განვაცხადეთ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ამაში რუსი ექსპერტები არ შეგვეწინააღმდეგენ. რუსეთში უკვე ყველა ფიქრობს, რომ საჭიროა ქართულ-რუსული ურთიერთობების ახალი ეტაპი დაიწყოს. ეს უკვე ძალიან კარგია", _ განაცხადა ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ.


"სტამბოლის პროცესში ჩვენი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრებზე ჩვენი რუსი ექსპერტებისგან მივიღეთ სიგნალები, რომ რუსეთში ინტელიგენციასა და საზოგადოებაში ურთიერთობების განახლების დიდი ინტერესია", _ განაცხადა "სტამბოლის პროცესის"  ერთ-ერთმა მონაწილემ, პროფესორმა გოგი ხუციშვილმა.


"სტამბოლის პროცესის" მონაწილეების განცხადებით, პროცესის წარმატებისთვის და საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის აღდგენისთვის, აუცილებელია, ხელის შეწყობა ჩვენს ქვეყნებს შორის ჰუმანიტარულ, კულტურისა და ეკონომიკის სფეროების განვითარებისთვის.


"სტამბოლის პროცესი" მთლიანად ევროპის მხრიდან ფინანსდება და მასში ფინანსურად არც ქართული და არც რუსული მხარე არ მონაწილეობს. პირველი ოქტომბრის არჩვენების შემდეგ გაჩნდა ურთიერთობების დარეგულირების რეალური შანსები. უმნიშვნელოვანესია საქართველოსა და რუსეთს შორის მოხდეს სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების მოგვარება. შესაძლებელია რუსეთსა და საქართველოში შეიქმნას დარგობრივი წარმომადგენლობები, როგორიც არის მაგალითად, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლობა და ასევე მუდმივმოქმედი სადისკუსიო ფორმატის შეხვედრები ბიზნესმენებს შორის.  რუსი ექსპერტების განცხადებით, რუსეთი ამისთვის მზად არის", _ განაცხადა სტამბოლის პროცესის კიდევ ერთმა მონაწილემ, ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ლადო პაპავამ.

26-11-2012, 16:09
უკან დაბრუნება