პარლამენტი იწყებს შრომის ახალი კოდექსის განხილვას, რომლის მიხედვითაც დამსაქმებელი ვალდებული იქნება, რომ დასაქმებული სამსახურიდან გაშვების შესახებ 30 დღით ადრე გააფრთხილოს და ამასთან, განუმარტოს გათავისუფლების მიზეზი. ეს ცვლილება შრომით კოდექსში ახალი წლიდან ამოქმედდება.
უფრო მოგვიანებით კი, შრომით კოდექსში ხელშეკრულების გაფორმების ვადები განისაზღვრება. თუ შრომითი ხელშეკრულება შინაარსით არის უვადო, მაშინ დამსაქმებელი დასაქმებულს 1 და 2 თვიან ხელშეკრულებას ვერ გაუფორმებს.
უახლოეს პერიოდში კანონში ეს ორი ცვლილება შევა, შემდეგ კი არ გამორიცხავენ, რომ შრომითი კანონო მთლიანად შეიცვალოს.
არსებული შრომითი კოდექსი ხშირად გამხდარა კრიტიკის საგანი. მიუხედავად საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულებისა, კანონმდებლებმა არსებული კანონი ყოველგვარი განხილვის გარეშე დაამტკიცეს.
არსებულ შრომით კოდექსში განსაკუთრებით კრიტიკული იყო ის მუხლი, რომელიც დამსაქმებელს უფლებას აძლევდა დასაქმებული სამსახურიდან ყოველგვარი ახსნა-განამარტების გარეშე გაეთავისუფლებინა.
ამ დროისთვის უკვე ცნობილია, რომ ახალი ხელისუფლება შრომით კოდექსში ცვლილებებს აუცილებლად შეიტანს.
"ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია, შეჩერდეს მასობრივი გათავისუფლებები. წარმოდგენილი ცვლილებები თავისი შინაარსით არ არის რადიკალური და ის უფრო ცენტრისტულია", _ აცხადებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე კობა დავითაშვილი.