„ქართულ-ოსური მისიის“ დამფუძნებლებმა სასარჩელო განცხადება შეიტანეს საქართველოს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის სახელზე და პარალელურად, თხოვნით მიმართეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას.
ისინი მოითხოვენ იმ ფაქტების გამოძიებას, რაზეც „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ პრეზიდენტი გოჩა ძასოხოვი ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ მიმართვაში წერდა.
„ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანისათვის, მართლაც, შემაშფოთებელი და დამაფიქრებელია, რომ სააკაშვილის ხელისუფლების შეთავაზებაზე უარის გამო, ცნობილ ბიზნესმენსა და მეცენატს, პიროვნებას, რომელსაც გმირს ეძახდნენ - თავდაცვის მინისტრის - კეზერაშვილის კაბინეტში უცხადებენ განაჩენს: „გადააფორმე შენი ბიზნესი ჯოზეფ ქეიზე“, შემდგომ მოქმედებაში მოჰყავთ ბრალდებისა და სიცრუის მანქანა - ართმევენ ყველაფერს, აკოტრებენ, იძულებულს ხდიან დატოვოს ქვეყანა, დაუსწრებლად ასამართლებენ“, - წერენ „ქართულ-ოსური მისიის“ დამფუძნებლები.
სწორედ ამის გამო, მისიის დამფუძნებლები ითხოვენ საქართველოს პარლამენტისაგან, რომ გოჩა ძასოხოვს მიენიჭოს პოლიტიკური დევნილის სტატუსი.