ივერიონი / ერიკ რუბინი: ამერიკა საქართველოს მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს

ერიკ რუბინი: ამერიკა საქართველოს მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დღეს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინს შეხვდა. შეხვედრას, რომელიც იუსტიციის სამინისტროში დახურულ კარს მიღმა გაიმართა, საქართველოში აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.


შეხვედრის დასრულების შემდეგ ერიკ რუბინმა და თეა წულუკიანმა განაცხადეს, რომ საუბარი საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ განვითარებულ  პროცესებსა და სამომავლო გეგემებს შეეხო.


თეა წულუკიანი დიპლომატებს იმ ამოცანებზე და გამოწვევებზე ესაუბრა, რაც იუსტიციის სამინისტროს წინაშე დგას. კერძოდ, სამართლიანი სამართლებრივი გარემოს ფორმირების საკითხებს და იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რაც ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას.


„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკელი კოლეგების მზაობა, დაგვეხმარონ იმ ამოცანების განხორციელებაში, რასაც სამომავლოდ ვგეგმავთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა. მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრო შეინარჩუნებს გამჭვირვალობის პოლიტიკას საქართველოში აკრედიტებული მისიებისა და საელჩოების მიმართ.  „პირველ რიგში, ეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ის საელჩოსა და იუსტიციის დეპარტამენტს ეხება", - აღნიშნა წულუკიანმა.


ერიკ რუბინის განცხადებით, იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა ინფორმაციული და პროდუქტიული იყო ამერიკული მხარისათვის. „ძალზე მნიშვნელოვანია რეფორმირების პროცესის გამჭვირვალობა. აშშ გააგრძელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერას ", - განაცხადა ერიკ რუბინმა.


ერიკ რუბინი დღეს ასევე შეხვდა მთავრობის კანცელარიაში რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს.


"ჩვენ დარწმუნებულები ვართ დასავლეთის მხარდაჭერისა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მიმართ და მზად ვართ, განვიხილოთ ახალი ნაბიჯები, რომელიც ხელს შეუწყობს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური დიალოგის გამყარებას, ასევე საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანას", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა ერიკ ბრუნთან შეხვედრის შემდეგ.

28-11-2012, 13:33
უკან დაბრუნება