ივერიონი / ირაკლი ალასანია: საქართველო მზად არის, მსოფლიო უსაფრთხოებაში წვლილი შეიტანოს

ირაკლი ალასანია: საქართველო მზად არის, მსოფლიო უსაფრთხოებაში წვლილი შეიტანოს

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპის და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინი საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიასაც შეხვდა.


მხარეებს შორის საუბარი შეეხო ამერიკა-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებს, საქართველოს თავდაცვის სფეროში გასატარებელ რეფორმებსა და ქართული კონტინგენტის კონტრიბუციას ISAF-ის საერთაშორისო მისიაში. თავდაცვის მინისტრის თქმით, საქართველო კვლავ რჩება აშშ-ის სანდო პარტნიორად და მზად არის, კიდევ უფრო დიდი წვლილი შეიტანოს მსოფლიო უსაფრთხოებაში.


თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერისათვის. ერიკ რუბინთან შეხვედრისას ირაკლი ალასანიამ ასევე, ყურადღება გაამახვილა მომავალ წელს დაგეგმილ ნატოს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ვიზიტზე. შეხვედრაზე მხარეებს შორის საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის გაღრმავებულ სამხედრო თანამშრომლობას.


ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ამერიკა საქართველოს თავდაცვის სტრუქტურას ექვსი მიმართულებით უწევს დახმარებას, რაც პირველ რიგში, საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, თავდაცვით საბრძოლო საინჟინრო სფეროში წვრთნასა და განათლებას, ასევე, დამხმარე ვერტმფრენების პარკის მოდერნიზებაში მხარდაჭერას ითვალისწინებს.

28-11-2012, 16:18
უკან დაბრუნება