დღეს საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა.
პორტუგალიის მხრიდან კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღეს საგარეო პოლიტიკის გენერალურმა დირექტორმა რუი მასიერამ და საქართველოში პორტუგალიის ელჩმა ჟორჟე ტიტუ დე ვაშკონსელუშ ნუგეირა დიაშ კაბრალმა.
პორტუგალიურ მხარესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარების მნიშვნელობას და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.
პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, ხაზი გაუსვეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას. ასევე აღინიშნა, კულტურისა და განათლების სფეროებში კავშირების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა. ყურადღება გამახვილდა ლუზოფონურ სამყაროსთან დაახლობის პროცესზე და ამ კუთხით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კამოეშის ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის დაწყებაზე, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოს გაწევრიანებას პორტუგალიურენოვანი ქვეყნების საზოგადოებაში (CPLP) ასოცირებული დამკვირვებლის სტატუსით.
პორტუგალიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
პოლიტიკური კონსულტაციების დროს მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, იმუშავონ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიმართულებით.