ივერიონი / დეპუტატები ომბუდსმენობის კანდიდატებს ხვდებიან

დეპუტატები ომბუდსმენობის კანდიდატებს ხვდებიან

ამ წუთებში პარლამენტში ომბუდსმენობის კანდიდატები იკრიბებიან. საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობასთან შესახვედრად უკვე მივიდნენ ნათია იმნაძე და დიმიტრი ლორთქიფანიძე.

როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძემ აღნიშნა, მისი თხოვნა იქნება, უმრავლესობის სხდომა ღია იყოს და მასზე დასწრება მედიის წარმომადგენლებმა შეძლონ, რადგან მისი აზრით, მნიშვნელოვანია, შეხვედრის შინაარსი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს.

დღევანდელ შეხვედრაზე, სავარაუდოდ,  სახალხო დამცველობის კიდევ ერთი კანდიდატი ნინა ხატისკაცი მივა, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა მხარს უჭერს, თუმცა სხვა კანდიდატების მოსმენაც გადაწყვიტა.

წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება და დეპუტატები ომბუდსმენობის კანდიდატების პრიორიტეტებს მოისმენენ.

თავად უმრავლესობის წარმომადგენლებისთვის კი ამ ეტაპზე უცნობია, კიდევ ვინ მივა მათ შეხვედრაზე.

პარლამენტმა ომბუდსმენი 13 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს.

28-11-2012, 18:51
უკან დაბრუნება