ივერიონი / რამაზ ნიკოლაიშვილის საქმიანობაში კორუფციული სქემა გაიშიფრა!

რამაზ ნიკოლაიშვილის საქმიანობაში კორუფციული სქემა გაიშიფრა!

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზისა და  კახეთის რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში, თელავის ქუჩების გარე განათებების დასამონტაჟებლად  ჩატარებული ტენდერების  დროს დაშვებული დარღვევები  გახდა ბრიფინგის თემა, რომელიც დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ გამართა.


სამინისტროში ჩატარებული შემოწმების  შედეგად არაერთი დარღვევა გამოვლინდა. მათ შორის: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის გარე განათებების ტენდერის ჩატარების დროს სატენდერო კომისიამ მხოლოდ შპს. „ენერჯი ინვესტ გრუპი“ დაუშვა  შეფასებაზე, ხოლო, რაც შეეხება დანარჩენ 5 ორგანიზაციას, მათი წინადადება არ ჩაითვალა მისაღებად. ამასთან, ხელშეკრულება გაფორმებულ იქნა ისეთ ორგანიზაციასთან („ენერჯი ინვესტ გრუპი“), რომელსაც წარმოდგენილი ჰქონდა ყველა სხვა ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებთან შედარებით გაცილებით მაღალი ფასი.


რაც შეეხება თელავის ქუჩების გარე განათების ბოძების მონტაჟს. ბაზარზე არსებული ფასების გათვალისწინებით, ერთსანათიანი ბოძის ფასი წარმოადგენს 2800, ხოლო ორსანათიანი ბოძის ფასი 3200 ლარს, მაშინ, როცა  ტენდერის მიხედვით, თითოეულ ბოძში 6515 ლარი იქნა გადახდილი (ორჯერ მეტი, ბაზარზე არსებულ ფასთან შედარებით).  გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ სატენდერო დოკუმენტაცია  ექვს ორგანიზაციაზე გაიცა (შპს ”არტესი”, შპს ”სანი”, სს. ”საქენერგორემონტი”, შპს ”ენერგჯი ინვესტ გრუპი”, ”შპს ”ინ-სი” და სს ”ერისიმედი”), სატენდერო წინადადება მხოლოდ ერთმა კომპანიამ  - ერთობლივმა საწარმომ სს ”ერისიმედი” და შპს ”ჯავამ” შემოიტანა და შესაბამისად, გამარჯვებაც მას მიეკუთვნა. 


მასალები აღმოჩენილი დარღვევების შესახებ გენერალურ პროკურატურას გადაეგზავნება.

29-11-2012, 12:33
უკან დაბრუნება