ამერიკულმა სააუქციონო სახლმა Profiles in History აუქციონზე გამოჩენილი ადამიანების წერილები გაიტანა. ხელნაწერთა შორისაა ლეგენდარული ჯგუფის „ბითლზის“ ლიდერის ჯონ ლენონის, ჰოლანდიელი მხატვრის პოსტიმპრესიონისტის ვინსენტ ვან გოგის, ამერიკის პირველი პრეზიდენტის ჯორჯ ვაშინგტონისა და გამოჩენილი რუსი კომპოზიტორის პეტრე ჩაიკოვსკის წერილები.
ლენონის წერილის ღირებულება, რომელიც მან ცნობილ ბრიტანელ როკ მუსიკოსს ერიკ კლეპტონს მისწერა, სავარაუდოდ, 20-30 ათასი დოლარი იქნება. რვაგვერდიან ხელნაწერში, რომელიც 1971 წლის 29 სექტემბითაა დათარიღებული, „ბითლზის“ ლიდერი აღფრთოვანებას გამოხატავს კლეპტონის ნიჭისადმი და მას ჯგუფის შექმნას ურჩევს.
Profiles in History-ის წარმომადგენლების თქმით, კიდევ ერთი ყველაზე ცნობილი სააუქციონო წერილი ვან გოგს ეკუთვნის. ხელნაწერი მან 1890 წელს საფრანგეთში კაფე de la Gare-ს მფლობელებს ჯოზეფ და მარი ჯინებს მისწერა. ოთხგვერდიან წერილში მხატვარი მადამ ჯინს სრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს. წერილის სააუქციონო ფასი 200-300 ათას დოლარამდე მერყეობს.
აუქციონზე წარდგენილია ასევე ჯორჯ ვაშინგტონის წერილი, რომელიც მან 1798 წლის 15 აგვისტოს ინგლისელ მღვდელს ჯონათან ბაუჩერს მისწერა ამერიკასა და საფრანგეთს შორის გაჩაღებული საზღვაო ომის თაობაზე. ხელნაწერში აშშ-ს პრეზიდენტი მადლობას უხდის ბაუჩერს მისთვის გაგზავნილი წიგნისთვის - „ამერიკის რევოლუციის მიზეზები და შედეგები“, რომელიც ასევე მღვდლის 13 ქადაგებასაც მოიცავს. ვაშინგტონის ხელნაწერის ფასი 200-300 ათასი დოლარი იქნება.
აუქციონზე წარადგენენ ასევე ჩაიკოვსკის წერილს, რომელიც მან თავის უახლოეს მეგობარს რუსეთის მუსიკისა და ლიტერატურის კრიტიკოსს მანეს და კომპოზიტორ ჰერმან ლაროშს მისწერა. ხელნაწერში ჩაიკოვსკმა გამოთქვა თავისი შეხედულებები ლაროშის უვერტიურის შესახებ. წერილის ღირებულება 10-15 ათას დოლარს შეადგენს. როგორც აუქციონის ორგანიზატორები აღნიშნავენ, ჩაიკოვსკის წერილი დიდ იშვიათობას წარმოადგენს.
სულ აუქციონზე, რომელიც როგორც ტელეფონით, ასევე ინტერნეტით 18 დეკემბერს გაიმართება, 300-ზე მეტი ისტორიული დოკუმენტი გამოიფინება. ხელნაწერებს შორისაა ლუი პასტერის, ზიგმუნდ ფროიდის, ჩარლზ დარვინის, მარი კიურის, ჯუზეპე ვერდის, ჰენრიხ მეორისა და ნაპოლეონ პირველის წერილები.