საქართველოს ტელერადიოცენტრს - „ალფა კომს“ ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. ეს პოსტი გიორგი დეკანოსიძემ დაიკავა.
ამ ინფორმაციას Media.Ge ავრცელებს.
„ეს პოსტი 27 ნოემბერს ვასილ კავაძემ დატოვა, მისი ადგილი კი პირველმა მოადგილემ გიორგი დეკანოსიძემ დაიკავა. როგორც „ალფა კომის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, თეა მიქაიამ Media.Ge -ს უთხრა, ვასილ კავაძე კომპანიიდან საკუთარი სურვილით წავიდა.
„რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება, ვერაფერს გეტყვით. კომპანიას სახელიც გადაერქმევა და ის კვლავ „საქართველოს ტელერადიოცენტრი“ გახდება“, - აღნიშნა თეა მიქაიამ.
„ალფა კომის" ერთპიროვნული მესაკუთრე სახელმწიფოა. ის ფლობს თბილისის ტელეანძას, ასევე საქართველოს რეგიონებში განთავსებულ 30-ზე მეტ მცირე ანძას და ემსახურება 16 ტელეკომპანიას და 30-ზე მეტ რადიოსადგურს.
სამეწარმეო რეესტრში არსებული დოკუმენტაციის თანახმად, ვასილ კავაძის მიერ თანამდებობიდან წასვლის განცხადება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დიმიტრი ქუმსიაშვილმა დააკმაყოფილა. მანვე ახალ დირექტორად გიორგი დეკანოსიძე დანიშნა და კომპანიის ქონების ინვენტარიზაცია დაავალა. შესრულებული სამუშოს სანაცვლოდ გიორგი დეკანოსიძე ყოველთვიურად ხელფასის სახით 3100 ლარს მიიღებს.
დეკანოსიძე „ალფა კომის“ დირექტორის თანამდებობას 2011 წლის თებერვლიდან ნოემბრამდეც იკავებდა. 2011 წლის 30 აგვისტოს „ალფა კომის“ მართვის უფლება „გოლდენ კომმა“ აუქციონში გამარჯვების წესით 110 ათას ლარად 4 წლის ვადით მოიპოვა. ამ ხნის განმავლობაში მას 12 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. „ალფა კომში“ „გოლდენ კომის“ შესვლის შემდეგ გიორგი დეკანოსიძე დირექტორის პირველ მოადგილედ ჩამოაქვეითეს, მის ადგილას ვასილ კავაძე დაინიშნა.
„გოლდენ კომმა“ „ალფა კომი“ მოულოდნელად 2012 წლის 8 ოქტომბერს დატოვა. იმ პერიოდში „ალფა კომის“ გენერალური დირექტორის კიდევ ერთი მოადგილე ბორის ადამია აცხადებდა, რომ „გოლდენ კომს“ კომპანიაში ინვესტიციები საერთოდ არ განუხორციელებია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კი ირწმუნებოდნენ, რომ „გოლდენ კომმა“, შეასრულა ის ვალდებულებები, რაც 8 ოქტომბრამდე უნდა განეხორციელებინა.