„ყველა აღნიშნავს, რომ კრიმინალური შემთხვევები გამოძიებული უნდა იყოს, მაგრამ პროცესის გამჭვირვალობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება“, - ამის შესახებ ამერიკაში ვიზიტად მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მაია ფანჯიკიძე ამერიკაში სახელმწიფო მდივნს - ჰილარი კლინტონს შეხვდა, დაგეგმილია ბარაქ ობამას მრჩეველთან ევროპის საკითხებში, "დემოკრატ" სენატორ ბენ კარდინს და "რესპუბლიკელ" კონგრესმენ დევიდ დრეიერს შეხვდა.
გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაია ფანჯიკიძის შეხვედრა სენატორ ჯონ მაკკეინთანაც.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი "ვაშინგტონ პოსტის" რედაქციაში მისვლას და ჟურნალისტებთან შეხვედრასაც გეგმავს.
"ყველა შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ქარტიაზე რომელიც ჩვენს ურთიერთობებს არეგულირებს, ნატო-ში ინტეგრაციასა და ავღანეთში საქართველოს წვლილზე. ყველამ დაუდასტურა საქართველოს ერთგულება, მეგობრობა, თანამშრომლობის სურვილი და აღნიშნა პროგრესი ამ ურთიერთობებში. ყველა აღნიშნავს, რომ კრიმინალური შემთხვევები გამოძიებული უნდა იყოს, მაგრამ დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროცესის გამჭვირვალობას და მე მათ მოვახსენე, რომ საქართველოში ასეც ხდება", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში 28 ნოემბერს გაემგზავრა. რაც შეეხება "ვაშინგტონ პოსტის" რედაქციაში სტუმრობას, ამერკულმა გამოცემამ გამოაქვეყნა სარედაქციო წერილი სათაურით - "საქართველოს მთავრობა არასწორ გზას დაადგა".
"ვაშინგტონ პოსტში“ მიიჩნევენ, რომ "ახალმა მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა. ამასთან, სტატიაში განსაკუთრებულ ყურადღებას პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებაზე ამახვილებენ.