ივერიონი / დემოკრატია თავხელიძისეულად და გაავებული "ვაშინგტონ პოსტი"

დემოკრატია თავხელიძისეულად და გაავებული "ვაშინგტონ პოსტი"

"ნაცების" თავგამოდებული დამცველი "ორიგინალური"  ხედვით გამორჩეული ექსპერტი, მიშა თავხელიძე აცხადებს, რომ "ვაშინგტონ პოსტში" სარედაქციო წერილის დაკვეთაზე საუბარი სასაცილოა. სასაცილოა ამის სააკაშვილის ლობისტებზე დაბრალებაც". იგი გვირჩევს, რომ ლობისტები არა სააკაშვილთან, არამედ ივანიშვილთან მოვიკითხოთ. "რომელმაც არ იცის, თუ რას და როგორ აკეთებს".


თავხელიძე ამტკიცებს, რომ ახალი ხელისუფლების ქმედებებში დემოკრატიის არანაირი ნიშანი არ ჩანს. იგი ირონიით იხსენებს ივანიშვილის ცნობილ განცხადებებში ნათქვამ სიტყვებს, რომ ის დემოკრატიით "მთელ დასავლეთს გააოცებს".


დიახ, თავხელიძე ივანიშვილს დემოკრატიის ხარისხს უწუნებს, თუმცა არ აკონკრეტებს, რას გულისხმობს თავხელიძისეული დემოკრატია _ იმას, რომ სახელმწიფო დონის დამნაშავეებს ხელი არ ვახლოთ, ანუ სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, ცივი ნიავი არ მივაკაროთ, თუ იმას, სამართლიანობა დავიცვათ და საზოგადოების თითოეული წევრი თანაბარ პირობებში უნდა ჩავაყენოთ!


ის ფაქტი, რომ გავლენიანი ამერიკული გაზეთები "ვაშინგტონ პოსტი" და "ნიუ იორკ თაიმსი" ახალ ხელისუფლებას აკრიტიკებენ, ცხადია, სასურველი არ არის, მაგრამ არც მაინცდამაინც საგანგაშოა.


საქმე იმაში გახლავთ, რომ "ვარდების" ხელისუფლებამ, რაც ყველაზე მეტად მოახერხა ის არის, რომ მან პიარის დახვეწილი მექანიზმები შექმნა, რასაც  თავისი წარმატების მოსაჩვენებლად და მსოფლიოს საზოგადოების გასაბრუებლად ეფექტურად იყენებდა. იგივე პიარის ელემენტებია ჩადებული ზემოთ ხსენებულ  გავლენიან გაზეთებში გამოქვეყენებულ სარედაქციო სტატიებშიც, თუმცა ისინი უფრო შავ პიარს ემსახურებიან და მიზნად ივანიშვილის მთავრობის "გაშვებას" ისახავენ.


შეკვეთით დაწერილი სტატიები დღეს არავის უკვირს. ცდუნებისგან არც მსოფლიოს გავლენიანი მედიასაშუალებები არიან დაზღვეულნი, მეტიც, ისინი აღნიშნულის სანაცვლოდ საკმაოდ სოლიდურ საზღაურს ოფიციალურად იღებენ.


როგორც ჩანს, "ნაციონალებს" ახალი ხელისუფლების "გასაშავებლად" ფული არ ენანებათ. თან ამისთვის საკმაოდ ანგაჟირებულ და ძვირადღირებულ მედიასაშუალებებს იყენებენ. ე.წ. შავი პიარი არა იმდენად მსოფლიოს გასაოგნებლად არის მიმართული, რამდენადაც ქართული საზოგადოების დასაშინებლად. "ნაცების" დაქირავებული "ექსპერტები" ნიშნისმოგებით გვიმტკიცებენ, რომ მსოფლიოში თავი მოგვეჭრა _ საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ აღარ აღიქვამენ და თუ ასე გაგრძელდა, არც მაპ-ი გვექნება და ნატოზე და ევროკავშირზე ხომ საუბარიც ზედმეტია.


სამწუხაროდ, საზოგადოების გაუთვითცნობიერებელ ნაწილს მართლაც სჯერა, რომ საერთაშორისო არენაზე ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს იმიჯი შეირყა და საერთაშორისო სტრუქტურებში გაწევრიანების საფრთხე ექნება.


საკმაოდ მოსწრებული პასუხი ჰქონდა ამაზე ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს, როცა მან ჟურნალისტის კითხვაზე: გავლენიანი გაზეთების კრიტიკა ხომ არ ჩაშლის დაგეგმილ ვიზიტს ამერიკაში? _ უპასუხა: ამერიკაში ჩვენ ამერიკის მთავრობა გვეპატიჟება და არა "ვაშინგტონ პოსტი" და "ნიუ იორკ თაიმსიო".


იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა საერთაშორისო  იზოლაციაში ვერ მოექცევა, ბუნებრივია მეგობარი სახელმწიფოს დამოკიდებულებას ანგარიში უნდა გავუწიოთ, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ რეალური სურათი დავანახოთ. უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ ახალი ხელისუფლება ჯერ საერთაშორისო არენაზე დასამკვიდრებელ PR-ის ელემენტებს ვერ იყენებს, რის გამოც "ნაციონალები" შანს არ უშვებენ ხელიდან არადემოკრატიული ხელისუფლების იმიჯი შეუქმნან და კანონიერი ნაბიჯები პოლიტიკურ დევნად ან ანგარიშსწორებად გაასაღონ. თუმცა, ამასაც ადვილად მოევლება. მთავარია, მათ საზოგადოების ნდობა არ დაკარგონ და იმედი ნიჰილიზმმა არ ჩაანაცვლოს, რაც ყველაზე დიდი კოზირი იქნება სააკაშვილის გუნდისთვის რევანშის ასაღებად.


აქედან გამომდინარე, არა მარტო აუცილებელია, ამუშავდეს ჯანსაღი პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც ახალი ხელისუფლების ქმედებებს ნამდვილ სახელს დაარქმევს, არამედ ხელისუფლება მუდმივად ინფორმირებული უნდა იყოს საზოგადოების განწყობაზე და ყველა ობიექტურ კრიტიკაზე სათანადოდ უნდა რეაგირებდეს კიდეც! მან უნდა იცოდეს, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს არ მოსწონს ახალი მთავრობის საკადრო პოლიტიკა, ამასთან, როცა ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნების დაპატიმრებაზე მიდგება საქმე, სათანადო მტკიცებულებები უნდა არსებობდეს. საზოგადოებას უნდა ავუხსნათ ისიც, რომ გამარჯვებული კოალიცია წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებაზე უარს არ ამბობს, მაგრამ მას სათანადო დრო და რესურსების მოძიება სჭირდება. ღიად უნდა ითქვას, რომ დღევანდელი პრეზიდენტის სახით საქმე გვაქვს არა დაბალანსებულ სახელმწიფოს მეთაურთან, არამედ ჩასაფრებულ ოპონენტთან, რომელსაც შეუძლია (უკვე დაადასტურა კიდეც) არადემოკრატიულ მართვაში და პოლიტიკურ დევნაში დასდოს ბრალი ახალ ხელისუფლებას.


არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ XXI საუკუნე უახლესი ტექნოლოგიების საუკუნეა. შესაბამისად, იზრდება პოლიტიკური ტექნოლოგიებიც, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია პოლიტიკური PR-ის ეფექტურად გამოყენება.


აქედან გამომდინარე, აუცილებელია ახალმა ხელისუფლებამ "ნაციონალების" ლობისტური ჯგუფების გამოწვევებს ეფექტური PR დაუპირისპირონ და საერთაშორისო საზოგადოებას აუწყონ, თუ რა ღირებულებების რეალიზაციით აპირებს საქართველო მომავალში ცივილიზებულ სამყაროსთან ურთიერთობას.


თუ "დარტყმა" ზუსტი და დროული იქნება, "ნაციონალებს" იმ კოზირსაც წავართმევთ, რომელსაც ასე თავგამოდებით ებღაუჭებიან!


ზაურ ნაჭყებია

30-11-2012, 12:25
უკან დაბრუნება