ივერიონი / რატომ არ რთავენ გათბობას სამარშრუტო ტაქსებში?

რატომ არ რთავენ გათბობას სამარშრუტო ტაქსებში?

სამარშრუტო ტაქსებში წელიწადის დრო არ იცვლება. ზამთრის დადგომის მიუხედავად, ყვითელ სამარშრუტო ტაქსების უმეტესობა "ზაფხულის დროით" მუშაობს, ანუ მძღოლები გათბობას არ რთავენ. შესაბამისად,  მგზავრები ხშირად გამოთქვამენ სამართლიან პრეტენზიას.


როგორც ჩანს, ეს ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა, რადგან მძღოლები ანალოგიურად იქცეოდნენ ზაფხულშიც, როდესაც კონდინციონერს არ რთავდნენ, როცა გარეთ ტემპერატურა საკმაოდ მაღალი.


ამაზე მძღოლებს თავისებური განმარტება აქვთ – კონდინციონერისა და გათბობის  ჩართვის შემთხვევაში, მანქანა გაცილებით მეტ საწვავს მოიხმარს.


ამიტომაც, სამარშრუტო ტაქსებში ლამის ისევე ცივა, როგორც გარეთ. საყურადღებოა ერთი დეტალი, მძღოლების უმეტესობა "მიკრო გათბობას" რთავს, რაც მხოლოდ მას ათბობს და მთლიანად ტრანსპორტში ამინდს ვერ ქმნის.


"ივერიონი" პრობელემის გასარკვევად დედაქალაქის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს დაუკავშირდა. სამსახურის უფროსმა ჩვენს ზარებს საერთოდ არ უპასუხა,  "თბილისის მიკროავტობუსში" კი კითხვების წერილობით წარდგენა მოგვთხოვეს.  ქართველმა ჟურნალისტებმა კი კარგად იციან პრესასამსახურებთან ეპისტოლარული ურთიერთობის თავისებურებანი: კითხვას აგზავნი და პასუხს უსასრულოდ ელოდები.


ხვალიდან ზამთარი "ოფიციალურად" იწყება. იმედია, სამარშრუტო ტაქსების მძღოლები და ქალაქის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური გაიხსენებენ, რომ მგზავრს (მომხმარებელს) უფლებები გააჩნია, მით უმეტეს, რომ ის ამაში სოლიდურ თანხას – ეკონომიკურად დაუსაბუთებელ ღირებულებას – 80 თეთრს იხდის.

30-11-2012, 13:51
უკან დაბრუნება