უშიშროების საბჭო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმიანება. ლაპარაკია 16 მილიონზე, რომელიც, ივანიშვილის თქმით, გიგა ბოკერიამ უცხოურ პრესაში ხელისუფლების წინააღმდეგ პასკვილების დაბეჭვდაში გადაიხადა. პრემიერის ვარაუდით, ეს თნხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიხარჯა.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია შეშფოთებას და გაკვირვებას გამოთქვამს და ამიტომ მისი უწყება შესაბამის განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ივერიონი“ უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი შეშფოთებას და გაკვირვებას გამოთქვამს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო. როგორც ირკვევა, საქართველოს ახალ მთავრობასა და მის მეთაურს მიაჩნიათ, რომ "ვაშინგტონ პოსტის" ან ნებისმიერი სხვა რეპუტაციის მქონე გამოცემის სარედაქციო პოზიციას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი ან მის მიერ დაქირავებული საკონსულტაციო კომპანიები განსაზღვრავენ. პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ პასუხს მოსთხოვს იმ პუბლიკაციების ავტორებსა და გამოცემებს, რომელთა კრიტიკასაც ის "არაობიქტურად" მიიჩნევს. უაღრესად შემაშფოთებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მისი კაბინეტის წევრების მიერ კრიტიკული აზრის მიმართ გამოჩენილი შეუწყნარებლობა. აღნიშნული ასევე ცხადყოფს, რომ პრემიერ-მინისტრს არ ესმის, თუ როგორ მუშაობს მედია ამერიკის შეერთებულ შტატებში და ზოგადად, დემოკრატიულ სამყაროში.
ახალი მმართველი გუნდის მიერ საქმიანობის პირველი ერთი თვის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯები, მისი რიტორიკა და რეაქცია ქვეყნის შიგნით ოპონენტების, უცხოელი პარტიორებისა და საერთაშორისო პრესის მხრიდან კრიტიკაზე, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ საფრთხეს, რომლის წინაშეც დგას, პირველ რიგში, ქართული დემოკრატია, ასევე საქართველოს საერთაშორისო იმიჯი და საბოლოო ჯამში, მისი სუვერენიტეტი და უსაფრთხოება.
გაკვირვებას იწვევს უშიშროების საბჭოს აპარატის მიმართ დასმული შეკითხვები. ინფორმაცია ჩვენს მიერ ამერიკულ საკონსულტაციო კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებების, მათი შინაარსისა და გაწეული მომსახურების ღირებულების შესახებ დიდი ხანია ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის: უშიშროების საბჭოს აპარატმა ხსენებული ხელშეკრულებების ასლები მიაწოდა ყველა ორგანიზაციას, რომელმაც შესაბამისი თხოვნით მოგვმართა. ხელშეკრულებები ასევე განთავსებულია შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე. ამრიგად, ცნობილია ხელშეკრულებების შინაარსიც და გაწეული მომსახურების მიზნებიც.
ყველა ის ამოცანა, რომელსაც ემსახურებოდა საკონსულტაციო კომპანიების დაქირავება, დღესაც აქტუალურია ქართული სახელმწიფოსთვის. მათ შორისაა: ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, თავდაცვის, ნატო-ში ინტეგრაციის, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისა და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობა, მჭიდრო კონტაქტის დამყარება შეერთებული შტატების, როგორც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, მედიასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.
რაც შეეხება უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ დაფინანსებული ყველა პროექტის შესახებ ფინანსთა სამინისტროსთვის სრული ინფორმაციის მიწოდებას, სამწუხაროდ, საბიუჯეტო განხილვის პროცესში ფინანსთა მინისტრმა უარი თქვა ჩვენს მიერ შეთავაზებული შეხვედრების გამართვაზე და წერილობითი ფორმით კომუნიკაცია არჩია. პირველი წერილობითი შეკითხვა უშიშროების საბჭოს აპარატმა მიიღო 9 ნოემბერს, რომელსაც პასუხი გაეცა 14 ნოემბერს. მოგვიანებით, 20 ნოემბერს ფინანსთა სამინისტრომ მოითხოვა დეტალური ინფორმაცია შესყიდული საკონსულტაციო მომსახურების შესახებ, რომელიც მას გადაეგზავნა 30 ნოემბერს", - ნათქვამია განცხადებაში.