ივერიონი / აკაკი ბობოხიძე: საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება სრულ მარაზმამდეა მისული

აკაკი ბობოხიძე: საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება სრულ მარაზმამდეა მისული

საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წევრი აკაკი ბობოხიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის შესაძლო დაკითხვას ეხმაურება. იგი აღნიშნავს, რომ ბრალდებები მერაბიშვილის მიმართ სრულიად უსაფუძვლო და სპეციალურად შეთითხნილია.


,,სასაცილოა, განა შეიძლება კაცი, რომელსაც ქვეყნის დატოვება უნდოდა,  ქვეყნიდან გასულიყო და კვლავ უკან დაბრუნებულიყო? მე პირადად ვნახე ვანო მერაბიშვილის პირადობის მოწმობა და მასზე გარკვევით არის აღნიშნული როგორც გასვლის, ისე შემოსვლის შტამპი. ამიტომ ბრალდება, თითქოს ის პირადობის მოწმობის გაყალბებას ცდილობდა, აბსურდულია", – აღნიშნავს აკაკი ბობოხიძე ,,ივერიონთან" საუბრისას.


მან აქვე დასძინა, რომ მერაბიშვილი დაბარების შემთხვევაში, აუცილებლად მივა პროკურატურაში და ყველა არსებულ კითხვას გასცემს პასუხს.


,,ივანიშვილის რეპრესიული მთავრობა ამგვარი ამაზრზენი მოქმედებებით სრულ მარაზმამდე მიდის და, ვშიშობ, არამარტო საკუთარ თავს დაიღუპავს, არამედ სრულიად საქართველოსაც დაღუპავს", - აცხადებს პარლამენტარი.

1-12-2012, 17:03
უკან დაბრუნება