ივერიონი / ლაბრადორს ოპერაციას ადამიანებისთვის განკუთვნილ კლინიკაში გაუკეთებენ

ლაბრადორს ოპერაციას ადამიანებისთვის განკუთვნილ კლინიკაში გაუკეთებენ

საფრანგეთში ახალგაზრდა ლაბრადორს, მეტსახელად ლიკას, რომელსაც გულის თანდაყოლილი მანკი აწუხებს, ოპერაციას ადამიანებისთვის განკუთვნილ სტაციონარში გაუკეთებენ. ეს გადაწყვეტილება ძაღლის პატრონმა, კრისტიანა კოლინამ  მას შემდეგ მიიღო, რაც ვეტერინარებმა ოპერაციის გაკეთებაზე უარი განუცხადეს.


ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო  „Le Prisien“ ავრცელებს.


ლაბრადორი სამი თვის იყო, როცა კრისტიანა კოლინამ ის სახლში მიიყვანა. ერთ-ერთი სეირნობისას,  სხვა ძაღლებთან თამაშისას, „ლიკას“  გული წაუვიდა.  ვეტერინართან  მიყვანის შემდეგ გაირკვა, რომ მას არტერია ჰქონდა გახეთქილი და ლაბრადორის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.


ვეტერინარებმა  პროცედურების სირთულის  გამო ოპერაციის გაკეთებაზე უარი განაცხადეს. კოლინმა დახმარებისთვის საფრანგეთის საავადმყოფოს მიმართა. ქირურგები დათანხმდნენ ოპერაციის უსასყიდლოდ გაკეთებაზე. თუმცა ამის მიუხედავად, კრისტიანას მაინც მოუწევს 3000 ევროს გადახდა ოპერაციისთვის  საჭირო აღჭურვილობის ხარჯების დასაფარად. 


კოლინამ თანხის შესაგროვებლად ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართა. მათ Facebook-ის დახმარებით დაიწყეს ოპერაციისთვის საჭირო თანხის შეგროვება. ოპერაცია 20 დეკემბერსაა დანიშნული.


ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის ინიციატივამ ექიმებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მაგალითად, ექიმი დიდე მენარი აკრიტიკებს ძაღლის ოპერაციისთვის  ფულის შეგროვების აქციას. ის მიიჩნევს, რომ ამ სახსრებს ავადმყოფი ადამიანები უფრო საჭიროებენ. „სიცოცხლის გადასარჩენად არ ღირს ეკონომიის გაწევა და არა აქვს მნიშვნელობა, ცხოველი იქნება ეს თუ ადამიანი“,- განუცხადა ექიმებს ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა. 

1-12-2012, 18:51
უკან დაბრუნება