სურამში დეპუტატ გოგა ხაჩიძის მშობლების სახლში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადება ავრცელებს.
„ივერიონი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოს სურამის განყოფილებაში 2012 წლის 29 ნოემბერს შემოსული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე. ამ საქმეზე, 2012 წლის 29 ნოემბერს, შსს ხაშურის რაიონული სამმართველოს სურამის განყოფილების თანამშრომლების მიერ გაჩხრეკილი იქნა ხაშურის რაიონ დაბა სურამში მოქალაქე ზურაბ ციცქიშვილის საცხოვრებელი ბინა, რა დროსაც ამოღებული იქნა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ერთი მჭიდი, 17 ცალი ვაზნა და ავტომატის საწმენდი.
ზურაბ ციცქიშვილისა და მისი მამის, თენგიზ ციცქიშვილის მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ, გამოძიებამ მიიღო ინფორმაცია, რომ შესაძლებელი იყო, მევლუდ ხაჩიძეს მართლსაწინააღმდეგოდ ჰქონოდა შენახული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები.
საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, ხაშურის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2012 წლის 01 დეკემბერს დილის 07:00 საათზე გაიჩხრიკა ხაშურის რაიონ სოფელ ურთხვაში მცხოვრები მევლუდ ხაჩიძის საცხოვრებელი ბინა, რა დროსაც ამოღებული იქნა, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სამი ცალი ცარიელი მჭიდი და ერთი ცალი ჯავშანჟლეტი. მევლუდ ხაჩიძე დაიკითხა მოწმის სახით“, - წერია განცხადებაში.