ივერიონი / პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მერაბიშვილის წინააღმდეგ გამოძიება შეწყდება

პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მერაბიშვილის წინააღმდეგ გამოძიება შეწყდება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შსს-ს მიერ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიმართ დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება . ამასთან დაკავშირებით, განცხადება მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, რომელსაც "ივერიონი" უცვლელად გთავაზობთ.

 

"30 ნოემბერს საქართველოს დელეგაცია, ჩემი ხელმძღვანელობით, ერევანში, ევროპის სახალხო პარტიის აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფო მეთაურთა სამიტზე გაემგზავრა.

მე და ჩვენი დელეგაცია აღნიშნულ ღონისძიებაზე შევუერთდით ევროკომისიის პრეზიდენტს - ხოსე მანუელ ბაროსოს, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს - ვილფრედ მარტენსს, სომხეთის პრეზიდენტს - სერჟ სარქისიანსა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრს - ვლად ფილატს, ასევე ევროპარლამენტის და ეროვნული პარლამენტების სხვადასხვა წევრებს.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი იყო დელეგაციის წევრი, როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი. ის მონაწილეობდა ყველა ოფიციალურ შეხვედრაში, მათ შორის ხანგრძლივ პირისპირ შეხვედრაში ევროკომისიის პრეზიდენტთან. ამის შემდეგ დაიწყო ის ავადმყოფური ფანტაზიით შექმნილი ისტორია, რომელსაც საზოგადოება უკვე იცნობს.

თავისთავად ის იდეა, რომ ვანო მერაბიშვილი  ყალბ პასპორტს გამოიყენებდა ასეთ ოფიციალურ ვიზიტზე გასამგზავრებლად, იმდენად აბსურდულია, რომ ჩემთვის საერთოდ კომენტარის გაკეთებაც კი ძნელია ამ თემაზე. ის, რომ ვანო მერაბიშვილი, რომელსაც მთელი საქართველო იცნობს, შეეცდებოდა საზღვრის სხვის სახელზე გაცემული, ყალბი პასპორტით გადაკვეთას, რათა მთელი ევროპის ტელეკამერების წინ ჩაეტარებინა ღია შეხვედრა, მხოლოდ ძალიან უგუნურ ადამიანებს შეიძლება მოეფიქრებინათ.

მე მტკიცედ ვუჭერ მხარს იმ დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს, რაც დამკვიდრდა საქართველოში და შეშფოთებას გამოვთქვამ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებულ დევნის ფაქტებთან დაკავშრებით. ამასთან იმედს გამოვთქვამ, რომ სახელმწიფოს შესაბამისი პასუხისმგებელი პირები ამ აბსურდულ გამოძიებას ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ შეწყვეტენ.

საქართველოს საზოგადოება მეტს იმსახურებს. ჩვენი საზოგადოება იმსახურებს მსჯელობას იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია უკეთ ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და არა ისეთი ისტორიების ფაბრიკაციას, რომლებიც ემსახურება ყურადღების სხვაგან გადატანას და იაფფასიანი, მოკლევადიანი პოლიტიკური ქულების დაწერას", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

 

2-12-2012, 10:38
უკან დაბრუნება