დაცვის მხარე შს სამინისტროს გენინსპექციის ყოფილი უფროსის, თენგიზ გუნავას აღმკვეთი ღონისძიების გარეშე გათავისუფლებას ითხოვს.
როგორც სასამართლოსთან ადვოკატმა გიორგი ონიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ პროცესზე ისინი სწორედ ამ შუამდგომლობის დაყენებას გეგმავენ. მისი თქმით, თუ სასამართლო მათ შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებს, დაცვის მხარე გუნავასთვის კვლავ გირაოს შეფარდებას მოითხოვს.
ონიანის ცნობით, თენგიზ გუნავას ამ ეტაპზე გამოძიება ორი მუხლით ედავება. 182-ე მუხლით, რომელიც ქონების მითვისებას გულისხმობს და რომლის მიხედვითაც გუნავამ 49 500 ლარი და 3 000 ლიტრი ბენზინი მიითვისა. ასევე 120-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს სხეულის მსუბუქ დაზიანებას. ამ მუხლით ბრალი გუნავას გუშინ წარედგინა. საქმე ეხება 2012 წლის მარტში გუნავას მიერ საკუთარი მძღოლის, კახაბერ იზორიას დაჭრას.