ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ზესტაფონის გამგებელსა და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს კახა გეწაძეს, აღმკვეთი ღონისძიების სახით, გირაო - 20 000 ლარი შეუფარდა.
გეწაძემ საპატიმრო გუშინ დატოვა. გირაოს თანხა მისმა ახლობლებმა გადაიხადეს. ამასთან ჭიდაობის ფედერაციამ მას უფლებამოსილება არ შეუჩერა.
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა და მის დაკავებას პოლიტიკური იერსახე აქვს.
„დანაშაულს რა თქმა უნდა, არ ვაღიარებ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საბოლოო განაჩენი იყოს გამართლება. ვფიქრობ, დღეს სამართლიანობა აღსდგა, და მომავალში შევეცდებით ზუსტად ის გავაკეთოთ რაც ჩვენს მოსახლეობას სჭირდება“ , - აცხადებს გეწაძე.
კახა გეწაძის თქმით, პოლიციელები და ძალოვანი უწყების თანამშრომლები კარგად ექცეოდნენ და მათთან "არანაირი პრობლემა არ ჰქონია".
სამართალდამცველებმა კახა გეწაძე 29 ნოემბერს დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, გეწაძე ერთი წლის წინათ მომხდარი ჩხუბის ფაქტზე დააკავეს. მის წინააღმდეგ იმერეთის საოლქო პროკურატურას საქმე სამი მუხლით აქვს აღძრული. მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, ასევე 239-ე მუხლის მესამე ნაწილით, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს და 184-ე მუხლის პირველი ნაწილით.