ივერიონი / მოპარულ პიკასოს ტილოს დაზღვევით ვერ ავანაზღაურებთ

მოპარულ პიკასოს ტილოს დაზღვევით ვერ ავანაზღაურებთ

მსოფლიოში კრიმინალის დონე კვლავ მაღალია. იპარავენ ყველაფერს, რისი მოპარვაც კი შეიძლება, დაწყებული ძვირფასი ქვებით და დამთავრებული ცნობილი ადამიანების ძეგლებით თუ მონუმენტებით. ამ მხრივ საქართველოს დიდი გამოცდილება აქვს, ჩვენთან არაერთი ძეგლი მოუპარავთ, არა იმიტომ, რომ ქურდისთვის ეს ღირებული იყო, არამედ იმისთვის, რომ მას ჯართში ძვირად ჩააბარებდნენ.  ეს ჩვენი ქვეყნის მწარე გამოცდილებაა. მაგრამ ამჯერად მინდა შევეხო მსოფლიო მაშტაბით მეტად მნიშვნელოვანი ძვირფასი ნივთების  ქურდობას. 

 

ყოველწლიურად,  მსოფლიო მასშტაბით, დაახლოებით 6 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ხელოვნების ნიმუშები ქრება  და ამერიკის ფედერალური ბიუროს მონაცემებს თუ დავუჯერებთ, ეს სტატისტიკა მზარდია და თანდათან სურათი უფრო უარესდება: გამქრალი ნივთებიდან აღმოჩენა-დაბრუნებას, საშუალოდ, მხოლოდ 5 % ექვემდებარება.

 

ყურადღებას გავამახვილებ არტ-ქურდობებზე. ხელოვნების სფეროში ჩადენილი ქურდობების ისტორიაში ყველაზე “მსხვილ” კრიმინალად 1990 წელს ბოსტონის Isabella Stewart Gardner Museum-დან მოპარული 13 ტილოს ისტორია ითვლება. რემბრანტის, ვერმეერის, მანეს, დეგას უნიკალური ქმნილებები  პოლიციის უნიფორმაში გადაცმულმა ორმა მამაკაცმა ისე მოხერებულად გაიტანა მუზეუმიდან, რომ მათი კვალისთვის დღემდე ვერ მიუგნიათ, მიუხედავად დამბრუნებლისთვის დაწესებული ხუთმილიონიანი საპრიზო ფონდისა. ოცი წლის წინათ ამ ზარალის ღირებულება სამას მილიონ დოლარად იყო შეფასებული. 

 

მეორე ადგილზეა ორი წლის წინათ პარიზში მომხდარი ქურდობა, რომელიც ბევრ ჩვენგანს შეიძლება ახსოვდეს: პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმიდან ხუთასი მილიონი ევროს ღირებულების, აუქციონზე გასაყიდად გასატანი ხუთი ტილო რომ მოიპარეს, რომელთა შორისაც პიკასოს, მატისის და მოდილიანის ტილოებიც გახლდათ. სამართალდამცავების ინტენსიური მუშაობის მიუხედავად, მათ შესახებაც დღემდე არაფერია ცნობილი.

 

რიგით მესამე ყველაზე დიდი “არტ-ქურდობა” კრიმინალებმა “კარლსონის პრინციპით” შეასრულეს: ამსტერდამის ვან გოგის მუზეუმში, არც მეტი, არც ნაკლები, სახურავიდან ჩაძვრენ და ლეგენდარული ჰოლანდიელი მხატვრის ოცდაათ მილიონ დოლარად შეფასებული ორი ტილო გაიტანეს. წინა ორი ისტორიისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში, ჰოლანდიის პოლიციამ ორი ბრალდებულის დაკავება მოახერხა, მაგრამ, ამჯერადაც, ტილოების კვალის მიგნების მცდელობები უშედეგოდ დასრულდა.      

რამდენიმე წლის წინათ, ნორვეგიაში მდებარე “Munch Museum”-დან დღისით, შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, მუნკის ორი ლეგენდარული ტილო - “კივილი” და “მადონა” მოიპარეს. მაშინ მუზეუმის დირექტორმა პრესასთან ასეთი ტიპის განცხადება გააკეთა: “ეს ნამუშევრები ანაზღაურებას არ ექვემდებარება - ქუჩაში ვერ გავალ და მუნკს ვერ ვიყიდი. ამიტომაც, არ მგონია, რომ ასეთ დროს დაზღვევა გამოსავალი იყოს“. 

 

ძნელია, არ დაეთანხმო მუზეუმის დირექტორს  იმაში, რომ უნიკალური ნივთების ავთენტურ ასლს ვერსად მოიპოვებ და ასეთი ტიპის ზარალის ანაზღაურება “ნატურით” შეუძლებელია. მაგრამ დაზღვევის უგულებელყოფაც არ შეიძლება. ძალიან ცუდია, როცა ასეთი ძვირფასი ტილოები უგზოუკვლოდ ქრება, მათ ვეღარ ვანაზღაურებთ და მარტო მათი ასლები გვრჩება. 

 

აუცილებლია მუზეუმებმა და არტ-გალერეამ გაითვალისწინოს, რომ სეიფის გარდა,  სხვა ტიპის დამცავი მექანიზმებიც არსებობს.

 

2-12-2012, 15:42
უკან დაბრუნება