შინაგან საქმეთა სამინისტრო ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას და ჩვენებებს ავრცელებს, რომელსაც „ივერიონი“უცვლელად გთავაზობთ:
"შინაგან საქმეთა სამინისტრო, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აქვეყნებს ამონარიდებს ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით დაკითხული ყოფილი პრემიერ-მინისტრის - ივანე მერაბიშვილის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის უფროსის ზურაბ დარჩიაშვილის, ამავე სამსახურის თაამშრომლის გიორგი გიორგაძის და მესაზღვრე კონტროლიორის ვაჟა ღოღაძის ჩვენებებიდან“.
აღნიშნული ჩვენებები და საქმის მასალები ცხადყოფენ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა მართლმსაჯულებისთვის შეგნებულად ხელის შეშლის მიზნით, გამოძიებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, რომელიც არსებითად ეწინააღმდეგება საქმეში მოპოვებულ მტკიცებულებებსა და უტყუარად დადასტურებუ ფაქტებს, აგრეთვე, სხვა მოწმეთა ჩვენებებს:
ამონარიდი მესაზღვრე კონტროლიორის ვაჟა ღოღაძის ჩვენებიდან:
„2012 წლის 30 ნოემბერს, მე ვმუშაობდი მოფრენის საერთო დარბაზში ხელმძღვანელობის დავალებით დაახლოებით 15:00 საათზე გადავედი ვიპ დარბაზში, როგორც ჩემთვის იყო ცნობილი, უნდა შესრულებულიყო ე.წ ლიტერული რეისი, რაც ნიშნავს ქვეყნის პირველი პირების გაფრენას ან მოფრენას, ხოლო ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყო გაფრენა. გაფრენა, როგორც ჩემთვის იყო ცნობილი, უნდა განხორციელებულიყო ერევნის მიმართულებით. ე.წ ვიპ დარბაზში გადასვლის შემდეგ მე აღმოვაჩინე, რომ ერევანში უნდა წასულიყო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დელეგაციასთან ერთად.
ჩემთან მოვიდა პროტოკოლის სამსახურის წარმომადგენელი, რომელმაც მანამდე მომაწოდა პასპორტები და მან კვლავ მომაწოდა პასპორტი-საქართველოს მოქალაქის პასპორტი გაცემული ლევან მაისურაძის სახელზე. მე შევამოწმე აღნიშნული პასპორტი და აღმოვაჩინე, რომ მასში მოთავსებული იყო (დატანილი) საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის ფოტოსურათი, ვინაიდან მე წლების განმავლობაში ვმუშაობ პოლიციაში, ასევე ვმუშაობდი ივანე მერაბიშვილის მინისტრობის დროსაც. მე იგი ამოვიცანი ფოტოსურათზე. მით უმეტეს, რომ ივანე მერაბიშვილი არის ცნობილი ადამიანი, იგი ხშირად მინახავს ტელევიზიითაც. მე მისი ფოტოსურათის ამოცნობა არ გამიჭირდა და შემიძლია კატეგორიულად დავადასტურო, რომ ფოტოსურათზე გამოსახული იყო სწორედ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი.
ვინაიდან აშკარა შეუსაბამობა იყო პასპორტში არსებულ ფოტოსურათსა და დემოგრაფიულ მონაცემთა შორის, მე პროტოკოლის სამსახურის წარმომადგენელს, რომელმაც მომაწოდა აღნიშნული პასპორტი, განვუმარტე, რომ პასპორტის მფლობელს არ მივცემდი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობას, ვინაიდან პასპორტში არსებული დემოგრაფიული მონაცემები არ შეესაბამებოდა ფოტო-სურათზე გამოსახულ პიროვნების მონაცემებს. მე წარმომადგენელს ვკითხე, თუ ვისი პასპორტი წარმომიდგინა მან, რაზეც მიპასუხა, რომ მის მიერ წარმოდგენილი პასპორტი იყო ივანე მერაბიშვილის. მან დათვალიერების მიზნით გამომართვა პასპორტი, დააკვირდა ფოტოსურათს და თქვა, რომ პასპორტში მოთავსებული იყო ივანე მერაბიშვილის ფოტოსურათი, რაზეც მე მას ვუთხარი დემოგრაფიული მონაცემებიც შეემოწმებინა. დემოგრაფიული მონაცემების შემოწმებისთანავე მან პასპორტი აღარ დამიბრუნა და პასპორტი მიუტანა პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის უფროსს ზურაბ დარჩიაშვილს. ამ დროს მე დავინახე, რომ ზურაბ დარჩიაშვილთან ერთად იდგა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი. ივანე მერაბიშვილმა ზურაბ დარჩიაშვილთან ერთად დახედა პასპორტს, ხმამაღლა თქვა, რა პრობლემა არისო, ეს პასპორტი არ გავატაროთო, იმ პასპორტს ცოტა ხანში მოიტანენო. დაახლოებით 3-5 წუთში დარჩიაშვილმა მომაწოდა საქართველოს ეროვნული პასპორტი, გაცემული ივანე მერაბიშვილის სახელზე, მასში მოთავსებული ივანე მერაბიშვილის ფოტოსურათით, რაც მე შესაბამისი წესით გავატარე. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ მე დავინახე, თუ როგორ გამოართვა ივანე მერაბიშვილმა ზურაბ დარჩიაშვილს ლევან მაისურაძის სახელზე გაცემული პასპორტი და ჩაიდო ქურთუკის ჯიბეში. ივანე მერაბიშვილმა სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა მის სახელზე გაცემული პასპორტით, რომელიც მე მომაწოდა ზ. დარჩიაშვილმა“.
ამონარიდი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის უფროსი ზურაბ დარჩიაშვილის ჩვენებიდან:
„დაახლოებით 15:30 საათზე სახელმწიფო დელეგაცია შეიკრიბა ქ.თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც ვიწყებდით საპასპორტო კონტროლის გავლას სასაზღვრო გამშვებ პუნქტამდე რამოდენიმე მეტრის მოშორებით ივანე მერაბიშვილმა მომაწოდა პასპორტი, რომლითაც უნდა მომხდარიყო მის მიერ საზღვრის კვეთის დაფიქსირება და საპასპორტო კონტროლის გავლა. ივანე მერაბიშვილის პასპორტი მე მივაწოდე ჩემს თანამშრომელს გიორგი გიორგაძეს რომლის ზუსტი დემოგრაფიული მონაცემები და მისამართი მე არ ვიცი, თუმცა აღნიშნულს მოგაწვდით, ვინაიდან იგი არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომელი. გ.გიორგაძემ მითითებული პასპორტი მიიტანა სასაზღვრო გამტარ პუნქტთან და მიაწოდა მესაზღვრე კონტროლიორ პატრულ-ინსპექტორს. რამდენიმე წუთში გ. გიორგაძემ მითხრა, რომ გაურკვევლობა იყო ივანე მერაბიშვილის პასპორტთან დაკავშირებით და განმარტა, რომ მითითებული პასპორტი არ იყო ივანე მერაბიშვილის, რომელიც არის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ამჟამინდელი ,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი საქართველოში. მე მივედი მესაზღვრე კონტროლიორთან, სადაც ჩემმა თანამშრომელმა გიორგი გიორგაძემ მესაზღვრე კონტროლიორს გამოართვა და მე მომაწოდა ჩემს მიერ ზემოთ ხსენებული პასპორტი, მე გამოვართვი პასპორტი მას, შევამოწმე პასპორტის გრაფაში არსებული სახელი და გვარი, რომელიც არ ემთხვეოდა ივანე მერაბიშვილის სახელს და გვარს, კერძოდ, როგორც მე მახსოვს, ხსენებული პასპორტი გაცემული იყო ლევან მაისურაძის სახელზე, თუმცა მე არ დამიხედავს და ამჟამად ავღნიშნავ, რომ ყურადღებით არ დამითვალიერებია ხსენებული პასპორტი, რაც არ შედიოდა ჩემს მოვალეობაში, ანუ ვისი სურათი იყო პასპორტში ჩაკრული, არ ვიცი. მე ზეპირად ვიცოდი საზღვარგარეთ გასამგზავრებელი პირების სია და ლევან მაისურაძე არ ირიცხებოდა ამ სიაში და, აქედან გამომდინარე, ხსენებული პასპორტი დავუბრუნე პირადად ივანე მერაბიშვილს.
ივანე მერაბიშვილმა განმარტა, რომ ეს პასპორტი ნამდვილად სხვა პასპორტი იყო და მითხრა, რომ ცოტა ხანში მოიტანდნენ მის პასპორტს და, მართლაც, 5-7 წუთში ჩემთვის უცნობმა მამაკაცმა, რომელიც შესაძლოა იყო ივანე მერაბიშვილის თანმხლები პირი, მოიტანა ივანე მერაბიშვილის პასპორტი, რომელიც წესის და რიგის შესაბამისად გადაეცა მესაზღვრე-კონტროლიორს“.
ამონარიდი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის მთავარი სპეციალისტის, გიორგი გიორგაძის ჩვენებიდან:
„აეროპორტის ვიპ დარბაზში შემოვიდა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი, რომელმაც პასპორტი გადასცა ზურაბ დარჩიაშვილს, ხოლო მან, თავის მხრივ, გადმომცა მე იმ მიზნით, რომ პრეზიდენტთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად გაევლო ივანე მერაბიშვილს საპასპორტო კონტროლი და გამგზავრებულიყო მათთან ერთად ქ. ერევანში. მე, ისე რომ ზურაბ დარჩიაშვილის მიერ გადმოცემული ივანე მერაბიშვილის პასპორტისთვის არც კი დამიხედავს, ისე წარვუდგინე პატრულ-ინსპექტორს (მესაზღვრე-კონტროლიორს) და მივბრუნდი აეროპორტის დარბაზში. რამდენიმე წუთში პატრულ-ინსპექტორმა მითხრა, რომ ჩემ მიერ წარდგენილი პასპორტი არ ეკუთვნოდა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ივანე მერაბიშვილს და ამ პასპორტით ვერ მისცემდა ივანე მერაბიშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის უფლებას. მე დავუძახე იქვე დარბაზში მყოფ ზურაბ დარჩიაშვილს და ვუთხარი, რომ ივანე მერაბიშვილის პასპორტთან დაკავშირებით იყო პრობლემები, კერძოდ, პატრულ-ინსპექტორი (მესაზღვრე-კონტროლიორი) აცხადებდა, რომ ჩემ მიერ წარდგენილ პასპორტში არსებული დემოგრაფიული მონაცემები არ ემთხვეოდა ივანე მერაბიშვილის დემოგრაფიულ მონაცემებს. ზურაბ დარჩიაშვილმა პატრულ-ინსპექტორს გამოართვა აღნიშნული პასპორტი და რამდენიმე წუთში მოიტანეს ივანე მერაბიშვილის პასპორტი, რომლის საშუალებითაც მან გაიარა საპასპორტო კონტროლი და გაემგზავრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და ოფიციალურ დელეგაციის წევრებთან ერთად ქ. ერევანში“.
ამონარიდი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანე მერაბიშვილის ჩვენებიდან:
2012 წლის 30 ნოემბერს ე.წ ვიპ დარბაზში დელეგაციის დამხმარე პირს გადავეცი ჩემი ეროვნული პასპორტი, რომელსაც უნდა მიეტანა იგი მესაზღვრე კონტროლიორამდე, მის ბიომეტრიულ გვერდზე დატანილი იყო ჩემი სურათი ჩემი სახელი და გვარი - ივანე მერაბიშვილი, დაბადებული 15.04.1968 წელს და შესაბამისი პირადი ნომერი, რომელიც არ მახსოვს. დასმულ შეკითხვაზე დამხმარე პირმა გადმომცა თუ არა ჩემ მიერ მიწოდებული ეროვნული პასპორტი და მითხრა თუ არა რაიმე. გიპასუხებთ: მე რამდენადაც მახსოვს, დამხმარე პირს ჩემი ეროვნული პასპორტი წარვუდგინე. გადავეცი ერთხელ და მას ჩემთვის არაფერი უთქვამს პასპორტთან დაკავშირებით და არც რაიმე ინციდენტი შემინიშნავს და ასევე გაფრენის შემდეგ, როდესაც ასევე დავბრუნდი საქართველოში, არც შემდეგ მქონია რაიმე შეხება.
მე ლევან მაისურაძეს, დაბადებულს 12.02.1970 წელს, არ ვიცნობ, არც მისი რაიმე სახის დოკუმენტი მინახავს და არც მქონია", - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ მასალაში.