“საქართველომ პალესტინისთვის სტატუსის გაზრდას მხარი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე დაუჭირა. მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ამ საკითხის განხილვისას წინააღმდეგობა არ ყოფილა. ეს გადაწყვეტილება მათ ერთხმად მიიღეს“.
ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ „Грузия Online" ავრცელებს.
სესიაშვილის შეფასებით, ინფორმაცია, თითქოს საქართველომ ეს გადაწყვეტილება პარტნიორებთნ, პირველ რიგში კი, აშშ-თან კონსულტაციის გარეშე მიიღო, სიმართლეს არ შეესაბამება. ის ასევე არ იზიარებს ოპონენტების მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, პალესტინის ახალი სტატუსისთვის მხარდაჭერა ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებასთან დაკავშირებით გამოწვეულ დიპლომატიურ ბრძოლას კიდევ უფრო გაამწვავებს.
„აქ არ განიხილება ქვეყნის დამოუკიდებლობის საკითხი. ამ რეზოლუციას ხმა სწორედ იმ მოტივით მივეცით, რათა არაღიარების პოლიტიკა გაგვეგრძელებინა. პალესტინის ახალ სტატუსს მხარი ბევრმა ქვეყანამ დაუჭირა, მათ შორის ევროპის არაერთმა სახელმწიფომ. შესაბამისად, ვთვლი, რომ ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება რისკის ქვეშ არ დგას“,-განაცხადა სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გაეროს ასამბლეამ პალესტინის სტატუსის გაზრდას მხარი ისრაელისა და აშშ-ს წინააღმდეგობის მიუხედავად დაუჭირა. 193 ქვეყნიდან პალესტინას ხმა 138-მა მისცა. პალესტინისთვის სტატუსის გაზრდა ამ ქვეყანას საშუალებას მისცემს, ისრაელის წინააღმდეგ არსებული ბრალდებები ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში წარადგინოს.