თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ მიქაძესა და თენგიზ გუნავას არასაპატიმრო აღკვეთი ღონისძიება - გირაო შეუფარდა. ამასთან დაკავშირებით, საქალაქო სამსამართლო განმარტებას აკეთებს.
სპიკერმოსამართლე ეკა არეშიძე განმარტავს: „სასამართლომ ზურაბ მიქაძის შემთხვევაში მხედველობაში მიიღო შემდეგი გარემოებები_ბრალდებული დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით, წარსულში არ არის ნასამართლევი, გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ჰყავს ოჯახი, დაბარებისთანავე გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში და შესაბამისად, არ არსებობს ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ასევე საქმეზე შემხებლობის მქონე პირების მიმართ ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის დასაბუთებული ვარაუდი.
2012 წლის 1 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ ზურაბ მიქაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე და მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 16 000 ლარის ოდენობით.
ზურაბ მიქაძეს ბრალად ედება მოხელის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კონონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი იარაღის გამოყენებით (საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ”), ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა (საქართველოს სსკ-ის 236-ე-ე მუხლის მე-3 ნაწილი); ასევე მოხელის მიერ სხვა უკანონო ქმედებით პირის იძულება ჩვენების მიცემისათვის (საქართველოს სსკ-ის 335-ე მუხლის I ნაწილი ).
შუამდგომლობის განხილვისას, დაცვის მხარემ მოითხოვა ბრალდებულის მიმართ არასაპატიმრო ხასიათის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება, ამასთან დაცვის მხარემ განაცხადა, რომ ზ. მიქაძის მიმართ წარდგენილი სამი ბრალდებიდან ორ მუხლზე გასულია სისხლის სამართლებრივი დევნისთვის კანონით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა“.
სპიკერმა მოსამართლემ ასევე განმარტება გააკეთა თენგიზ გუნავას საქმესთან დაკავშირებითაც:
„2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ თენგის გუნავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე და მას შეეფარდა გირაო 10 000 ლარის ოდენობით.
"სასამართლომ მხედველობაში მიიღო შემდეგი გარემოებები: მას არ დაურღვევია წინა გირაოს პირობები, დაბარებისთანავე გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში, მისი მხრიდან არ ყოფილა გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტი. არ არსებობს მისი მიმალვის, სხვა მოწმეებზე ზეწოლის ან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე", - განმარტავს ეკა არეშიძე.