"იმ ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც უკანონო პატიმრები არიან, უნდა გამოვიდნენ ციხიდან და მოხდეს მათი რეაბილიტაცია. ამნისტიის კანონი "ნაციონალურ მოძრაობას" იმიტომ არ აწყობს, რომ უკანონო პატიმრების ციხიდან გამოსვლის შემდეგ "ნაციონალების" პასუხისმგებლობის საკითხი დადგება", _ აცხადებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი. მისივე შეფასებით, ამნისტიის კანონის მიღება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
"სამართლიანი საქართველოს" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი ასევე გამოეხმაურა საზოგადოებაში ბოლო პერიოდში არსებულ მოსაზრებას, რომ ამნისტია ქვეყანაში კრიმინალს გაზრდის.
"დილიდან საღამომდე პროკურატურაში დგას რიგი მოქალაქეებისა, რომლებსაც შეაქვთ სარჩელი. კრიმინალს, უკანონო პატიმრების გამოსვლა კი არ გაზრდის ქვეყანაში, არამედ ის, თუ ამ სააქმეების სასწრაფო და სამართლიანი გამოძიება არ მოხდება. რადგან ხალხი დაიღალა ამდენი უსამართლობით და შეიძლება თვითქმედებაზე გადავიდეს _ მოითხოვენ დამნაშავეების "ლინჩის წესით" გასამართლება", _ აცხადებს ნოღაიდელი.
ყოფილი პრემიერის განცხადებით, საქართველოსთვის დიდი საფრთხის შემცველია მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმი:
"საქართველოში პოლიტიკურ მოვლენებს განსაზღვრავს სააკაშვილის ტვინში არსებული იმედი, რომ უკან დაბრუნდება _ მისი იმედი, რომ შეინარჩუნებს ტელევიზიების ნაწილს, ბიზნესებს, რომელსაც აქამდე ფლობდა, ადგილობრივ თვითმართველობებს. მართალია, ეს შეუძლებელია, მაგრამ ის ფაქტი, რომ სააკაშვილს ამის იმედი აქვს და ამაზე მუშაობს, ქვეყნისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს", _ განაცხადა ნოღაიდელმა.
ზურაბ ნოღაიდელი მიიჩნევს, რომ კოალიცია "ქართული ოცნება" არის საქართველოს ერთადერთი დადებითი მხარე და მხოლოდ მათზეა დამოკიდებული, რამდენი ხანი შეძლებენ ხელისუფლებაში ყოფნას.