გენერალური ინსპექციის ფარგლებში ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფი - საიდუმლო რეჟიმის დაცვის სამმართველო იქმნება.
თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილბით, გენერალური ინსპექციის უფროსს ერთი მოადგილისა და ერთი თანაშემწის ნაცვლად, ორი მოადგილე ეყოლება, რომლებსაც უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს მინისტრი.
ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფის - საიდუმლო რეჟიმის დაცვის სამმართველოს ფუნქციებად განისაზღვრა:
სამინისტროს სისტემაში საიდუმლოების რეჟიმის დაცვისა და საიდუმლო საქმისწარმოების კომისიური წესით შემოწმება სათანადო მიწერილობისა და გეგმის საფუძველზე; სამინისტროს სისტემაში საიდუმლო საქმიანობის შესრულებისას, საიდუმლო დოკუმენტებთან და ნაკეთობებთან ურთიერთობისას შემსრულებლების მიერ "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის 42-ე ბრძანებულებითა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების უზრუნველყოფაზე კონტროლის განხორციელება; ასევე სათანადო ღონისძიებები გატარდება გარკვეული დოკუმენტების მოვლისა და შენახვის თვალსაზრისით.