ივერიონი / სერგო ჯავახაძე: ნოღაიდელმა ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი

სერგო ჯავახაძე: ნოღაიდელმა ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი

მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" თავმჯდომარე სერგო ჯავახაძე მიიჩნევს, რომ ექსპრემიერმა ზურაბ ნოღაიდელმა შესაძლოა, ძალიან ბევრ საკითხს მოჰფინოს ნათელი. 

 

როგორც ჯავახაძემ დევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, წინა ხელისუფლებიდან მაღალი რანგის ჩინოვნიკებზე სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული, თუმცა ნოღაიდელის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა. 

 

ჯავახაძის განცხადებით, ექსპრემიერმა 2007 წლის ივნისში კომპანია "რაო ე-ესთან" გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, 2015 წლამდე ელექტროენერგიის ტარიფი არ უნდა გადახედილიყო. მისი თქმით, აქედან გამომდინარე, კომპანია "თელასის" წილზე 2015 წლამდე ელექტროენერგიის ტარიფი არ მცირდება. 

 

"ნოღაიდელის პრემიერობის დროს 430 მილიონად გასაყიდი "ენერგო პრო" 100 მილიონად გაიყიდა. ნოღაიდელმა გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც საქართველოში ჰესი უნდა აშენებულიყო, მაგრამ არ აშენებულა", _ განაცხადა ჯავახაძემ და დასძინა, რომ ზურაბ ნოღაიდელმა სხვადასხვა დანაშაულებებზე პასუხი უნდა აგოს. მისი თქმით, ნოღაიდელმა 7 ნოემბრისა და ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი. 

 

"სააკაშვილსა და ნოღაიდელს შორის პრეტენზიის საგანი, შესაძლოა, პუტინისთვის ხელის ჩამორთმევა გახდა, მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ ნოღაიდელმა ძალიან ბევრ საკითხს მოჰფინოს ნათელი", _ განაცხადა ჯავახაძემ. 

 

"სამართლიანი საქართველოს" თავმჯდომარემ ნოღაიდელის მიერ პარტიის დაბრუნებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ექსპრემიერს ამ საკითხში მხარს არავინ დაუჭერს. 

 

მისი თქმით, ნოღაიდელს გაცილებით მეტი პრობლემა ექნება, ვიდრე პარტიას. ჯავახაძე მიიჩნევს, რომ ნოღაიდელს მარტო თავისი სკამი აინტერესებდა, რადგან შეეძლო ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ხმა ამოეღო.

 

"პარტიის წართმევა თუ პოლიტიკური პროვოკაცია იყო, მაშინ ის ადამიანები, ვინც დღეს ხელისუფლებაში არიან ამაზე რატომ არ აკეთებენ კომენტარს?" _ აცხადებს სერგო ჯავახაძე.

 

ამასთან, ჯავახაძის თქმით, არ ეგულება არც ერთი ადამიანი, რომელიც ნოღაიდელს მხარს დაუჭერს.  

 

4-12-2012, 13:14
უკან დაბრუნება