"თიბისი ბანკი" ქოქოლაძის განცხადებებს სიცრუეს უწოდებს და სთხოვს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება ანზორ ქოქოლაძის წინააღმდეგ "ცრუ დასმენის" მუხლით.
"ივერიონი" ამ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"ბოლო პერიოდში პრესაში რამდენჯერმე გამოქვეყნდა კომპანია "ელიტ ელექტრონიქსის" ყოფილი დამფუძნებლის, ანზორ ქოქოლაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია კომპანია "ელიტ ელექტრონიქსთან" დაკავშირებით. ამავე საკითხზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოქვეყნდა ინტერვიუები, რომლებშიც ვინმე ნიკოლოზ მჟავანაძემ, რომელიც თავს უფლებადამცველს უწოდებს, "თიბისი ბანკი" "ელიტ ელექტრონიქსთან" მიმართებაში უკანონო ქმედებებში დაადანაშაულა. მან ინტერვიუებში მტკიცებით ფორმაში გააჟღერა არასწორი ინფორმაცია და ფაქტები, რა გზითაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. ამგვარი არასწორი ინფორმაციის გავრცელება, თანაც მტკიცებით ფორმაში, ლახავს ბანკის ინტერესებს და ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. ასეთ საუბრებს უკვე სისტემატური ხასიათი მიეცა, რაც ცილისწამებას წარმოადგენს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, გთხოვთ, საფუძვლიანად გადაამოწმოთ ყველა მასალა, რაც უკავშირდება ზემოხსენებულ პირთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ვინაიდან, ამ ინფორმაციის გამავრცელებელ პირთა მტკიცებით, ჩადენილია დანაშაული. საჯარო განცხადებებში მოყვანილი ფაქტების დაუდასტურებლობის შემთხვევაში (რაშიც ჩვენ დარწმუნებულნი ვართ), მოვითხოვთ, გამოძიება დაიწყოს საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე, ვინაიდან ეს საჯარო განცხადებები შეიცავს ცრუ დასმენის დანაშაულის შემადგენლობის ნიშნებს", - ნათქვამია ბანკის მიერ მთავარი პროკურორის სახელზე შეტანილ განცხადებაში.