კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიას მოადგილეების ვაკანტურ თანამდებობაზე 4 კანდიდატურა იყო წარდგენილი: იური მეჩითოვი, ხათუნა ხვედელიძე, ალექსანდრე მარგიშვილი და მარინე მიზანდარი. 3 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ამ ეტაპზე მინისტრს მხოლოდ 2 მოადგილე ეყოლება და იური მეჩითოვი და ხათუნა ხვედელიძე აღნიშნულ თანამდებობაზე აღარ დაინიშნებიან.
ოფიციალური განცხადება, თუ რატომ მიიღო მინისტრმა ასეთი გადაწყვეტილება, არ გაკეთებულა, თუმცა არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები.
კულტურის სამინისტროში კადრების ცვლილებებთან დაკავშირებით, "ივერიონმა" კომენტარი საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ლევან ბერძენიშვილს სთხოვა.
_ გუშინ საღამოს ცნობილი გახდა რომ, კულტურის მინისტრის მოადგილეებად იური მეჩითოვი და ხათუნა ხუნდაძე აღარ დაინიშნებიან. როგორ ფიქრობთ, ეს კადრების არასწორი შერჩევის შედეგი ხომ არ არი? ამასთან, მეჩითოვის განცხადებით, მისი არდანიშვნა გამოწვეულია facebook-ზე მის მიმართ გავრცელებული ინფორმაციით.
_ იური მეჩითოვი იყო წარდგენილი ამ თანამდებობაზე და გუშინ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, აღარ დაინიშნება. ძალიან სამწუხაროა, თუ მისი დანიშვნა კულტურის მინისტრის მოადგილედ, მართალა facebook-ზე გავრცელებული მასალის გამო არ მოხდა. facebook არ უნდა ერეოდეს ადამიანების ცხოვრებაში. მე ვიცი, რომ იური მეჩითოვი არის თავისი დარგის საუკეთესო მცოდნე და კარგი პროფესიონალი, მის მიმართ წაყენებული ბრალდებები არ იყო გულწრფელი. ვფიქრობ, რომ მის მიმართ სხვა პრეტენზიები არსებობდა, რაც არ ეხება კულტურის სამინისტროს და ის საზოგადოების ინტერესის საგანს უფრო წარმოადგენს.
_ უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობთ მის მიმართ არსებულ "სხვა პრეტენზიებში"?
_ მის მიმართ წაყენებულ "სხვა პრეტენზიებში" იგულისხმება ის, რომ ბევრი გააღიზიანა იური მეჩითოვის ეთნიკურმა წარმომავლობამ, იმან, რომ ის არის სომეხი ეროვნების. ამან ძალიან ბევრი ადამიანის უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა ეს ჩემი აზრია და დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი. ჩემთვის ცნობილია, რომ მის მიმართ არაკვალიფიციური დავა მიმდინარეობს საზოგადოების "ფეისბუქური" მიმდევრების მხრიდან. მართალია, ეს ძალიან არასასიამოვნო პროცესი იყო, მაგრამ ამას არ უნდა მოეხდინა გავლენა მის დანიშვნა-არდანიშვნაზე და არ უნდა გადაეწონა მისი პროფესიონალიზმი.
_ საზოგადოებაში არსებობს უკამყოფილება, რომ ახალ თანამდებობაზე ყოფილი ხელისუფლების ძველი კადრები ინიშნებიან, ის კადრები, რომელთა წინააღმდეგაც გამოდიოდა ხალხი.
_ ამის შესახებ ინფორმირებული არ ვარ, მაგრამ თუ კონკრეტულ შემთხვევებს გვეტყვით, პირობას გაძლევთ, რომ გამოვიძიებთ. საერთოდ, ტერმინი "ახალი ხელისუფლფლების კადრი" ან "ძველი ხელისუფლების კადრი" არასწორია. ყველა ადამიანია, ზოგი იმ ხელისუფლებაში მოხვდა თანამდებობაზე და ზოგი ამ ხელისუფლებაში, მთავარია კვალიფიციური და პროფესიონალი იყოს. არ უნდა ხდებოდეს მნიშვნელობის მინიჭება იმისთვის, თუ ვინ რომელ ხელისუფლებაში იყო. მთავარია, ის იყოს თანამდებობისთვის შესაფერისი განათლებით, გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით.
ესაუბრა ირმა ჭარაქაშვილი