5 დეკემბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში 17 და 19 წლამდე ნაკრებთა ელიტრაუნდის კენჭისყრა გაიმართება. ამ მოვლენას დიდი ინტერესით ელოდება ქართული საფეხბურთო სამყარო და გულშემატკივარი, ვინაიდან, გასული სეზონის მსგავსად, ჩვენი ქვეყანა ელიტრაუნდში ამჯერადაც ორივე ასაკობრივი ნაკრებითაა წარმოდგენილი.
ამ ინფორმაციას საქარღველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
გასულ სეზონში მიღწეული წარმატებები ყველას კარგად მოგეხსენებათ. საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა (1995 წელს დაბადებულები) ორივე შესარჩევი ეტაპი დიდი წარმატებით დაძლია, ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა და ოთხ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. მიღწეულმა შედეგმა, ქართველი გულშემატკივრები იმედებით აავსო და წლეულსაც, ყველა მოუთმენლად ელის ჩვენი ახალგაზრდების ასპარეზობას ევროსარბიელზე.
დღეს, გამთენიას, შვეიცარიაში გაემგზავრნენ სფფ-ის პრეზიდენტი – ზვიად სიჭინავა, გენერალური მდივანი – რევაზ არველაძე და სფფ-ის ტექნიკური დირექტორი – ნიკოლოზ ჩხეიძე. სფფ-ის ხელმძღვანელები 5 დეკემბრის კენჭისყრას უშუალოდ დაესწრებიან და კიდევ არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავენ უეფას მაღალჩინოსნებთან. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დიდი სურვილი აქვს, მომავალი წლის გაზაფხულზე გასამართი ელიტრაუნდიდან ერთ-ერთის მასპინძელი კვლავ თბილისი გახდეს. მოგეხსენებათ, გასული წლის მარტში, 17-წლამდელთა ელიტრაუნდის მასპინძელი თბილისი იყო და პატარა “ჯვაროსნებმაც” შედეგითაც გაგვახარეს. როგორც გამგზავრების წინ სფფ-ის პრეზიდენტმა ჩვენს ოფიცილურ ვებ-გვერდთან საუბარში განაცხადა, ძალღონეს არ დაიშურებს, რომ ამჯერად, 19-წლამდელთა ელიტრაუნდის მასპინძლობის უფლება მოვიპოვოთ.
“უეფაში დიდი იმედებით მივემგზავრებით. უპირველესად, უფრო წელგამართულები ჩავალთ, რადგან ყველა მიმდინარე თუ დაგეგმილ სერიოზულ პროექტებთან მიმართებაში, ჩვენმა მთავრობამ უეფას მყარი გარანტიები მისცა. ამასთან, დიდი სურვილი გვაქვს, ჩვენს გულშემატკივარს კარგი საჩუქარი გავუკეთოთ იმით, რომ ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში პირველად, თბილისმა 19-წლამდელთა ელიტრაუნდს უმასპინძლოს. სერიოზული მოლაპარაკებები გვექნება ფუტსალის ოთხთა ფინალის მასპინძლობასთან დაკავშირებითაც. ყველა აქამდე ჩატარებული ღონისძიების ორგანიზებაში საკმაოდ მაღალი შეფასებები დავიმსახურეთ და იმედია, უეფა ამჯერადაც გამოგვიცხადებს ნდობას. ასე რომ, იმედია თბილისში სასურველი “საჩუქრებით” დავბრუნდებით”, – აღნიშნა ზვიად სიჭინავამ.
რაც შეეხება უშუალოდ კენჭისყრას, პროცედურა ნიონში, თბილისის დროით 14:00 საათიდან დაიწყება.
თავდაპირველად, კენჭს 17-წლამდელებს უყრიან. გიორგი დევდარიანის გუნდი C კალათაშია ისრაელის, იტალიის, ბულგარეთის, პორტუგალიის, ესპანეთისა და ფინეთის ნაკრებებთან ერთად. A კალათაში მოხვდნენ – გერმანია, სერბეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, ხორვატია, ინგლისი, ნორვეგია. B კალათა – უკრაინა, შვეიცარია, შვედეთი, ირლანდია, ჰოლანდია, სლოვენია, ბელგია; D კალათა – რუსეთი პოლონეთი, ბელორუსი, ავსტრია, ჩრდ.ირლანდია, საფრანგეთი, ესტონეთი. შეგახსენებთ, რომ ამ ასაკში, მოქმედი ჩემპიონი ჰოლანდიაა, რომელთანაც საქართველოს ნაკრები მაისში, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში დამარცხდა.
19-წლამდელთა ნაკრებები კი, კალათებში ასე გადანაწილდნენ:
A კალათა – ესპანეთი, სერბეთი, თურქეთი, ავსტრია, ჰოლანდია, შოტლანდია, დანია; B კალათა – გერმანია, ინგლისი, ხორვატია, უკრაინა, საფრანგეთი, პორტუგალია, ირლანდია; C კალათა – ჩეხეთი, რუსეთი, ნორვეგია, პოლონეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, სლოვაკეთი, ბელგია; D კალათა – ბულგარეთი, შვეიცარია, იტალია, საბერძნეთი, შვედეთი, საქართველო, კვიპროსი. ამ ასაკის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრებია.
6 დეკემბერს, უეფას შტაბ-ბინაში ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც არაერთი საინტერესო საკითხი განიხილება. მათ შორის, ჩვენთვის მნიშვნელოვანი თემებიც.