ივერიონი / "თუ მარგველაშვილი ფუნდამენტურ საკითხებზე არ ისაუბრებს, ყოველთვის გაუგებრობაში იქნება!"

"თუ მარგველაშვილი ფუნდამენტურ საკითხებზე არ ისაუბრებს, ყოველთვის გაუგებრობაში იქნება!"

„ივერიონს“  განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრება ცნობილი ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე.


_ბატონო დემურ, საინტერესოა თქვენი, როგორც ექსპერტის აზრი, თუ რამდენად ითვალისწინებს დღევანდელი ხელისუფლება განათლების სფეროში თემატური ჯგუფის მიერ შემუშავებულ რეფორმებს?


_ზუსტად არ შემიძლია იმის თქმა,  რას ითვალისწინებს და რას არა ახალი ხელისუფლება.  სამინისტროს ხედვები ჩემთვის პრაქტიკულად უცნობია. ვფიქრობ, რომ მხოლოდ იმ საზღვრებში მოქმედება, რა საზღვრებშიც ეს რეფორმა გაკეთდა, იყო აბსოლუტურად მცდარი და ამოვარდნილი ქვეყნის რეალური მდგომარეობიდან. დასავლეთში  დანერგილია და მოქმედებს განათლების ე.წ. სისტემა - ლიბერალ არტ ედუქეიშნ, რომელიც გულისხმობს ყველაფრის ცოდნას უნარ-ჩვევების დონეზე და ყველაფერ ფუნდამენტალურს გამორიცხავს. ჩვენ პრინციპულად სხვა განათლებაზე ვსაუბრობთ და მას სპეციალური სახელი, ვარიაციული განათლება ჰქვია. ის ფუნდამენტალური და ჰუმანიტარული განათლების შერწყმას გულისხმობს. ბუნებრივია ისმის კითხვა:  რატომ ვარიაციული განათლება? ჩვენ ძალიან ცვალებად სამყაროში ვცხოვრობთ, ამიტომ ახალგაზრდებს ძალიან ღრმა, ფუნდამენტალური განათლება უნდა ჰქონდეთ, რომ  მათ ასეთ ცვალებად სამყაროში სწორი ტრაექტორიის აგება შეძლონ. ვარიაციული განათლების ფორმულა ცნობილია - წავალ იქით, არ ვიცი საით, ავიღებ იმას, არ ვიცი რას. ჩვენ სწორედ ასეთი განათლება გვჭირდება. დღეს ვინც იმაზე საუბრობს, უნდა იყოს თუ არა სწავლა ფასიანი, მას განათლებაზე წარმოდგენა არ აქვს. ვთვლი, რომ ეს მხოლოდ ტექნიკური მხარეებია და მას არსებით მნიშვნელობა არ გააჩნია. განათლებაში მთავარია, თუ რა ისწავლება, ვინ ასწავლის და რატომ. სანამ ამ სამ ფუნდამენტალურ კითხვაზე მინისტრი არ ისაუბრებს, ის ყოველთვის დიდ გაუგებრობაში იქნება. ვთვლი, რომ  ქვეყნის მომავალი ინოვაციური განათლების გარეშე ძალიან ბუნდოვანია.


_მკითხველისთვის საინტერესოა ისიც, განათლების  სისტემის შემუშავებისას, თუ რომელი ქვეყნის მოდელით იხელმძღვანელეთ?


_ეს მოდელი დღევანდელი გლობალური გამოწვევებიდან გამომდინარე შევიმუშავეთ. მსოფლიოს განვითარებას ფეხი უნდა ავუწყოთ. სხვა შემთხვევაში ჩვენ არ შეგვეძლება უკვე თანამედროვე მეცნიერებაში დაწერილი წიგნების წაკითხვა.  ქართველმა სტუდენტებმა განათლების მიღების თვალსაზრისით სერიოზული დანაკლისი განიცადეს. ამასთან საეჭვოდ მეჩვენება დღევანდელმა უნივერსიტეტებმა რაიმე კრიტიკას გაუძლონ. ამ კუთხით განსაკუთრებით დაბალი დონე საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ჰუმანიტარულ სფეროებში შეინიშნება. განათლება ქართველი ხალხის ინტელექტის ზრდას უკავშირდება. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ახალი იდეების გენერირება. დღეს შრომა უკვე ფაქტობრივად შემოქმედება გახდა.


თემატურ ჯგუფს საკმაოდ ძლიერი სპეციალისტი  ზაზა ფირალიშვილი ხელმძღვანელობდა.  ასევე იქ მუშაობდნენ კომპეტენტური და პროგრესული შეხედულებების მქონე ადამიანები. მაგრამ საკმაოდ უცნაური სიტუაცია იქმნება, როდესაც პროგრესული შეხედულებების რეალიზაცია ქვეყანაში უზარმაზარ წინააღმდეგობებს აწყდება. უნდა ჩავთვალოთ, რომ ახალი მთავრობა ჯერ ერთი თვეა, რაც მუშაობს და ნელ-ნელა გახსნის კარებს იმისთვის, რომ ნიჭიერმა, თავისი ქვეყნის პატრიოტმა ადამიანებმა ღია დიალოგის ხარჯზე მიიღონ გადაწყვეტილებები. ჩვენ ან ვართ შედეგებზე ორიენტირებული, ანდა ვიქნებით ისევ „გაკვეხებული“ იმ საშინელ ბიუროკრატიულ უაზრო სისტემაში, რომელსაც უკვე კარგა ხანია ვიტანთ!


_რატომ იბლოკება თქვენ მიერ წამოყენებული ინიციატივები. არ გისმენთ დღევანდელი ხელისუფლება?


_მე არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. შესანიშნავად გვისმენენ და იციან კიდევაც ჩვენს ინიციატივებზე. თუ შეგიძლია იყო თანამედროვე აზროვნების დონეზე, მაშინ შეძლებ აკეთო ეს  საქმე. ეს არის ახირება. ეს არის რეალობა, რომლის წინაშეც მთელი სამყარო დგას. შენ ან გესმის ეს პრობლემები და ხარ „გამქაჩავი“, ან ხარ შემთხვევითი ადამიანი ამ პოსტზე. აქედან გამომდინარე უნდა დაბლოკო ყველა ის აზრი, რადგან ეს შენი აზროვნებისთვის მიუწვდომელია. ამიტომ შენ გირჩევნია კომფორტულ გარემოში, ბიძაშვილ-მეგობრების გარემოცვაში და ჩამოყალიბებული სტერეოტიპების ფარგლებში იაზროვნო. და როდესაც სამსახურიდან „დაგაპანჩურებენ“ ჩვენ რას მივიღებთ ამით? უბრალოდ დროს დავკარგავთ. საქართველოში, საბედნიეროდ, საკმაოდ ჭკვიანი ხალხია შემორჩენილი და ისინი დღემდე მუშაობენ და მუდმივად აშალაშინებენ შეხედულებებს  და ელიან შესაძლებლობებს მათი რეალიზაციისთვის.


_რამდენად შესაძლებელია თემატური ჯგუფის მიერ შემუშავებული საკითხები გაითვალისწინოს დღევანდელმა ხელისუფლებამ?


_მე არა მარტო შესაძლებლად მიმჩნია, ეს აუცილებელიც კია. ის, რაც თემატურმა ჯგუფებმა გააკეთეს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ განხილვის გარეშე მიიღოს ვინმემ. ყველა საკითხი შეჯერდება და გაიცხრილება. არ აქვს მნიშვნელობა, ვისი გაკეთებული იქნება, ჩვენი თუ სხვისი. ქვეყანას სჭირდება შედეგი და არა ის, რომ ჩვენ კონკრეტული ჯგუფის სიამოვნებაზე ვიფიქროთ.

_ექსპერტ კახა კახაშვილის განცხადებით, პრობლემებია კადრების შერჩევასთან  დაკავშირებითაც. ეთანხმებით თუ არა მის მოსაზრებას?

_მეც ვეთანხმები კახის ამ საკითხში და ამის შესახებ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზეც დავწერე.

_როგორ ფიქრობთ, თუ კადრი არასწორად შეირჩა, მაშინ ხომ ქვეყანაც არასწორად განვითარდება?

_არა ქვეყანა სწორად განვითარდება, უბრალოდ, არასწორი კადრები არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ეს ყველაფერი კი მცირე დროის პრობლემაა.

_წინასაარჩევნო პერიოდში ახლანდელი ფინანსთა მინისტრი ნოდარ  ხადური საუბრობდა იმის შესახებ, რომ მცირე მეწარმეებისთვის ფიქსირებული გადასახადები დაწესებულიყო. რაც არ განხორციელდა. მინისტრის განცხადებით, მუშაობა მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით, თუ როგორ უნდა განისაზღვროს გადასახადების გადახდა. როგორც კოალიცია „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ აცხადებდა, „ჩვენ გვაქვს შემუშავებული სტრატეგია, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა კრიზისიდან“,  რაზედაც „ქართულ ოცნებაში“ არსებული თემატური ჯგუფი მუშაობს. აღმოჩნდა, რომ არჩევნების დასრულების შემდგომ ბევრი რამ გათვლილი არ იყო.  რამდენად სწორია ეს მოსაზრება, მუშაობდა თუ არა თემატური ჯგუფი და არსებობს თუ არა სტრატეგია.

_გადასახადებზე ვერ ისაუბრებ იზოლირებულად, თუ მთლიანად ეკონომიკური პოლიტიკა არ გაქვს განსაზღვრული. თავის მხრივ,  ვერც ეკონომიკაზე ისაუბრებ,  თუ სოციალური პოლიტიკა არ გაქვს განსაზღვრული. საკუთრივ იზოლირებულად გადასახადები არაფერს არ წარმოადგენს. გადასახადები დიდი იქნება თუ პატარა, ეს არ განსაზღვრავს ყველაფერს. ამას განსაზღვრავს ის ინსტიტუციონალური გარემო, რომელიც ქვეყანაში გვაქვს და ის მხარდაჭერა, რომელიც თავისუფალ მეწარმეებს აქვთ სახელმწიფოში. გადასახადი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ არა მთავარი საკითხი. ამ კითხვაზე სჯობს ფანანსთა მინისტრს გაესაუბროთ.

ესაუბრა  ვალერი  ვახანია

4-12-2012, 19:17
უკან დაბრუნება