ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახი კალაძე პოეტ დავით მაღრაძის განცხადებებს გადაცემიდან “შალვა რამიშვილის დილა” გამოეხმაურა. კალაძემ მაღრაძის პოზიციას „რეალობას აცდენილი“ უწოდა.
შეგახსენებთ, რომ პოეტმა დავით მაღრაძემ კრიტიკული შენიშვნები გამოთქვა კახი კალაძის მისამართით და განაცხადა, რომ ენერგეტიკის მინისტრი „ნაციონალებთანაა“ შეკრული, გამომდინარე იქიდან, რომ სულ მათ გარემოცვაშია. ასევე მაღრაძე ამბობს, რომ კალაძეს არა აქვს სათანადო გამოცდილება კადრების შერჩევასთან დაკავშირებით.
საყურადღებოა, რომ გია ქავთარაძე და გიორგი გოდაბრელიძე, რომლებთან ერთად მუშაობასაც კახი კალაძე აპირებდა, „ნაციონალური მოძრაობიდან“ არიან - ქავთარაძე იყო მინისტრი, მაშინ როცა ციხის ბუნტი მოხდა და ეს კაცი მოდიოდა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ.
„მე ვთქვი, რომ თუ დადგებოდა დღის წესრიგში გამოძიება ციხის ბუნტთან დაკავშირებით და თუ იქნებოდა რაიმე კითხვები ბატონ ქავთარაძესთან, ის მზად იყო, ყველა კითხვისთვის გაეცა პასუხი. ეს იყო ჩემი განცხადება, რაც მე ბატონ გიას წასვლასთან დაკავშირებით გავაკეთე“, - განმარტავს კალაძე.
რაც შეეხება კადრების არასწორად შერჩევის ბრალდებას, კალაძე აცხადებს, რომ ეს პროფესიონალიზმიდან გამომდინარე უნდა მოხდეს. გოდაბრელიძესთან დაკავშირებით კი, მინისტრი აცხადებს, რომ მასთან კავშირი არასდროს ჰქონია.