ივერიონი / რატომ არ უუქმებენ „საქართველოს“ ავტორიზაციას?

რატომ არ უუქმებენ „საქართველოს“ ავტორიზაციას?

ტელეკომპანია „საქართველომ“  კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ავტორიზაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართა.


ამ ინფორმაციას media.ge ავრცელებს.


ტელეკომპანიის მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე,  კომისიამ 4 დეკემბერს გამართულ სხდომაზე  შესაბამისობის  დეკლარაციის წარმოუდგენლობის გამო „საქართველოს“ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.


კანონის თანახმად, ავტორიზაცია იქამდე ვერ გაუქმდება, სანამ დარღვევები არ აღმოიფხვრება. ავტორიზაციის გავლა კომპანიას უფლებას ანიჭებს სამაუწყებლო ბადე საკაბელო ქსელების მეშვეობით გაავრცელოს.


ბოლო პერიოდში „საქართველოს“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა - ის ჯერ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელებმა ლევან და გია ყარამანიშვილებმა იყიდეს, შემდეგ დირექტორად დავით მაღლაკელიძე დაინიშნა, მოგვიანებით ყარამანიშვილებმა წილები გაცვალეს და დღეს გიორგი 40 პროცენტს, ლევანი კი 60 პროცენტს ფლობს.


ამ ინფორმაციის შემცველი შესაბამისობის დეკლარაცია “საქართველოს“ არც კომისიაში წარმოუდგენია და არც საკუთარ ვებ-გვერდზე გამოუქვეყნებია, რასაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი ავალდებულებდა.


ტელეკომპანია „საქართველო“ სიხშირულ ლიცენზიასაც ფლობდა, რომელიც ჟურნალ „ტაბულას“ მფლობელებმა 12 ოქტომბერს იყიდეს. მოგვიანებით კი „საქართველო“ „რუსთავი 2“-ს შეუერთდა. კანონდარღვევის მიზეზად ეს ფაქტი დაასახელა „საქართველოს“ წარმომადგენელმა ლადო ამანათიძემ.


ამ ეტაპზე, არხზე მიმდინარეობს რეორგანიზაცია. ვებ-გვერდიც გაითიშა და აღარ ფუნქციონირებს.


კომისიამ „საქართველო“ გააფრთხილა და შესაბამისობის დეკლარაციის წარმოდგენა, საიტის ჩართვა დაავალა. ამ დარღვევის აღმოფხვრის შემდეგ, კომისია მისი ავტორიზაციის გაუქმების საკითხსაც განიხილავს.

5-12-2012, 11:54
უკან დაბრუნება